
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეექვსე წერილსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას მისი „განაცების" მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური დევნაა. „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურად არ იდევნება და სასჯელს სამართლებრივი პროცესის ფარგლებში იხდის.
ღარიბაშვილის მორიგი წერილი იმითაცაა საინტერესო, რომ ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების" არაერთი წარმომადგენლის კრიტიკული განცხადების მიუხედავად, პასუხი კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გასცა.
„მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო", - წერს ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ „ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა".
მანამდე პაპუაშვილმა ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა: „არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი - ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის სუსტი".
ღარიბაშვილის მიერ პაპუაშვილის ცალკე გამორჩევას, ანალიტიკოსთა აზრით, ორი განსხვავებული ახსნა აქვს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრემიერმა სწორედ იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო და ღარიბაშვილი ცდილობს ბრალდებების შინაარსზე პასუხის გაცემის ნაცვლად თავად პროცესის პოლიტიკური დევნის ფორმად წარმოჩენას.
ნაწილი ანალიტიკოსების აზრით კი, პაპუაშვილი დღეს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური სპიკერია, შესაბამისად, ღარიბაშვილისთვისაც უფრო ლოგიკური იყო პასუხი სწორედ ამ ადამიანისთვის გაეცა.
რაც შეეხება ე.წ. განაცების ეპიზოდს, ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის" სახელთან დააკავშიროს ყველა ის ფიგურა, რომელიც მას განუდგა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იარლიყი ღარიბაშვილზე ნაკლებად დამაჯერებლად მუშაობს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ „ღარიბაშვილიც მათ რიგებში ჩაეწერა".
ღარიბაშვილის წერილი და „ოცნების" პასუხი
ღარიბაშვილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მის „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებასა და „დიფ სტეიტისა" და საფრანგეთის აგენტად წარმოჩენას ცდილობს. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა ამ პერიოდში საჯაროდ კითხვების დამსმელი ადამიანები და ჟურნალისტები არ დაუკითხავთ, მაშინ, როდესაც მისი წერილის გამოქვეყნების შემდეგ გამოძიებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მასზე საჯაროდ გამოხმაურებული პირების დაკითხვა. ღარიბაშვილი ამ გარემოებებს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქვამს
„თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები!
„ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!
„აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი - ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით... ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან", - წერს ღარიბაშვილი.
„ოცნების" დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს კი არა, „სააკაშვილს არ დევნის არავინ".
„ჩვენ არავის ვდევნით, არავის ვაშანტაჟებთ. რასაც ის საუბრობს, მხოლოდ მისი წარმოდგენებია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის. ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სამართლიანად იხდის სასჯელს," - განაცხადა ჭეიშვილმა.
„განაცებული" ღარიბაშვილი?
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ღარიბაშვილი „ანტიეროვნული ძალების რიგებში ჩაეწერა".
„ნაცები" იქნება თუ ის სამი პარტია, ვინც ბარიერი გადალახა არიან ანტიეროვნული ძალები, რომლებისთვისაც მისაღებია ცილისწამება, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და სამწუხაროდ, ღარიბაშვილიც მათ რიგებში ჩაეწერა. მე აღარ დავიწყებ ჩამოთვლას იმ საქმეებისა, რაც მის სახელს უკავშირდება, მათ შორის კარტოგრაფების უბინძურესი საქმე, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს დასწამეს ცილი. რაღაცა რუკები ჩამოვიდა, რაც თავიდან ბოლომდე პროვოკაცია იყო მხოლოდ პიარისთვის.
„ღარიბაშვილი იგივე მიმართულებით ამოქმედდა, როგორც „ნაცები", თუ დანარჩენი სამი პარტია", - განაცხადა მამრაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" ღარიბაშვილის „განაცება" ვერ გამოსდის.
