
ბრიუსელისა და პრეზიდენტ დონალდ ტრაპმის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ხედვებს შორის არსებული განსხვავება შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესზეც ახდენს გავლენას.
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა "მაგა"-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რადგან ევროკავშირის მომავალი წევრების ისეთი პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც გაერთიანების გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება, მიუღებელია.
კოსის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოებას დღეს, რუსეთის გარდა, დასავლეთში "მაგა"-ს იდეოლოგების მხრიდანაც აქვს გამოწვევები.
კოსის განცხადებას "ქართული ოცნების" მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა. "ოცნება" კოსის განცხადებას ევროკავშირის მხრიდან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს და რითაც კიდევ ერთი არგუმენტი ეძლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.
რას ნიშნავს კოსის განცხადება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ კოსის განცხადება, ეს უბრალოდ დიპლომატიური შეცდომა აღარაა.
"კომისარ მარტა კოსის გზავნილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა მაგა-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, უკვე უბრალოდ დიპლომატიური შეცდომა აღარ არის - ეს ევრობიუროკრატიის პოლიტიკური სიბეცის ნათელი გამოვლინებაა. ანუ, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის პირობებს უკვე პოლიტიკური ლოიალობის მოთხოვნასაც ამატებს.
"წარმოიდგინეთ: ევროკავშირი, რომელსაც სურს გლობალურ ძალად დარჩენა, კანდიდატ ქვეყნებს კარნახობს, ვისთან შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური კავშირები.
"აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკური მოძრაობა "მაგა" ბრიუსელში უკვე თითქმის საგარეო საფრთხის კატეგორიაში გადაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გავლენიანი პოლიტიკური ბანაკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურებს ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო წარმოადგენენ, სავარაუდოდ, აშშ-ის მომდევნო ლიდერები.
"ეს სწორედ ის პოლიტიკური არაშორსმჭვრეტელობაა, რომელიც ევროპას საკუთარი გავლენის გაძლიერების ნაცვლად, მის კიდევ უფრო შესუსტებამდე მიიყვანს.
"ევროპას სჭირდება მეტი პარტნიორი, მეტი მოქნილობა და რეალისტური საგარეო პოლიტიკა. ამის ნაცვლად, ევრობიუროკრატები მსოფლიოს „სწორ" და „არასწორ" პოლიტიკურ ძალებად ყოფენ, შემდეგ კი საკუთარ იდეოლოგიურ დაყოფას ევროპულ სტრატეგიად ასაღებენ.
"მარტა კოსი და კაია კალასი ევროპის საგარეო პოლიტიკის „შავ ლაქებად" პოზიციონირებენ - არა იმიტომ, რომ ისინი ევროკავშირის ინტერესებს იცავენ, არამედ იმიტომ, რომ ევროპის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ვიწრო იდეოლოგიურ ჩარჩოებში კეტავენ.
"თუ ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირის გაწყვეტას სთხოვს, ეს ევროპული ინტეგრაცია აღარ არის - ეს ევრობიუროკრატიის მახინჯი ფილტრია",- წერს აბაშიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოება კრემლისთვის საჩუქარია.
"ბრიუსელი ფაქტობრივად სთავაზობს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერებს, გადაწყვიტონ - ევროკავშირის მხარეს არიან თუ ტრამპისა და "მაგა"-ს მხარეს.
"ეს უკვე აღარ არის "მოკავშირეებს შორის უთანხმოება" - ეს არის პოლიტიკური გამიჯვნა, რომელიც კრემლისთვის იდეალური საჩუქარია: ამერიკა და ევროპა ერთმანეთში მოკავშირეს კი არა, კონკურენტს ხედავენ, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს ბანაკის არჩევას აიძულებენ.
"ვაშინგტონი, თავის მხრივ, თავად უწყობს ხელს ევროპაში "მაგას"-ს გაძლიერებას - და დასავლური სისტემა შიგნიდან იწყებს საკუთარი თავის ჭამას.
"მოსკოვისთვის ეს მართლაც რომ სტრატეგიული მასშტაბის საჩუქარია. რუსეთს უკვე აღარ სჭირდება ნატო-ს, ევროკავშირისა და ამერიკული საზოგადოების დაყოფა - საკმარისია, შეშა დაუმატოს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უკვე გაჩაღებულ კონფლიქტს",წერს ქართველიშვილი.
რა განაცხადა ევროკომისარმა
როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა "მაგა"-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება", - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ევროკავშირს „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს".
- მარტა კოსი: "არ უნდა გავრისკოთ, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება"
კითხვაზე, ვინ არის მსგავსი „მოწინააღმდეგე", კოსმა უპასუხა, რომ „ცხადია, ერთ-ერთი მათგანი რუსეთია".
ასევე, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ზეწოლას დასავლეთის, "მაგა"-ს იდეოლოგების მხრიდანაც" განიცდის.
„ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და შესაფერისი დემოკრატია არ გვაქვს", - აღნიშნა კოსმა.
ევროკომისარმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი „განსხვავებული შემთხვევაა", რომელიც ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებში არ არის ჩართული, როგორსაც რუსეთი კანდიდატ ქვეყნებში აწარმოებს.
კოსის თქმით, ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ცდილობს, რათა მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
„ისინი ამას სხვაგვარად აკეთებენ და ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაციას ჩვენ ვერ ვხედავთ", - განაცხადა ევროკომისარმა.
"ოცნების" გამოხმაურება
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან იმეგობრებს, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის.
- ნიკოლოზ სამხარაძე: "ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც იმეგობრებს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის"
„საგულისხმო განცხადებაა. ფაქტობრივად, ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან "მაგა"-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან. დონალდ ტრამპი პრეზიდენტად სწორედ ამ ფილოსოფიით და ამ სლოგანით მოვიდა.
"ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც იმეგობრებს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის. მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას", - განაცხადა სამხარაძემ.