თამთა ჩაჩანიძე
10.09.2026

ოპოზიციური გაერთიანებების იდეა კვლავ ბრუნდება - ინიციატივა ოპოზიციაში ერთობის ახალი ფორმულის ძიებას უკავშირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წინა გაერთიანებებმა ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობა ვერ უზრუნველყო და ოპოზიციური ძალები კვლავ ცალ-ცალკე აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. მეტიც, ასეთი მცდელობების მერე ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირება არა თუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდა - ლიდერები ერთმანეთის საჯარო კრიტიკასა და ლანძღვაზეც გადავიდნენ, რაც განსაკუთრებით ბოლო ალიანსის მაგალითზე გამოჩნდა.

ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ოპოზიციონერების საჯარო უთანხმოება იმის გამოძახილია, რომ ყველას სურს ლიდერობა და ერთმანეთის კონკურენტებად გვევლინებიან, რაც თავის მხრივ ერთიანობას აზრს უკარგავს. ოპოზიციონერი და „ჯერ საქართველოს" ლიდერი ვიქტორ ყიფიანი კი ამ პროცესს ოპოზიციის „სილამაზის კონკურსს" უწოდებს და მიაჩნია, რომ ეს ამომრჩეველს თავისთავად აბნევს. მას მიაჩნია, რომ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა იმაზე მუშაობა, თუ „ვის ირგვლივ შეიძლება გაერთიანება".

რა არის ოპოზიციისთვის გამოსავალი

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის წინა მცდელობები გაერთიანებაზე სწორედ იმიტომ ჩაიშალა, რომ ყველას ლიდერობა სურდა, ეს კი ერთობას აზრს უკარგავს. მისი თქმით, ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია ხალხთან მუშაობა, თუ რას ითხოვს საზოგადოების უმეტესობა მათგან - გაერთიანებას, თუ ინდივიდუალურ მუშაობას.

„ჩვენ ისევ ვაგრძელებთ იმ მოდელს, რომ თუ ქარიზმატულ ლიდერს ვიშოვით ან გამოჩნდება, ყველაფერი წესრიგში იქნება. მე მგონი, ცოტა მითოლოგიურია ეგ დამოკიდებულება. ჰიტლერიც არ ჰგავდა მიმზიდველ პერსონაჟს გარეგნობითა თუ ვაჟკაცობით, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ფიგურა გახდა ისტორიაში, იმიტომ რომ ზუსტად იპოვა სათქმელი. ​

„ბევრი ლიდერი გაერთიანებაში უკვე ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან. წინასწარ რეცეპტის გამოწერა, თუ როგორ გავერთიანდეთ, არც ეგაა სწორი. თუ ლიდერი მკვეთრია, ის თვითონ აერთიანებს ყველა დანარჩენს. ოპოზიციამ შექმნა თეორია, რომ „ქართული ოცნება" ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის რუსული ორიენტაციის, ხოლო ოპოზიცია იძლევა ევროპულ ორიენტაციას და ამ ფორმულამ არ იმუშავა. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" რუსული ორიენტაციისაა და არც ის მიაჩნია სწორად, რომ დასავლურ ორიენტაციას ოპოზიცია ახორციელებს, რომლის რიგებშიც რუსეთის მოქალაქეები და რუსული რუბლების მიმღებები ბევრნი არიან.

  • რამაზ საყვარელიძე: „ოპოზიციის მხრიდან ჯერ კარგადაა გასარკვევი მოსახლეობის პრობლემა რაშია. ყურადღების მიქცევა და ყურის დაგდებაა საჭირო და ხალხი თვითონ უკარნახებს"

„ოპოზიციის მხრიდან ჯერ კარგადაა გასარკვევი მოსახლეობის პრობლემა რაშია. ყურადღების მიქცევა და ყურის დაგდებაა საჭირო და ხალხი თვითონ უკარნახებს. „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხალხისთვის მიუღებელი იყო ძალადობა, ამან გააჩინა უკმაყოფილების ძლიერი ტალღა, რაზეც მოვიდა მერე „ქართული ოცნება" და მან ამ მოთხოვნილებას უპასუხა.

„ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ რაღაც რაოდენობას უნდა ენმ და მიშა მოვიდეს. მათ თავიანთი მომხრეები ჰყავთ, მაგრამ ეს მთელი საქართველო არაა.

თუ ოპოზიცური პარტიების ერთმანეთთან მუშაობის არსი იმაშია, რომ „ლიდერი შენ კი არა, მე ვიქნებიო", უაზრობაა, ბავშვების თამაშს ჰგავს. ჭადრაკში უნდა გქონდეს გეგმა, რომ მოიგო და პოლიტიკაში მით უმეტეს. გეგმა მარტო ის, რომ „ივანიშვილი გავუშვათ და სააკაშვილი მოვიყვანოთ", მოსახლეობისთვის საკმარისი და მისაღები არ არის. ​

„ამომრჩეველს ურჩევნია, რაც შეიძლება ნაკლები პარტია იყოს. ვხედავთ, ინგლისსა და ამერიკაში ორპარტიული სისტემებია. რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობისთვის უფრო ადვილია. როცა რუსეთზე ორიენტაცია დაბრალდა „ოცნებას" და ევროპაზე ორიენტაცია -ოპოზიციას. არ გამოვიდა, არ აეწყო, იმიტომ რომ არც ერთი იყო მკაფიო და არც მეორე, ამიტომ მოძებნა უნდა, რა გეგმით იმუშაონ.

„თუკი აღმოჩნდება, რომ „ქართული ოცნების" მიმართ პრეტენზიები ბევრი არ არის (და მე ვეჭვობ, რომ ასე აღმოჩნდება), მაშინ ოპოზიციისთვის ალბათ უფრო წორი იქნება განაცხადოს, რომ „ქართული ოცნება" მთელ რიგ საკითხებში სწორად მიდის, ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ, აი, ამა და ამ საკითხში არის სიტუაცია შესაცვლელი - დაახლოებით ისეთივე სქემა, როგორიც გაათამაშა უნგრეთში ორბანის ოპონენტმა მადიარმა. ის იძახდა, რომ უამრავ რამეში ორბანი სწორიაო, ოღონდ არ ვეთანხმები, დავუშვათ, კორუფციის ამბავშიო. რაღაცაზე თუ იტყვი, რომ სწორია (რაზედაც ამომრჩეველიც თვლის, რომ სწორი ხაზია), მაშინ წამოგყვება. ჩვენი ოპოზიცია კი ყველაფერზე იძახის, რომ არასწორიაო. აგერ, თვალსა და ხელს შუა ინგრევა ევროკავშირი, ერთმანეთზე უარეს სულელეებს აკეთებენ, ოპოზიცია კი იძახის, რომ ევროკავშირი სწორიაო. რატომ? იმიტომ რომ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას". არ მოჰყვება ამომრჩეველი მაგ დებულებაში და მოკალი.

„ოპოზიციას ძალიან ხშირად ჰგონია, რომ რასაც იტყვის, უნდა დაუჯეროს ამომრჩეველმა, ამომრჩეველი კი ყოველთვის არ არის იმ ჭკუაზე, რომ ვისმეს დაუჯეროს",- განაცხადა საყვარელიძემ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაერთიანებები ახლა არ გამოდის და სწორი გამოსავალი ესაა - მსხვილი პარტიებისთვის ინდივიდუალური მუშაობა ურთიერთკოორდინაციით და წვრილი პარტიებისთვის პარტნიორების მოძებნა.

  • ნიკა ჩიტაძე: „მსხვილ პარტიებს ინდივიდუალური მუშაობა არ გაუჭირდებათ, თუმცა წვრილმა პარტიებმა აუცილებლად პარტნიორი უნდა ნახონ"

„სასურველია, რომ გაერთიანდნენ და ამაში ერთ პარტიად გადაქცევას არ ვგულისხმობ, მაგრამ არ გამოდის. შეიძლება ერთმანეთის კრიტიკა, ოღონდ არა დაპირისპირება, რომელიც კონფრონტაციაში გადადის. სამწუხაროდ, ამას ადგილი აქვს, მათ შორის პიროვნულ შეურაცხყოფას. აი, ესაა პრობლემა. ამ შემთხვევაში შეიძლება იდივიდუალურად მუშაობა სწორი გამოსავალი იყოს, მაგრამ სხვა პარტიებთან ურთიერთკოორდინაცია საჭიროა.

