
როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AfD-ის აკრძალვა, ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?! - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაიწელა ასე საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის ვადა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვადები აქვს.
„ჯერ კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა. ჩვენი მოლოდინი არის და კანონიც ითვალისწინებს, რომ ვადებში უნდა იყოს ეს ყველაფერი განხილული. ველით, რომ სასამართლომ ჩანიშნოს შესაბამისი პროცესები ამ ვადებში. რაც შეეხება შინაარს, ვფიქრობთ, რომ ძალიან დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და ის პარტიები, რომლებიც აღწერილი გვაქვს ამ სარჩელში, ანტიკონსტიტუციურები არიან. ამისთვის ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ საკონსტიტუციო სასამართლო დავარწმუნოთ ამ არგუმენტებში. ბევრი სხვა სარჩელისგან განსხვავებით, არის კონკრეტული ვადები და მოლოდინი გვაქვს, რომ ჩაეტევა სასამართლო. რაც შეეხება შინაარსს, რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, რომ ეს პარტიები კონსტიტუციურია?! როდესაც გვესმის მსჯელობა მაგალითად გერმანიაში, რომ უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ აკრძალონ AfD-ი, პარტია, რომელმაც ახლახან გაიმარჯვა ერთ-ერთ მიწაზე და დღეს გერმანიაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ეს პარტია არც ხელისუფლებაში ყოფილა და არც არაფერი ჩაუდენია. მხოლოდ იმის გამო, რომ შეიძლება რაღაც დააშავონ და ვიღაც-ვიღაცების განცხადებები არ მოგვწონს, ამის გამო უნდათ მიმართონ სასამართლოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არავის საქმე არ არის საქართველოს სუბიექტი რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამას ჰქვია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„ჩვენს შემთხვევაში საუბარი გვაქვს პარტიებზე, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, წამების სისტემა შექმნეს, ტერიტორიები დატოვეს უბრძოლველად, ბიზნესის რეკეტის სისტემა შექმნეს და აქვთ მთელი კატალოგი დანაშაულების, რომლებიც უკვე ჩადენილი აქვთ. ჩვენი სარჩელი განსხვავებულია გერმანიისგან, მოლდოვისა უკრაინისგან, სადაც 20 პარტია გააუქმეს. როდესაც ბრიუსელიდან კრიტიკოსების ხმები გვესმის - პარტიის გაუქმება როგორ შეიძლებაო, ძალიან კარგადაც შეიძლება თუ ანტიკონსტიტუციურია. ამ სარჩელის უკან დგას არა მხოლოდ საპარლამენტო წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი. არავის საქმე არ არის საქართველოს სუბიექტი რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამას ჰქვია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AfD-ის აკრძალვა, ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვინც ამას შეიხებს, ამით დაარღვევს არა მხოლოდ ჩვენი, როგორც კანდიდატი ქვეყნის უფლებებს, თუ ეს [ქვეყანა] ევროკავშირის წევრია, დაარღვევს ევროკავშირის წესდებასაც, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტის გარანტია. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.