ნატალია ჯვარიძე
11.09.2026

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინა. გამოძიების ცნობით, დაბადების დღეზე სადღეგრძელოს გამო დაწყებული დაპირისპირება დანით სასიკვდილო ჭრილობების მიყენებით დასრულდა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია,

შემთხვევა 2026 წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სამწვადეში მოხდა, სადაც არასრულწლოვნები მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ. სუფრასთან დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, ბრალდებულმა 17 წლის დავით ნარიმანიძე შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

  • სისხლისგან დაცლილი დავით ნარიმანიძე მომხდარიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას პოლიციამ იპოვა.

ირკვევა, რომ არასრულწლოვნების ჯგუფი დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა სადღეგრძელოს თქმის დროს, ფეხზე არ წამოდგომის გამო დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მედიაში ადგილობრივებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ დაჭრილი მოზარდი ინციდენტის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას, სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ადგილზე მივიდოდა. ადგილზე დაახლოებით ათამდე პირი იმყოფებოდა.

ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებული, ასევე არასრულწლოვანი ბიჭი ადგილიდან მიიმალა. სისხლისგან დაცლილი დავით ნარიმანიძე კი მომხდარიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას პოლიციამ იპოვა.

პროკურატურამ არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს: „ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ", - დაწერა სოციალურ ქსელში ეკა მხატვირშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×