„მსხვილ პარტიებს ინდივიდუალური მუშაობა გასაგებია არ გაუჭირდებათ, თუმცა წვრილმა პარტიებმა, აუცილებლად პარტნიორი უნდა ნახონ. ვიქტორ ყიფიანს ჭკვიანი ადამიანები ჰყავს გუნდში. სხვა პარტიებთან კონსულტაციები და ერთობლივი მუშაობაა საჭირო",- განაცხადა ჩიტაძემ.

რას ამბობს ყიფიანი

„ოპოზიციურ ფლანგზე ეს სილამაზის კონკურსი უნდა დასრულდეს, ქართველი ამომრჩეველი დაბნეულია, პოდიუმზე ხან ერთი გამოდის და ხან მეორე, არჩევანი კი ვერ კეთდება... ჩვენი ინიციატივა არის რეცეპტი, საშუალება, რომ ეს გაშეშებული პოლიტიკური კადრი ამოძრავდეს, პოლიტიკური აზრი მოვიდეს მოძრაობაში და ეს არის სწორედ ის ნიადაგი, რის საფუძველზეც არა „ვინ ვის ჯობია", არამედ „ვის ირგვლივ შეიძლება გაერთიანება" იქნებოდა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი",- ამბობს „ჯერ საქართველოს" ლიდერი ვიქტორ ყიფიანი „პალიტრანიუსთან".

„არის გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხის ირგვლივ. ზოგი შედარებით უფრო რთულად მოდის ამ კომუნიკაციაში, ზოგი უფრო მარტივად შემოვიდა. მეტი სირთულე აქვს იმ პარტიებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში ნებისმიერ ფასად უნდა შევიდნენ და გარკვეულწილად ესენი არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, რომ მათთან სასაუბრო ჯერ არ არის ამოწურული.

ჩვენ ვმსჯელობთ ლოგიკურად - ერთის მხრივ არის ბოიკოტის მოწოდება, რაც, ვფიქრობთ, რომ უპერსპექტივოა იმიტომ, რომ თუ ბოიკოტი, მაშინ რა? „ჯერ საქართველო" არ მალავს თავის დამოკიდებულებას, რომ ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს პოლიტიკის ქმნის შედეგად და არა სხვა პროცესების შედეგად. სხვა პროცესები შეიძლება იყოს დამხმარე, ხელშემწყობი, მაგრამ არა გადამწყვეტი და მეორეს მხრივ, არის ნებისმიერი არჩევნები, ოღონდ საარჩევნო თარიღს ემთხვეოდეს, რომელშიც შენ შედიხარ იმ პროცესში, სადაც წესები არის მანკიერი, მახინჯი, ამოტრიალებული და, შესაბამისად, საარჩევნო ბუღალტერია იმთავითვე შედეგს გკარნახობს. ვფიქრობ, რომ ეს მეორე ვარიანტი თავიდანვე საკუთარი თავის გაწირვაა, რომ დამარცხდები.

„ამან, გარკვეულწილად, უპერსპექტივობის განცდაც დაბადა და რატომ უნდა გააღვივო შენ არჩევნების შედეგად ეს უიმედობის განცდა, როცა შეგიძლია არჩევნები [მიიღო] რეალური არჩევნების სახით, რომლებიც კონკრეტულ წესებზე, სამართლიანობასა და ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული. ეს იქნება ძალიან მაღალი და საპატიო პოლიტიკური თამასა. ალბათ, ასეთ შემთხვევაში აზრი ექნება არჩევნებს.

„რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, მათთან დიალოგი ჯერ დასრულებული არ არის. ჯერ გარკვეული მოთელვა მოხდა. სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში უფრო მეტი ფაქტობრივი მასალა მექნება ამ ერთობაზე, რომელიც იდეის ირგვლივ შეიქმნება. [მსხვილი ოპოზიციური სუბიექტების გარდა] არიან სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებსაც ამ მხრივ რაციონალური აღქმის უნარი უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოაჩნდათ", - განაცხადა ყიფიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×