
თბილისში, საცხოვრებელი ფონდის 70% ამორტიზებულია, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. ავარიული ბინები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, რადგან დიდი ალბათობით, სხვადასხვა სტიქიურ მოვლენებს ვერ გაუძლებს. როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემა? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს და შესაბამისად, სპეციალისტების აზრიც ორად გაიყო.
თბილისში ამორტიზებული სახლები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. დედაქალაქში ათასობით ასეთი ნაგებობაა, რომელთა ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ნაწილი კი საბჭოთა პერიოდის (მაგალითად, ე.წ. „ხრუშჩოვკები“) და კერძო ავარიული სახლები..
მართალია, თბილისის მერიაში არსებობს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, მაგრამ ვინაიდან საცხოვრებელი ფონდის 70% ამორტიზებულია, ეს პროგრამა ზღვაში წვეთია. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რა არის ამ პრობლემის მოგვარების გასაღები და შესაბამისი კითხვებით სპეციალისტებს მიმართა.
ინჟინერ-მშენებელმა, ურბანისტმა გიორგი შვანგირაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ავარიული სახლების დემონტაჟი, მათ ადგილას კი ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება, რა თქმა უნდა, შესაბამისი კოეფიციენტის გათვალისწინებით.
„საერთოდ, თავდაპირველად ქალაქის განაშენიანება პატარა, დაბალი შენობებით იწყება. შემდეგ, გარკვეულ დონეს რომ მიაღწევს, უნდა მოხდეს არსებული პატარა შენობების დემონტაჟი და ქალაქის "სიმაღლეში გაზარდა". ეს პატარა შენობები უნდა გადაკეთდეს დიდ შენობებად. ვინაიდან ჩვენთან ბიზნესმა ცუდად გამოიყენა ეს ყველაფერი და მაქსიმალურ მოგებაზე იმუშავა, ამის გამო მოხდა ის, რომ ქალაქი კი წავიდა სიმაღლეში, მაგრამ პარალელურად ძველი შენობებიც ისევ დარჩა.
თუმცა, მხოლოდ ბიზნესსაც ვერ დავადანაშაულებთ, ხალხსაც ძალიან ცუდი მიდგომა აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, ერთი ოთახი აქვთ იტალიურ ეზოში, სადაც სახურავიდან წყალი ჩამოდის, ხოლო კედლები დაბზარულია, თუმცა ასეთ ბინაში მაინც სამმაგ ფასს ითხოვენ. ამიტომ, აუცილებელია მოსახლეობის თვითშეგნებაც გაიზარდოს.
თუ მოსახლეობას ვერ დაითანხმებენ, რომ გაყიდონ ამორტიზებული ბინები, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მცირე სუბსიდირება, დახმარება, მოლაპარაკებების წარმოება, რომ როგორღაც დაინგრეს ძველი და არსებულ ტერიტორიებზე განთავსდეს მაღალი შენობები, რა თქმა უნდა, კოეფიციენტის განსაზღვრის შემდეგ“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ.
დემონტაჟის შემდეგ კი, ახალ საძირკველზე უნდა აშენდეს რკინა-ბეტონის ახალი და კარგი კონსტრუქცია, რომელიც კიდევ ათეული წლები იდგება.
„არსებული ამორტიზებული შენობები რაც არის, მათი დემონტაჟი აუცილებელია. მოსახლეობას ჰგონია, რომ თუ იქ დღეს ცხოვრობს, მაგრამ წყალი არ ჩასდის და არც კედელია გაბზარული, მუდმივად ასე იქნება, რაც არასწორი მიდგომაა. ეს შენობები იმდენად ამორტიზებული და პრობლემურია, რომ შეიძლება, მცირე მიწისძვრასაც ვერ გაუძლოს. სამწუხაროდ, ხალხი ვერ აანალიზებს, რომ ავარიულ შენობებში ცხოვრება არ შეიძლება.
ბიზნესი დაინტერესებულია ასეთი ფართობის შესყიდვით, რადგან ისინი, ძირითადად, ცენტრალურ უბნებშია და მათთვის ძალიან მომგებიანია ასეთ უბნებში ახალი შენობების აშენება. პრობლემაა ის, რომ ხალხი არ გამოდის და არ თმობს ასეთ ბინებს. სახელმწიფოსაც ვერ დაავალდებულებ, რომ ჩაერიოს, რადგან დემოკრატიის პირობებში, ასეთი ჩარევა წარმოუდგენელია. მაინც შესაძლებელია, რომ სახელმწიფომ შუამავლის ფუნქცია იკისროს ბიზნესსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებებში, რათა ამ პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად დაიწყოს“, - დასძინა „რეზონანსთან“ გიორგი შვანგირაძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილს, რომელსაც მიაჩნია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ამორტიზებული შენობების პრობლემას კომპლექსურად შეისწავლის.
„ჩემი ინფორმაციით, საცხოვრებელი ფონდის 70% კი არა, 90%-ზე მეტია ამორტიზებული. ამ პრობლემის მოგვარების ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. აუცილებელია, რომ სპეციალისტები შეიკრიბონ და მოიფიქრონ, როგორ გადაჭრან ეს საკითხი. წარმოიდგინეთ, საავადმყოფო, სადაც დაახლოებით, 500 ავადმყოფია, მათ ხომ ყველას ერთი და იგივე დაავადება არ სჭირთ და ექიმებიც ხომ ინდივიდუალურად, მათი დაავადების მიხედვით მკურნალობენ? ზუსტად ანალოგიური ვითარებაა ამ შემთხვევაშიც. ზოგი შენობა ავარიულია იმიტომ, რომ გვერდით კორპუსს დაზიანებული აქვს სანიაღვრე და ამ შენობის საძირკველში წვიმის წყალი ჩადის, ამიტომ თუ გვერდით კორპუსში პრობლემა აღმოიფხვრება, ცხადია, ამ ამორტიზებულ შენობასაც ეშველება.
ავარიული სახლების დემონტაჟი და მაღალსართულიანი შენობების აშენება ყველგან არ შეიძლება და ეს არ არის პრობლემიდან გამოსავალი. მაგალითად, ძველი „ხრუშჩოვკა“ რომ დავანგრიოთ, სადაც პირობითად, 20 ოჯახი ცხოვრობს, უნდა ავაშენოთ ახალი კორპუსი, პირობითად, 100 ოჯახისთვის, რომ დარჩენილი 80 ბინა გავყიდოთ და ბიზნესიც მოგებული დარჩეს. გამოდის, რომ იქ, სადაც 20 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა უკვე 100 ოჯახი იცხოვრებს. ამ დროს მარტო საცხოვრებელი ბინები ხომ არ არის? საბავშვო ბაღები, სკოლებიც ხომ გვჭირდება. გარდა ამისა, ყველა რაიონში საჭიროა პოლიცია, იმ რაიონის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ახალ კორპუსებს რომ ავაშენებთ და მოსახლეობის რაოდენობას გავზრდით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხომ დაგვჭირდება? სკოლებს, ბაღებსა და პოლიციის შენობებსაც დეველოპერები ხომ არ ააშენებენ?
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, დიაგნოზი დასვას და მხლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი გადაჭრა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ირაკლი როსტომაშვილმა.