
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების მიუხედავად, ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა საქართველოზე ადრე ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან. უმრავლესობის შეფასებით, ბრიუსელის მტკიცე პოზიციით გაფართოება ექსკლუზიურად დამსახურებაზეა დაფუძნებული და გამონაკლისები არ დაიშვება. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ჩატარებული რეფორმების ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთკომპრომისების შემთხვევაში, საქართველოს შანსი აქვს, დაკარგული დრო სრულად აინაზღაუროს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწვერიანებაზე ხშირი საუბარი პროცესის დაჩქარებას არ ნიშნავს.
„როცა უკრაინის დაჩქარებული პროცედურით გაწევრიანებაზე დაიწყო ლაპარაკი, ევროპელი ლიდერები გამოვარდნენ და თქვეს - დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინა ვერ შეძლებს, ეს დამსახურებაზეა დამოკიდებულიო. რა მნიშვნელობა აქვს, უკრაინა-მოლდოვაზე ილაპარაკებენ თუ არა და სადმე მიიწვევენ თუ არა? ამ ყალბი ნარატივებით გვატყუებდნენ და თავსაც ვიტყუებდით. ასე ჩვენთან ურთიერთობა აღარ გამოვა. ზელენსკიმაც გააპროტესტა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპისთვის უზარმაზარი სისხლი დაღვარეს, შეღავათები მათთვის აღარ იქნება. ამ ქვეყნების მიმართ არასწორად იქცევიან, ლამაზი სიტყვების და დაპირებების აღარც ჩვენ გვჯერა. საქმე საქმეზე რომ მიდგება, პრივილეგიას არცერთ ქვეყანას არ მიანიჭებენ და ჩვენზე ადრე ევროკავშირში არ გააწევრიანებენ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
- თენგიზ შარმანაშვილი: „საქმე საქმეზე რომ მიდგება, პრივილეგიას არცერთ ქვეყანას არ მიანიჭებენ და ჩვენზე ადრე ევროკავშირში არ გააწევრიანებენ".
უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად პრაქტიკული და ინტენსიური მოლაპარაკებების ფაზაშია. ორივე ქვეყანამ ოფიციალურად გახსნა პირველი - ფუნდამენტური საკითხების კლასტერი, რომელიც მოიცავს ისეთ კრიტიკულ სფეროებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემა, ძირითადი უფლებები და ანტიკორუფციული რეფორმები. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებებით, რადგან ევროკავშირის გაფართოების წესების თანახმად, ეს ფუნდამენტური კლასტერი იხსნება პირველი და მთელი პროცესის განმავლობაში ბოლო იხურება.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები გადაჭრით აცხადებენ, რომ გაფართოების პროცესი ექსკლუზიურად „დამსახურებაზეა დამყარებული", რაც ნიშნავს, რომ ყოველი კანდიდატი ქვეყანა ვალდებულია სრულად დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის მკაცრი კრიტერიუმები და ბოლომდე გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ყველა სავალდებულო ეტაპი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ევროპული მისწრაფებების მიმართ უპრეცედენტო პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს და თავად პროცესი ომის ფონზე მაქსიმალურად დინამიკურად წარიმართება, ოფიციალური პირები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ არანაირი გეოპოლიტიკური შემოვლითი გზა ან პროცედურული შემოკლება არ იარსებებს, ხოლო წინსვლა მხოლოდ რეალური რეფორმების ტემპსა და ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
- ზაალ ანჯაფარიძე: „საქართველოში უკვე არის განხორციელებული ის რეფორმები, რაც უკრაინასა და მოლდოვაში უნდა განხორციელდეს. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით, რაც მათთვის დაწესებულ კლასტერებშია ჩადებული, ასევე წინ ვართ."
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ევროსტრუქტურებში მოლდოვასა და უკრაინაზე აზრი გაყოფილია.
„რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირი არის გაყოფილი იმაზე, თუ რა ვადებში მიიღონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრებად; და მეორე - რა სტატუსის წევრობა მიანიჭონ მათ. ანუ, მიანიჭონ, ასე ვთქვათ, შეკვეცილი წევრობა, სადაც მათ არ ექნებათ ხმის უფლება და ექ ნებათ ევრობაზრებზე ეტაპობრივად დაშვება და ასევე ადგილები ევროსტრუქტურებში, პოლიტიკის რიგ საკითხებზე გავლენის მოხდენის გარეშე. ერთგვარი გამოსაცდელი ვადა მიეცემათ და მერე იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევიან და როგორ დაამთავრებენ რეფორმებს, ამის შემდეგ გადაწყდეს მათი სრულფასოვანი გაწევრიანება. ამის თაობაზე იყო სტატია გამოქვეყნებული არაერთ ცნობილ ევროპულ გამოცემაში.
„ევროკავშირი ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. საქმე ისაა, რომ ის, რასაც საჯაროდ აცხადებენ ევროკავშირის მესვეურები, ყოველთვის არ ემთხვევა ხოლმე მათ რეალურ გეგმებსა და გაანგარიშებებს. მათ უნდათ, რომ აღებული ტემპი შეინარჩუნონ, საზოგადოებაში შექმნან განწყობა, რომ ევროკავშირის გაფართოება წინ მიდის", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
საქართველოს შანსებზე საუბრისას ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენ მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით წინ ვართ და არ გამორიცხავს, ძველ პოზიციას დავუბრუნდეთ, ოღონდ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ.
„ვფიქრობ, არის სიმეტრიული შანსი, რომ თუ საქართველომ განახორციელა ყველა ის რეფორმა, რაც არის გათვალისწინებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან მოხერხდა გარკვეულად ურთიერთობების დალაგება ურთიერთკომპრომისების ხარჯზე, სავსებით შესაძლებელია ეს დაკარგული დრო აქ იქნეს ანაზღაურებული.
„საქართველოში უკვე არის განხორციელებული ის რეფორმები, რაც უკრაინასა და მოლდოვაში უნდა განხორციელდეს. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით, რაც მათთვის დაწესებულ კლასტერებშია ჩადებული, ასევე წინ ვართ.
აქედან გამომდინარე, თუ რეფორმებიც განხორციელებულია, შესაძლებელია ჩვენ ისევ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით, როცა ვიყავით ევროკავშირის „ასოცირების ტრიოს" წევრები, როცა გვქონდა თანაბარი სასტარტო პირობები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".