რეზონანსი
10.09.2026

შეიძლება ზოგიერთი რამ აღარც გაგვიკვირდეს, მაგრამ ეს განცხადება ყოვლად მიუღებელი იყო - თუ მას გასული პერიოდის მოთხოვნების საერთო კონტექსტში ჩავსვამთ, ვნახავთ, რომ ბრიუსელის პოზიცია კანდიდატი ქვეყნების მიმართ ასეთია: ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს, არ უნდა ისუნთქოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას.

მისი თქმით, თუ ბრიუსელი პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთი ხისტი მეთოდებით გაგრძელებას აპირებს, პარტნიორებს დაკარგავენ.

„ჩვენს საზოგადოებას ბრიუსელის წარმომადგენლების მხრიდან ბევრი განცხადება აქვს მოსმენილი. შეიძლება ზოგიერთი რამ აღარც გაგვიკვირდეს, მაგრამ ეს განცხადება ყოვლად მიუღებელი იყო. თუ მას გასული პერიოდის მოთხოვნების საერთო კონტექსტში ჩავსვამთ, ვნახავთ, რომ ბრიუსელის პოზიცია კანდიდატი ქვეყნების მიმართ ასეთია: ქვეყანამ თვალი არ უნდა გაახილოს, არ უნდა ისუნთქოს და მათ გარეშე საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს.

დღეს უკვე კარგად შეგვიძლია შევაჯამოთ, რა მოუტანა ბრიუსელს ამ მცდარმა პოლიტიკამ. მათ წააგეს და დაკარგეს ურთიერთობები ჩინეთთან, რუსეთთან, ახლა კი, როგორც ჩანს, ამერიკასთანაც. ისლანდიისა და გერმანიის ადგილობრივი არჩევნები აჩვენებს, რომ ისინი საკუთარ მოსახლეობასაც კარგავენ. თუ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთი ხისტი მეთოდებით გაგრძელებას აპირებენ, დაკარგავენ პარტნიორებსაც - და აქ საუბარი მხოლოდ საქართველოზე არ არის.

ეს არის იმ ადამიანის თუ აქტორის განწირული განცხადება, რომელმაც გასული წლების განმავლობაში ყველა გეოპოლიტიკური თამაში წააგო“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას მახაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, დროა, ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს, გადაიაზროს თავისი მცდარი საგარეო პოლიტიკა და პარტნიორების გულის მოგებას შეეცადოს.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რას ფიქრობს ტრამპი ევროკავშირზე. აშშ-ისა და ევროკავშირის დღევანდელ ურთიერთობებს პარტნიორულს ვერ დავარქმევდი. შეუძლებელია პარტნიორი ეძახო იმას, ვისთანაც სატარიფო ომში ხარ, ვისი წევრი ქვეყნის ტერიტორიის წართმევით ემუქრები და ვის ლიდერებსაც უმოწყალოდ აკრიტიკებ.

სწორედ ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ მოიტანა ეს მდგომარეობა ორ აქტორს შორის. აშშ - ევროკავშირის ურთიერთობები პირველი მსხვერპლი არ არის - მანამდე იყო დაპირისპირება რუსეთთან, შემდეგ ჩინეთთან. ასე შემოეცალა ბრიუსელს ყოფილი პარტნიორები.

ამ განცხადების მთავარი არსი, რატომ ასე ხისტად, არის ის, რომ საკუთარ პარტნიორებს ვერ აუხსნეს, რატომ არის ბრიუსელი მათი მხარდამჭერი და მეგობარი. ვერც განუმარტავდნენ, როდესაც შიდა რევოლუციებსა და დამხობებს ახალისებ, უკრძალავ ეკონომიკურ პოლიტიკას და ფაქტობრივად, ახალისებ რუსეთთან ესკალაციაში. ასეთ დროს პარტნიორებს კარგავ.

ეს არის ტენდენცია, რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვაკვირდებით: სათითაოდ დაკარგული მთავარი სავაჭრო პარტნიორები - ჯერ რუსეთი, შემდეგ ჩინეთი, ახლა კი ამერიკა. რაც უფრო წაგებული პოზიციიდან ითამაშებს ევროკავშირი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე, მით უფრო ხისტი იქნება მისი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ. თუმცა ეს ახალ პარტნიორებს ვერ შესძენს, პირიქით - უფრო მეტს დააკარგვინებს.

ამიტომ, დროა ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს. დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, უბრალოდ გაჩერდეს, გადაიაზროს თავისი მცდარი საგარეო პოლიტიკა და პარტნიორების გულის მოგებას შეეცადოს”, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×