თამთა ჩაჩანიძე
09.09.2026

"ქართული ოცნება" ბრიუსელისგან ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლას და საქართველოს მიმართ უფრო "სამართლიან" მიდგომას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას პრობლემა არა ევროპულ ინტეგრაციასთან, არამედ ევროკავშირის დღევანდელ პოლიტიკასთან და "ბრიუსელის ბიუროკრატიასთან" აქვს. მისივე თქმით, ევროკავშირმა "ნდობა დაკარგა" და, თუ საქართველოს წევრობა სურს, საკუთარი პოლიტიკის გადახედვა მოუწევს.

პაპუაშვილი აქცეტს აკეთებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სისუსტეზე, ბრიუსელისადმი ნდობის დაკარგვაზე, წევრი და კანდიდატი ქვეყნების ინტერესების გაუთვალისწინებლობასა და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული პირობებისადმი უნდობლობაზე.

ამ კონტექსტში იგი ისლანდიის მაგალითს და აშშ-ის დამოკიდებულებასაც იშველიებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, თუმცა, „ასეთი პოლიტიკის მქონე ევროკავშირის წევრი" ქვეყანა ვერ იქნება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრიუსელის მიმართ პაპუაშვილის განცხადება "რუსული პროპაგანდის მსგავსია".

რას ითხოვს "ოცნება" ბრიუსელისგან

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, "ოცნება" ევროკავშირისგან ითხოვს, რომ ევროკავშირმა თავისი მოთხოვნები უკან წაიღოს და დიალოგი ასე განახლდეს, თუმცა ბლოკი ამაზე არ წავა.

  • ნიკა ჩიტაძე: "ოცნებას" უნდა, რომ ევროკავშირმა მათი ხელისუფლება აღიაროს, კრიტიკა შეწყვიტოს და ელაპარაკოს, თუმცა, ბრიუსელი თავის პოლიტიკას არ შეიცვლის"

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ევროკავშირმა მათი ხელისუფლება აღიაროს, კრიტიკა შეწყვიტოს და ელაპარაკოს. ევრობლოკმა აღარ ახსენოს ის მოთხოვნები, რაც არაერთხელ ითქვა და "ოცნების" მიმართ ლოიალურები იყვნენ. "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ თითქოს ევროკავშირი შიდა საქმეებში ერევა, თუმცა, ბლოკს რეალურად სურს, რომ აქ დემოკრატიული პროცესები დაიწყოს.

"ევროპა საქართველოს შიდა საქმეებში არანაირად ერევა, მაგრამ ასე სურთ წარმოაჩინონ. ფაქტია, რომ ჩვენც შევიტანეთ განაცხადი და ახლა საქართველოს ხელისუფლებას არანაირად არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. ევროკავშირის მოთხოვნები კვლავ ძალაში დარჩება და ის თავის პოლიტიკას არ შეიცვლის",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ითხოვს, რომ ევროკავშირმა შეცვალოს არსებული პოლიტიკა, რომელიც მისი თქმით ეყრდნობა "დამახინჯებულ ფაქტებს და უსამართლოა".

"უპირველესად, საუბარია იმ უსამართლო პოლიტიკაზე, როდესაც საქართველოს უარგუმენტოდ, უსაფუძვლოდ და უნამუსოდ აბრალებენ იმას, რაც არ არის. რეალურად ეყრდნობიან დამახინჯებულ აღქმებს, ნაცვლად იმისა, რომ ფაქტების ენით ილაპარაკონ. ეს აღქმები უნისონშია რადიკალური ნაცოპოზიციის მახინჯ ნარატივებთან.

"ევროკრატიისთვის კიდევ უფრო დამამძიმებელია ის, რაც ევროკომისარმა მარტა კოსმა კანდიდატი ქვეყნების მიმართ განაცხადა, რომ თურმე ტრამპის "მაგა" მოძრაობასთან არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, ვისაც ევრობლოკში გაერთიანების სურვილი აქვს. ეს ბრიუსელისთვის კატასტროფული დიპლომატიური შეცდომაა, რამეთუ არავის, არავინ ეკითხება, არცერთ ქვეყანას და მითუმეტეს, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები როგორი იქნება, გინდ კანდიდატ, გინდ ევრობლოკისა და მის მიღმა ქვეყნებს შორის.