„ქართული ოცნება" ზოგჯერ ანეკდოტამდე მიდის - ვინც კი „ოცნებას" განუდგა, ყველა „ნაცია": გახარიაც, მარგველაშვილიც, ზურაბიშვილიც, ყველა „ნაცების" დავალებას ასრულებს. ეს პროპაგანდის ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ „ნაცების" რეიტინგი მაღლა ვერ აიწევს. ამიტომ ცდილობს, ყველა „ნაცებად" შეარაცხოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკაში რაღაც დააპირე, საერთოდ დაკარგავ ამომრჩეველს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ქართული ოცნება" ზოგჯერ ანეკდოტამდე მიდის - ვინც კი „ოცნებას" განუდგა, ყველა „ნაცია"... როგორ შეიძლება ახლა ღარიბაშვილს „ნაცობა" დასწამო?"
„როგორ შეიძლება ახლა ღარიბაშვილს „ნაცობა" დასწამო? შეიძლება რაღაც დასწამო, მაგრამ არა „ნაცობა"... აგენტობა უფრო ახლოსაა", - განაცხადა ძაბირაძემ.
რატომ ახსენებს პაპუაშვილს
პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ღარიბაშვილმა მაინცდამაინც პაპუაშვილს იმიტომ უპასუხა, რომ სამართლებრივ პროცესზე აქცენტი გულზე მოხვდა.
„როგორ მოიპოვა ამ დროში სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფმა ადამიანმა ამხელა თანხა? პაპუაშვილის განცხადება გულზე მოხვდა, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი. მას საჯარო განცხადებაში არცერთხელ არ უთქვამს - ტყუილია, არავითარი ფული ჩემთან არ უპოვიათო და დამაბრალესო. ვითომც არ ყოფილა ეს ამბავი", - განაცხადა მამრაძემ.
- პეტრე მამრაძე: „ან ავადმყოფთან გვაქვს საქმე, ან საერთოდ თავგასულ ადამიანთან, რომელმაც საღი აზრი დაკარგა".
კითხვაზე, გარდა ამისა, თუნდაც პიროვნული საკითხი ხომ არ შეიძლება იყოს პაპუაშვილთან, მამრაძემ გვითხრა:
„არ მგონია. მას სურს ეს სამართლებრივი პროცესი გამოაცხადოს პოლიტიკურ დევნად. პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ სამართლებრივია პროცესიო და არა რაღაც დევნა. მაშინ ახსენი ეს ყველაფერი საიდან გაქვს. ამაზე ხმას არ იღებს ეს კაცი, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ მე გადავარჩინე ბორჯომის ტყეებიო. შემდეგ კი ჰქკითხეს, ცოლს რატომ ჩააბარე და ქვეყანაში არსებობს თუ არა ტყეების გადარჩენის სხვა გზაო... ან ავადმყოფთან გვაქვს საქმე, ან საერთოდ თავგასულ ადამიანთან, რომელმაც საღი აზრი დაკარგა", - განაცხადა მამრაძემ.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, აქცენტი პაპუაშვილზე იმიტომ გააკეთა ღარიბაშვილმა, რომ სწორედ პაპუაშვილია დღეს „ოცნების" მთავარი პოლიტიკური სპიკერი.
„გასაგებია, კალაძემ თქვა, რომ კაცურად უნდა მიიღოს განსაცდელიო, მაგრამ პაპუაშვილის განცხადებები მართლაც წმინდა პოლიტიკურია, ისაა დღეს მთავარი პროპაგანდისტული ფიგურა. რადგან მდინარაძე თამაშიდან გავიდა, დარჩა პაპუაშვილი. ამიტომ პაპუაშვილისადმი სწორი მიმართებაა და არა თუნდაც კალაძისადმი.
„არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს მთლიანად პოლიტიკური პროცესია. ეს შეიძლება იყოს კომბინირებული - შედიოდეს როგორც პოლიტიკური ნაწილი, ისე სამართლებრივი. მით უმეტეს, რომ თავად აღიარა - რაღაც დარღვევები ჰქონდა. ამას ხომ ვერ გაექცევა თავად ღარიბაშვილიც? პაპუაშვილის და კალაძის განცხადებები უფრო კომბინირებულია, ვიდრე, დავუშვათ, წმინდა პოლიტიკური ხასიათის", - განაცხადა ძაბირაძემ.