ნატალია ჯვარიძე
08.09.2026

ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამჯერად „ნაცმოძრაობასთან" ერთად „გირჩს" დაუპირისპირდა, რომელმაც ახლახანს შეიცვალა სახელი და ახლა „თავისუფალი ხალხის პარტია" ეწოდება. ამას გარდა, გვარამია გადაჭრით უარყოფს მისი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღებას და იმაზეც წერს, თუ რატომ აირჩია ნიკა გილაურმა 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მისი პარტიის და არა „ნაცმოძრაობის" დაფინანსება.

გვარამია აცხადებს, რომ ენმ და „თავისუფალი ხალხის პარტია" კოორდინირებულად მოქმედებენ და ერთად ებრძვიან „კოალიციას ცვლილებებისთვის". მისი ეც ბრალდება მოჰყვა ყოფილი „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას, რომ ისინი 2024 წლის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.

  • ნიკა გვარამია: „ჩვენ წინააღმდეგ კამპანია „ქოცგირჩსა" და ენმ-ს შორის კოორდინირებული რომაა, მე პირადად ეჭვი არ მეპარება და იშვიათად მეშლება ამგვარი ამბები."

როგორც თავად რაქვიაშვილი აცხადებს, მათ ივანიშვილისგან აინტერესებდათ, „მართლა მოსყიდული ჰყავს თუ არა ოპოზიცია". ის ხაზს უსვამს, რომ ამ შეხვედრის დროს ივანიშვილს უკვე ჰქონდა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სტატუსი და ჯერ არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო დაკავებული.

„რაღაცნაირად გავიცანით ერთმანეთი", - ამბობს „თავისუფალი ხალხის პარტიის" წევრი და იქვე დასძენს, რომ „ამ შეხვედრიდან პოლიტიკურად არაფერი წამოუღიათ".

„შევხვდით მაშინ, როცა ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არ იყო ციხეში. დიდი ხნის წინ იყო, გუშინ არ ყოფილა - 2024 წლის არჩევნების შემდეგ. ვთხოვეთ ბევრჯერ შეხვედრა ივანიშვილს", - აღნიშნავს რაქვიაშვილი.

დაპირისპირება „თავისუფალი ხალხის პარტიასთან" (ყოფილი „გირჩი")

ნიკა გვარამია რაქვიაშვილის პარტიაზე წერს: „თავად თქვა „ქოცმა" რაქვიაშვილმა და ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ამ სამთავრობო ვითომ ოპოზიციას ივანიშვილთან შეხვედრები მაშინაც კი ჰქონდა, გარეთ ქვეყანა რომ ინგრეოდა, ხალხს წამლავდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ, თავ-პირს ამტვრევდნენ, ციხეში უშვებდნენ. რაც არ უთქვამს, მაგრამ ვიცით, ფულიც აიღეს პროტესტის გაშავებაში და მთელ თანმდევ ანტიოპოზიციურ პროპაგანდაში, მათ შორის და პირველ რიგში, ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს გაშავებაში. ეს დაუკვეთა ივანიშვილმა, ამაში გადაუხადა ფული და ამას ასრულებენ პირნათლად.

„ეს მათგან არც ახალი და არც გასაკვირი არაა. ახალი, გასაკვირი და სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერში სრულიად არაშემთხვევით ჩართული აღმოჩნდა „ნაცმოძრაობა" და განსაკუთრებით მისი რამდენიმე სპიკერი. ენმ-საც თავისი იაგოხვიჩიები ჰყავს.

„გადახედეთ სამთავრობო პროპაგანდისტ ხვიჩიას ეთერებს და დათვალეთ მასთან მისული ოპოზიციონერებიდან რომელი პარტია სჭარბობს. მე რაც მახსენდება, მხოლოდ ენმ უზის ოპოზიციის და პროტესტის მლანძღველ იაგოს და ხშირად უნისონში ლანძღავენ სხვა ოპოზიციონერებს, განსაკუთრებით და არა შემთხვევით, ჩვენს კოალიციას. ერთ-ერთ ინიდიკატორად ესეც გამოგადგებათ", - თქვა გვარამიამ.

მის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე გამოეხმაურა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას, მთლიანი კამპანია აქვს აგებული იმაზე, რომ „გირჩები" ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია" და ის აღნიშნავს, რომ მისი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც, როცა „გირჩი" გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მას აჩუმებდნენ.

  • ანა წითლიძე: „ნიკა,დაასახელე ეს ადამიანი, ვინც გილაურთან მიგიყვანა. მე ვიცი, ვის გულისხმობ და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება".

„გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი" დაწერა გილაურსა და 40 მილიონზე. მთელი სტრატეგია იმაზე ააგო, რომ თურმე „გირჩები" ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია. არ გამოუვა ეგ ამბავი. ძალიან კარგად იცის, რატომ ჰქონდა ჩემთან პრობლემა ჯერ კიდევ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ „ჩაგვხსნა" მე და ხაბე ეთერებიდან. ჩემი საჯარო ინტერვიუები, ჩემი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც - იმ დროს, როცა „გირჩი" გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მე მაჩუმებდნენ. მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს", - წერს ანა წითლიძე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ორივე მხარის ბრალდებები გარკვეულწილად რეალობას შეესაბამება, რომელიც კიდევ უფრო გამჟვნდება.

„რეალობასთან ორივე ახლოსაა. ანუ, ყველა ცდილობს მაქსიმალურად გადაირჩინოს თავი და შემდეგი არჩევნებისთვის მომზადებული იყოს. ამიტომ, რაც ხდება, ლამაზი შეიძლება არ არის, მაგრამ რეალური და ბუნებრივია.

„გარკვეულწილად, ყველა პოლიტიკური პარტია ოპორტუნისტია. ოპორტუნიზმი ასეთი უცნაური პოლიტიკური ტერმინია - ანუ, როცა პარტია ცდილობს გარკვეულ მაქინაციებს, გარიგებებს, ბოლომდე სიმართლის ართქმას, ნახევრად სიმართლის თქმასა თუ ტყუილის გარეშე. ეს ყველაფერი ახასიათებთ პოლიტიკურ პარტიებს და არა მარტო საქართველოში.

  •  პაატა ზაქარეიშვილი: „ეს ისეთი სამკუთხედია, სადაც სამივე კუთხე ერთმანეთზეა დამოკიდებული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში გვარამია სიმართლესთან ახლოსაა".

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში „გირჩიც" და გვარამიაც აბსოლუტურად ბუნებრივად მოქმედებენ. როცა, პირობითად რომ ვთქვათ, ავტობუსი მარცხნივ გადაიხრება, ადამიანის სხეული მარჯვნივ გადაიხრება, არა? გარკვეულ ბალანსირებას ახორციელებენ ისე, რომ ვერც კი გრძნობ ამას, როცა ფეხზე დგახარ ავტობუსში. დაახლოებით ეს მომენტია - როცა სიტუაცია სახელმწიფოში არანორმალურია, პარტიები ცდილობენ ამ არანორმალურ სიტუაციას მოერგონ და თავი გადაირჩინონ.

„ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გვარამიასაც თავისი ცოდვები აქვს, რომელსაც არ ამხელს და არ ამბობს, და „გირჩსაც", რომელსაც არ ამბობს. ორივე იძახის რაღაცას და ორივე ინახავს საიდუმლოდ. ხშირად, რასაც ადამიანი ამბობს, 60% ტყუილია და მარტო 40%-ია სიმართლე. ეს თითქმის დადგენილი ფორმულაა. ამიტომ, რასაც არ ამბობენ, იქ უფრო მეტი სიმართლეა. სიმართლე კი ის არის, რომ ორივე პოლიტიკურ პარტიას გადარჩენა სურს. ორივეს უნდა შემდეგ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს, იქნება ეს ადგილობრივი თუ საპარლამენტო არჩევნები. ორივეს აქვს კარადაში დამალული ჩონჩხები, რომლების გამოაშკარავებაც არ სურთ და ერთმანეთის მხილებით არიან დაკავებული. მათ უფრო მეტი იციან ერთმანეთზე, ვიდრე სინამდვილეში ამბობენ. ჯერჯერობით ამის თქმა არ სჭირდებათ, ან შეიძლება არც არასდროს დასჭირდეთ.

„გულახდილად რომ გითხრათ, რაც ხდება მომწონს. ლამაზი არ არის, მაგრამ მომწონს, იმიტომ, რომ რაღაც სიმართლის თქმა მაინც უწევთ. 2024 წლის ბოლომდე, ოქტომბრამდე, არჩევნების ჩატარებამდე რა ხხებოდა, ამაზე მემგონი კიდევ უფრო მეტ გარკვეულ სიმართლეს გავიგებთ. ანუ, მათი მთავარი ამოცანაა, ერთმანეთი და სხვა ოპონენტები გამოიჭირონ არცთუ ისე პატიოსან კონტაქტებში ოლიგარქებთან, მდიდარ ადამიანებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ივანიშვილთან და ა.შ.

„მათი მთავარი ამოცანაა მეორე მხარე ამხილონ ისე, რომ თავიანთი ჩონჩხები კარადაში დაფარული დარჩეთ. რამდენად გამოუვათ - ეს სხვა საკითხია. სხვა საკითხია იმდენად, რამდენადაც ეს დამაჯერებელი იქნება მათი ამომრჩევლისთვის. როგორც გვარამია, ისე „გირჩი" და ნებისმიერი ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზაცია ფიქრობს თავის ამომრჩეველზე და არა ერთმანეთთან დიალოგზე ან გაერთიანება-არგაერთიანების სისულელეებზე. ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ ხმა მათ მისცენ და როგორ გადაიბირონ სხვისი ამომრჩეველი. ამიტომ ორივე პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში პირობითად „პატიოსნად" იქცევა, როცა ცდილობს სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინოს. მომწონს, რომ ცოცხალი ორგანიზმები არიან", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

გილაურის საკითხი

ნიკა გვარამია თავის პოსტში ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ნიკა გილაურზეც საუბრობს და ხსნის, თუ რატომ აირჩია გილაურმა მათთან თანამშრომლობა და არა ენმ-სთან. ასევე საუბრობს ბრალდებაზე, რომ მისმა პარტიამ 40 მილიონი აიღო.

„არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ერთ სუბიექტზე და გილაურმა აირჩია 4-იანი. შეეძლო აერჩია სხვაც. აკი ეხვეწებოდა კიდეც ენმ, მაგათ დაანებე თავი, ჩვენ დაგვაფინანსე და ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იყავიო. ამ ტექსტებით იქ მისულებსაც და სააკაშვილის მიგზავნილებსაც, ვეჭვობ, ძალიან გაუჭირდებათ ამის უარყოფა. რომც აერჩია გილაურს ენმ, ჩვენ ნამდვილად არ წავიქცეოდით. მითია, რომ გილაურის გარეშე ჩვენ არჩევნებზე ვერ გავიდოდით და მხოლოდ მასზე ვიყავით დამოკიდებულნი. კი, უფრო გაგვიჭირდებოდა, კი, ნაკლები შესაძლებლობა გვექნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიქნებოდით ნულზე.

„ჩვენ წინააღმდეგ კამპანია „ქოცგირჩსა" და ენმ-ს შორის კოორდინირებული რომაა, მე პირადად ეჭვი არ მეპარება და იშვიათად მეშლება ამგვარი ამბები. არც მედიის ანალიზი მიჭირს და არც პოლიტიკურო პროცესების.

„ფაქტი ისაა, რომ ენმ-მაც და სააკაშვილმაც შესანიშნავად იციან, რომ ამორალურად იქცევიან და ტყუილებს ავრცელებენ. იციან და მაინც აკეთებენ ამას. მე არ მაინტერესებს, მომაკვდავი პარტიის გადასარჩენად, თუ რაიმე გარიგების ფასად, თუ სულაც შეიშალნენ და უმოტივაციოდ გადავარდნენ სიგიჟეში. არ ვაპირებ ამაზე მკითხაობას. მე ვხედავ, რასაც აკეთებენ და მე ვხედავ, ეს ვის წისქვილზე ასხამს წყალს - მხოლოდ ივანიშვილის", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ანა წითლიძეს გვარამიას მოუწოდებს, დაასახელოს „ნაცმოძრაობის" ის წარმომადგენელი, რომელმაც ის გილაურთან დააკავშირა.

„გვარამია ამბობს, რომ გილაურთან ის ადამიანმა მიიყვანა, რომელიც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობაშია". ჰოდა, ნიკა, თუ ამას საჯაროდ ამბობ, დაასახელე ეს ადამიანი. ვინ არის ის, ვინც გილაურთან მიგიყვანა? თუ არ იტყუები, ამის თქმის გამბედაობაც უნდა გეყოს.

„მე ვიცი, ვის გულისხმობ და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება - ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახდეს საჯარო, რაზეც ახლა და არც არასოდეს საუბარი ნამდვილად არ გაწყობს", - წერს ანა წითლიძე.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში გვარამია უფრ ახლოსაა რეალობასთან.

„ეს ისეთი რამაა, სადაც მოტყუება არ გამოვა. რომ მოიტყუოს, უცებ გამოჩნდება ორი მოწმე - გილაური და „ნაციონალური მოძრაობა". შეიძლება გამოჩნდნენ ან არ გამოჩნდნენ, მაგრამ წინასწარ ხომ არ იცი, გამოჩნდებიან თუ არა? ამიტომ, ტყუილის თქმის უფლება არ გაქვს. რაკი გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობაც" ევაჭრებოდა გილაურს, ხოლო გილაურმა გვარამიას პარტიას მიანიჭა უპირატესობა უფრო მაღალი რეიტინგის გამო, ეს დადასტურდა კიდეც. არჩევნებმა აჩვენა, რომ გვარამიამ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ" - რა თქმა უნდა, გილაურის ფინანსური დახმარებითაც.

„ამიტომ, რომ მოიტყუოს, „ნაციონალური მოძრაობა" იტყვის: „არა, ჩვენ არ ვევაჭრებოდით გილაურსო", მაგრამ მათ ხომ ჰყავთ მოწმე გილაური? ის იტყვის: „როგორ არ მევაჭრებოდით... კაი, ხალხო, რატომ იტყუებითო?" ეს ისეთი სამკუთხედია, სადაც სამივე კუთხე ერთმანეთზეა დამოკიდებული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში გვარამია სიმართლესთან ახლოსაა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×