"საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობა ნამდვილად არ გაუარესებულა. თუმცა რეგიონის მასშტაბით ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა"
თამარ ვეფხვაძე
08.09.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ წელს, პირველ და მეორე კვარტალში ქვეყანაში 211 მილიონი დოლარით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2025 წლის პირველ ნახევარში. სიტუაცია არც ისე სახარბიელოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე კვარტალშიც დიდად არ შეიცვლება მდგომარეობა. ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ინვესტიციების კლება ხელისუფლების პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას უკავშირდება, თუმცა დარგის სპეციალისტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გარე ფაქტორებმა განაპირობა. 

"საქსტატმა" 2026 წლის პირველი ნახევრის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პირველსა და მეორე კვარტალში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, ჯამურად, 750 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს თანხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 211 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.

წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი მოცულობის - 236 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩინეთიდან შემოვიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში, ჩინეთიდან ინვესტიციები, პირიქით, უარყოფითი იყო და მინუს 29 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდებოდა ინვესტიციების ეს მოცულობა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „ბაზისბანკის“ მიერ, „ლიბერთი ბანკის“ შესყიდვისთვის განხორციელებული ოპერაციებით იყოს განპირობებული, რადგან სხვა მსხვილი გარიგება წლის პირველ ნახევარში, ჩინური ბიზნესის მონაწილეობით, არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას გაერთიანებული სამეფო იკავებს - 176 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მალტა - 63 მილიონი დოლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან კაპიტალის შემოდინებამ საგრძნობლად მოიმატა - 366%-ით, რაც დიდი ალბათობით, „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების დაწყებას უკავშირდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის კლებას ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას უკავშირებს ეკონომისტი აკაკი ცომაია და „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსი არასდროს ყოფილა ქვეყნის არჩევანი. 

„ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა მოლოდინი აქვთ მათ მომავალ პერიოდთან დაკავშირებით. რიცხვები ერთგვარი ტესტია და ინვესტიციების 211 მილიონი დოლარით შემცირება წინა წელთან შედარებით, ნიშნავს, რომ მოლოდინი მკვეთრად არის გაუარესებული. ეს გამოწვეულია იმ პოლიტიკური ვექტორით, რომელიც საქართველოს მიერ დღეს არის არჩეული, პრინციპში, ეს არ არის ქვეყნის არჩევანი და არც არასდროს ყოფილა. ამდენად, თუ მომავალში უნდა ველოდოთ ინვესტიციებს, უნდა ველოდოთ იმ ჯგუფის ქვეყნებიდან, რომელშიც სამწუხაროდ, დღეს მოვიაზრებით - ეს არის რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა... ტრადიციული ქვეყნებიდან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჩვენი მომავალი იყო განვითარებადი დემოკრატია, ასეთი სიგნალები აღარ მოდის“, - განუცხადა „რეზონანსს“ აკაკი ცომაიამ. 

კითხვაზე, პირველსა და მეორე კვარტალში ინვესტიციების კლება გარე ფაქტორებს - აშშ-სა და ირანის, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ხომ არ უკავშირდება, აკაკი ცომაიამ გვიპასუხა, რომ ნებისმიერი პრობლემა წარმოადგენს გამოწვევას. 

„საქართველო რომ იყოს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მოკავშირე, როგორც სომხეთში ჩაიდო ინვესტიციები, იგივე იქნებოდა ჩვენთანაც. სომხეთისთვის არ არის პრობლემა აშშ-ირანის ან რუსეთ-უკრაინის ომი? საქართველოს მისი მდებარეობით, მისი ტრადიციული პარტნიორობით დასავლეთთან, ჰქონდა უზარმაზარი პოტენციალი, რომ მოეზიდა ინვესტიციები. ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდა ანაკლიის პორტი აშენებულიყო, მაგრამ ეს პოტენციალი არ გამოიყენა“, - აღნიშნა ცომაიამ.   

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს, გიორგი კაპანაძეს, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პოლიტიკურ ვექტორს კი არა, რეგიონში არსებულ მწვავე ვითარებას უკავშირდება. 

„რთულია, დეტალურად ვისაუბრო კონკრეტულ მიზეზებზე, მაგრამ ინვესტიციების კლება, სწორედ გარე ფაქტორებს და გლობალურად არსებულ დაძაბულ ფონს უკავშირდება. მთელი წლის განმავლობაში, ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში კრიზისი ხან მწვავდება, ხან - ნელდება და ბუნებრივია, ეს იწვევს ინვესტორთა დაბნეულობას. გარდა ამისა, გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, რასაც რეგიონზე გარკვეული გავლენა აქვს, განსაკუთრებით კი საქართველოზე. სავარაუდოდ, სწორედ ეს პროცესები განსაზღვრავს იმას, რომ ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს კლება. 

არ არის გამორიცხული, რომ პირიქით - მესამე-მეოთხე კვარტალში მაჩვენებლები გაუმჯობესდეს. აქ ვგულისხმობ არაბულ ინვესტიციას, რომელიც „იგლ ჰილსმა“ უკვე დააანონსა და გარკვეულწილად, ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია. თუ მათი მხრიდან გააქტიურდა პროცესი, უნდა ველოდოთ, რომ ამას შემდეგ კვარტლებში საინვესტიციო მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება. 

უარყოფით ფაქტორებზე დეტალური საუბარი გამიჭირდება, რადგან ქვეყანაში საინვესტიციო მდგომარეობა ნამდვილად არ გაუარესებულა. თუმცა რეგიონის მასშტაბით, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის დაპირისპირებები, კონფლიქტები და ომები, რომლებიც გრძელდება, ბუნებრივია, როგორც საქართველოზე, ასევე მთელ მსოფლიოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ახდენს უარყოფით გავლენას“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×