"ეს მიუთითებს, თუ ევროჩინოსნების წიაღში როგორი დიპლომატიური და პოლიტიკური სიბეცეა. მგონია, რაღაც ეტაპზე ეცდებიან ბრიუსელელი ჩინოსნები დაძაბონ ურთიერთობა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ იმ ქვეყნებთან, რომლებიც მათ სამართლიანად აკრიტიკებენ, როგორც ევროკავშირის წევრები, ასევე მის მიღმა, იქნება ეს შეერთებული შტატები თუ სხვა.

  • გია აბაშიძე: " საუბარია იმ უსამართლო პოლიტიკაზე, როდესაც საქართველოს უარგუმენტოდ, უსაფუძვლოდ და უნამუსოდ აბრალებენ იმას, რაც არ არის. რეალურად ეყრდნობიან დამახინჯებულ აღქმებს"

"ამგვარი ევროჩინოსნების პირობებში, საბოლოო ჯამში ევროკავშირის გეოპოლიტიკური გავლენა დღითიდღე უფრო მცირდება. ისინი მომავლისკენ არ იხედებიან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც მათ აუცილებლად სჭირდებათ შუა დერეფნის კონტექსტში. ეს მათ უდიდეს არაშორსჭვრეტელობაზე მეტყველებს",- განაცხადა აბაშიძემ.

რას აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირს დღეს ნდობა აქვს დაკარგული, „ეს კარგად გამოჩნდა, ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგითაც".

"ის არჩევნები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ისლანდიის რეფერენდუმი რა იყო, თუ არა იმის დადასტურება, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ? ისლანდია, რომელიც ყველანაირად დაკავშირებულია ევროკავშირთან, ერთი ფორმალური ნაბიჯი აკლიათ, რომ ევროკავშირის წევრი ერქვათ, ინტეგრაციის ასეთ ხარისხზე არიან და მათაც შეეშინდათ არა თუ წევრობის, არამედ მოლაპარაკებების განახლების. საუბარია იმაზე, რომ თევზჭერის მკაცრი რეგულაციები აქვს ევროკავშირს და ისლანდიელებმა თევზჭერას გადააყოლეს ევროპული მომავალი - ამას ამბობდა ოპოზიცია.

"ევროკავშირი ისლანდიას სთავაზობდა, რომ მათთვის სპეციალურ გამონაკლის რეგულაციებს დააწესებდა, ცალკე შეთანხმება ექნებოდათ თევზჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ისლანდიის ინტერესებს გაითვალისწინებდა.

"სწორედ ეს არის მთავარი, ეს პირობა მისცა ბრიუსელმა და ისლანდია ამ პირობას არ ენდო. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ნდობა დღეს დაკარგული აქვს ბრიუსელს ყველას თვალში, მათ შორის ქართველი ხალხის, ისლანდიის თვალში. ჩვენ ვცდილობთ, ბრიუსელმა თავისი კურსი შეცვალოს.

"ბრიუსელის ბიუროკრატიის დღევანდელი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას მარტო მე ხომ არ ვამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც ამას ამბობს. ჩვენი, როგორც ევროპული და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიზანი, მათ შორის არის ის, რომ ბრიუსელის პოლიტიკა შეიცვალოს.

"თუ უნდათ, ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა, სხვაგვარად შეუძლებელია. ასეთი პოლიტიკის მქონე ევროკავშირის წევრი ვერ ვიქნებით, რომელსაც არეული აქვს საგარეო პოლიტიკა და აღარავინ სცემს პატივს საგარეო პოლიტიკაში.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კაია კალასს [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში] არც კი ხვდება. წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ერთხელაც არ შეხვედრია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს ყველაფერზე მეტყველებს.

"ჩვენ გვინდა ძლიერი და სამართლიანი ევროკავშირი, რომელსაც დღეს ხელს უშლის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×