
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები იგეგმება. ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას მიერ დამტკიცებულ სწავლებაში ჩაერთვება არტილერია, ავიაცია, ჯავშანტექნიკა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ადგილობრივი მედია პროცესს გეგმურ, თავდაცვით ვარჯიშად წარმოაჩენს, ხოლო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, მანევრები შესაძლოა უკრაინული დრონებისგან თავდაცვას უკავშირდებოდეს.
12-16 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნების გეგმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაამტკიცა. საორგანიზაციო საკითხები გუნბამ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ბესლან ცვიჟბასთან და გენშტაბის უფროს ვლადიმირ სავჩენკოსთან განიხილა.
- ვახტანგ მაისაია: „გააჩნია რა სახის წვრთვნები ტარდება - თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წვრთნებია, მაშინ ეს, რა თქმა ეს ბუნებრივად უკავშირდება უკრაინის ომს - კერძოდ, უკრაინული დრონებისგან თავდაცვასა და მოსახლეობის დამშვიდებას"
„მასშტაბურ წვრთნებში" მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები და რეზერვისტები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
მანევრებში ჩართული იქნება არტილერია, ჯავშანტექნიკა და ავიაცია; დაგეგმილია „საბრძოლო მოქმედებების დროს სამხედრო დაჯგუფებების მართვისა და ჯარების გამოყენების სხვადასხვა მეთოდის დამუშავება".
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებას", - იუწყება პრესსამსახური.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები 2025 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა.
ადგილობრივ აფხაზურ მედიაში ეს ღონისძიება წარმოჩენილია, როგორც რუტინული, რადგან ეს მოსახლეობაში პანიკას გამოიწვევდა. მას აშუქებენ, როგორც „გეგმურ, თუმცა აუცილებელ თავდაცვით ვარჯიშს", რომლის მთავარი მიზანიც შიდა აუდიტორიის დამშვიდება და რუსეთთან სამხედრო ალიანსის სიმტკიცის ხაზგასმაა.
სამხედრო-ანალიტიკურ თუ ლოკალურ „ტელეგრამ-ჩატში" მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „როგორც იქნა, აქცენტი კეთდება უპილოტო აპარატებსა და რადიოელექტრონულ ბრძოლაზე". იგრძნობა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს აინტერესებთ, რამდენად რეალურად ფლობს ადგილობრივი არმია ამ ტექნოლოგიებს.
რუსული სააგენტოები, მათ შორის ტასსი ხაზს უსვამენ, რომ წვრთნები ტარდება „ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში" და მიზნად ისახავს რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანებული დაჯგუფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შესაძლოა ეს წვრთვნები უკრაინის ომს უკავშირდებოდეს, თუმცა გააჩნია რა სახისაა.
„ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკური წვრთვნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში სულ ტარდება. ამას ასე პირდაპირი კავშირი უკრაინის ომთან არა აქვს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შესაძლებელია მაინც იყოს კავშირში, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად მოსალოდნელია.
გააჩნია რა სახის წვრთვნები ტარდება - თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წვრთნებია, მაშინ ეს, რა თქმა ეს ბუნებრივად უკავშირდება უკრაინის ომს - კერძოდ, უკრაინული დრონებისგან თავდაცვასა და მოსახლეობის დამშვიდებას. კი ბატონო",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეონანსთან".