
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმის გარშემო მედიაში გავრცელებულ ბრალდებებსა და გამოკითხვებს ეხმაურება. პაპუაშვილის შეფასებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია და გარდაცვლილი ადამიანის სახელის გამოყენება აჩვენებს მედიის მორალურ სახეს, სადაც აბსოლუტური ბოდვა საკუთარი პროპაგანდის იარაღადაა ქცეული.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც კი საქმეზე გამოძიება დაიწყო და კითხვები დაისვა, თავად გამოკითხულებმა - პოლიტიკოსებმა თუ ჟურნალისტებმა - აღიარეს, რომ ხელთ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და რეალურად „მხოლოდ ჭორაობდნენ“.
„არ მინდა, რომ დავაკავშირო ერთმანეთთან და კიდევ ერთხელ გამოვყო ცალკე სამართლებრივი საკითხი, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი პასუხები და აქ ჩემი დამოკიდებულებაც და კომენტარიც ეს არის. რაც შეეხება „ასავალ-დასავალს“, რომელმაც ერთ-ერთ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადამიანს, რომელმაც ვთქვათ თავი მოიკლა... აჩვენებს ამ მედიის მორალურ სახეს საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანის ბოდვა აქციეს საკუთარი პროპაგანდის იარაღად.
ვუსმენდი „ასავალ-დასავალის“ რედაქტორს, რომ არანაირი მტკიცებულება არ მინახავს, არაფერი, არც ფურცელი, არც სიტყვა, არც დოკუმენტი, არაფერი არ მინახავსო და გამოდიან და იმ გარდაცვლილი ადამიანის სახელით, კვლავ ბრალს უყენებენ ადამიანებს თუ ხელისუფლებას - ისე, რომ არაფერი არ აქვთ.
გამოკითხვებმა ყველაზე კარგად დაგვანახა სამწუხაროდ, თუ რა უნარი აქვს მედიას, რომ შეუძლია აბსოლუტური ბოდვა ისე წარმოაჩინოს და საზოგადოება აალაპარაკოს და ვიღაცა შეიძლება დააჯეროს, რომ თავადაც ცინიკურად ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არის ბოდვა და ამიტომაც საქმე საქმეზე როგორც მიდგა, როგორც კი სერიოზულად დაისვა კითხვები, გამოძიება ტარდება და ეკითხებიან, რომ აბა რა გაქვთ ხელში, არაფერი არა აქვთ და თავადვე ამბობენ, რომ არიან ჭორიკნები.
ყველა იმ ადამიანმა, ვინც მივიდა და ჩვენება მისცა, პოლიტიკოსმა თუ ჟურნალისტმა, ყველამ თქვა, რომ ვართ ჭორიკნები და ვჭორაობდით ჩვენთვისო.ამ ჭორაობაზე უნდა ხალხი ანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები და ა.შ. ამიტომ, ეს არის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ ვიცოდეთ, რომ მედია არის ძალიან სასტიკი იარაღი, რომლითაც შეიძლება ადამიანებს აბსოლუტური ბოდვა წარუდგინონ, როგორც ჭეშმარიტება და ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია ამ ყველაფრის“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.