ნატალია ჯვარიძე
10.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურის მტკიცებით, მოპოვებული მიმოწერა და ფარული ჩანაწერები ნია იმნაძის მხრიდან დანაშაულის წაქეზებას ადასტურებს, ხოლო დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და საქმეში რაიმე მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს. დაკავებული მოზარდი პატიმრობაში რჩება.

ხუთშაბათს ნია იმნაძისა და კიდევ ერთი დაკავებული არასრულწლოვანის, ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს საქმეზე არსებული მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) ძალაში დატოვება-შეცვლის საკითხზე.

სხდომის შემდეგ პროკურორმა ქეთევან სონიძემ განცხადა, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელმაც ჩადენილ დანაშაულში ნია იმნაძის ბრალეულობა დაადასტურა.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებების ნაწილში საუბარია როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე მობილურ ტელეფონში შემავალ-გამავალ ზარებზე და ბრალდებულთა შორის მიმოწერაზე. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივს.

  • ნია იმნაძის ადვოკატი: „[იმნაძის] წინააღმდეგ ჩვენებაც არ არსებობს, არაფერი არ არსებობს. მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული და თუ ასეთი ფორმით პასუხისგებაში ადამიანის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ის გაწირულია, რა თქმა უნდა - ის გაწირულია"

„ალექსანდრე გაბაშვილის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი წინადადება, რა დროსაც გაბაშვილი თავის მეგობარს და კლასელს, ანი ნასყიდაშვილს ეუბნება - „ორი კვირაა მეუბნება, რომ მასწავლებელი მავიწროებს, მაწუხებსო და რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე არაფერს ვმოქმედებო". ამ წინადადებას სწორედ ის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რომ ნია იმნაძე იმიტომ აწვდიდა გიგა ავალიანის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ალექსანდრე გაბაშვილს, რომ გაბაშვილი შემდგომ ფიზიკურად გასწორებოდა და შური ეძია მასზე და ეს ალექსანდრე გაბაშვილის თავმოყვარეობაზე მოქმედებდა. სწორედ ამ მიმოწერით დასტურდება ის, რომ ალექსანდრე გაბაშვილი თავს ვალდებულად თვლიდა, ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გაეკეთებინა ის, რაც ნია იმნაძეს სურდა. ალექსანდრე გაბაშვილი წერს მეგობარს, „ორი კვირაა მეუბნებაო". ანუ [ნია იმნაძე, მის შეყვარებულ ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ ასე ხდებოდა და მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული. ის იყო თავმოყვარე ბიჭი და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ისმ რომ ნია იმნაძე კმაყოფილი იყო უკვე ჩადენილი ქმედებით, თავის ემოციურ დამოკიდებულებას ავლენს მამამისთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ჩატარებულ საუბრებში", - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

პროკურორის თქმით, ნია იმნაძემაც და ანასტასია ბერუაშვილმაც იცოდნენ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე დაჯგუფების წევრები იყვნენ. პროკურორის თქმით, ეს მტკიცებულებებით დასტურდება.

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონას - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. ისინი წინა დღით, 5 აგვისტოს, დააკავეს. გამოძიება ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ნია იმნაძის ადვოკატმა - გიორგი ლეკიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.

„მტკიცებულებებში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მინაწერს ირიბს თუ პირდაპირს, რაც მაგალითად იქნებოდა დაკავშირებული - ჩაარტყი, მოკალი, ან მითითებას მისცემდა, ან დაიყოლიებდა ამ კონკრეტული ქმედებისკენ - ზუსტად ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე ვერ პასუხობს ვერცერთ კონტექსტში.

ნათლად დგინდება, თუ რა იყო ნია იმნაძის გასაჭირი - ნია იმნაძემ რა უთხრა და როგორ უთხრა, ამასთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. უსაფუძვლოდ არის დაკავებული ნია იმნაძე. არაფერი მტკიცებულება არ არსებობს. ნია იმნაძის წინააღმდეგ ჩვენებაც არ არსებობს, არაფერი არ არსებობს ნია იმნაძის მიმართ. მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული და თუ ასეთი ფორმით პასუხისგებაში ადამიანის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ის გაწირულია, რა თქმა უნდა - ის გაწირულია."

წინაისტორია

2025 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით 22 საათსა 20 წუთზე, 28 წლის მასწავლებელს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოულოდნელად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო ავალიანი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის 23 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება, რაც გიგა ავალიანსა და არასრულწლოვან ნია იმნაძეს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო; ამ ინციდენტის შემდეგ იმნაძემ შურისძიების მიზნით თავის ნაცნობებს მიმართა და მასწავლებლის დასჯა სთხოვა. სწორედ ამის საფუძველზე დაიგეგმა თავდასხმა, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

პოლიციამ თავდაპირველად უშუალო თავდამსხმელები დააკავა, ხოლო ორი გოგონას დაკავება მოგვიანებით მოხდა, მას შემდეგ, რაც გამოძიების პროცესში დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა. ამ გადაწყვეტილებას მკვეთრად უპირისპირდება იმნაძის ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მხარეს არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რაში გამოიხატა მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონკრეტული ქმედება, და აცხადებს, რომ ის მტკიცებულებების გარეშე, სრულიად უსაფუძვლოდ არის პასუხისგებაში მიცემული.

ნია იმნაძის დაკავება

იმნაძის დაკავების პროცესი და მასთან დაკავშირებული მოვლენები საკმაოდ დრამატულად და ხმაურიანად წარიმართა. საპოლიციო განყოფილებაში გადაყვანისას არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ნერვიულობისა და სტრესის ნიადაგზე მას ძლიერი შოკური მდგომარეობა განუვითარდა, რის გამოც პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა. ადვოკატმმა გაავრცელა კლინიკაში გადაღებული კადრები, სადაც ჩანდა დაკავებული არასრულწლოვნის მძიმე ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×