
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყველა არსებულ პროგნოზს აჭარბებს და ყველაზე დიდი ტემპით ავსებს. თუკი წლის ბოლომდე მაჩვენებელი დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო, რეზერვების მოცულობამ ეს ნიშნული კარგა ხანია გადალახა და 8 მილიარდს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ მყარი რეზერვები ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, პროცესს მეორე მხარეც აქვს: შესყიდული დოლარის სანაცვლოდ ბრუნვაში ლარის მასა იზრდება, რაც, თავის მხრივ, ინფლაციას ასტიმულირებს. ეკონომიკურ სივრცეში სეროზული განხილვის საგანი ხდება საკითხი, სავალუტო რეზერვების შესყიდვის ამჟამინდელი ტემპი რამდენად სახარბიელოა.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით, საერთაშორისო რეზერვები 613 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.2%-ს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა.
ეკონომისტების ზოგადი პოზიცია და მიდგომა სავალუტო რეზერვების აგრესიულ შესყიდვასთან დაკავშირებით ცალსახად უარყოფითია. ისინი მიიჩნევენ, რომ აგრესიული ზრდა მიუთითებს იმ დილემაზე, რაც ლარის მასის ზრდასთან დაკავშირებულო რისკია. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ზომიზურაშვილი იმ მაკროეკონომიკურ საფრთხეზე საუბრობს, რაც სწორედ საერთაშორისო რეზერვების ზრდას უკავშირდება.
„ფულის მასის ზრდა აუცილებლად იწვევს ინფლაციურ პროცესებს, რაც, საბოლოო ჯამში, ლარის მსყიდველუნარიანობაზეც აისახება. ეროვნული ბანკის თვითმიზანი რეზერვების უსასრულოდ გაზრდა არ უნდა იყოს - აქ მკაცრად დაბალანსებული პოლიტიკაა საჭირო.
დღეს გლობალურად მაღალი დაძაბულობისა და ომების ფონზე, კაპიტალი მასობრივად ტოვებს რისკიან ზონებს და უსაფრთხო თავშესაფარს ეძებს. ვინაიდან ჩვენთან კაპიტალის ბაზარი განვითარებული არ არის, შემოსული თანხები, ძირითადად, უძრავ ქონებაში იბანდება, როგორც ყველაზე „გარანტირებულ“ სფეროში. კაპიტალის ამგვარი შემოდინება უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს, რის გამოც საცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება.
ეროვნულმა ბანკმა ღრმად უნდა გააანალიზოს, საიდან შემოდის დოლარი და სად მიემართება ის. საჭიროა დამბალანსებელი პოლიტიკა და ისეთი ინსტრუმენტების შექმნა, რომლებიც ეკონომიკის რეალურ სექტორს განავითარებს. წესით, სებ-ი ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურებაზე უნდა ზრუნავდეს, რასაც სათანადოდ არ აკეთებს.
უცხოური ვალუტის შესყიდვის ამჟამინდელი მაღალი ტემპი რისკებს უკავშირდება. ვინც ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა, ცდება - ფულის მასის მატება ბაზარზე ადვილად არ ქრება და ის ყოველთვის ინფლაციაში აისახება,“ - განაცხადა ხომიზურაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
მსგავსი პოზიცია აქვს ეკონომისტ რამაზ გერლიანსაც, რომელიც სავალუტო რეზერვების აგრესიულად შევსებისა და ფულის მასის ზრდის ფონზე, მთავარ ყურადღებას სწორედ ინფლაციურ რისკზე ამახვილებს.
,,ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო რეზერვების ასეთი ტემპით და მასშტაბით შევსება, ცენტრალური ბანკების თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. როდესაც სებ-ი ყველა პროგნოზს აჭარბებს და რეზერვებს აგროვებს, ის რეალურად ემზადება შესაძლო გლობალური და რეგიონული გამოწვევებისთვის. რეგიონში და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ომებისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, ცენტრალური ბანკები ცდილობენ, მაქსიმალურად მყარი სავალუტო რეზერვები იქონიონ. ეს კრიტიკულ მომენტში ქვეყანას ვალდებულებების შესრულებისა და პანიკის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.
არის მეორე ფაქტორიც, როდესაც ეროვნული ბანკი ბაზრიდან დოლარს ინტენსიურად ყიდულობს, სანაცვლოდ ბრუნვაში უზარმაზარი ლარის მასა ეშვება. ეს პროცესი, ბუნებრივია, ზრდის ფულის ერთეულების რაოდენობას მიმოქცევაში, რაც გარდაუვალად იწვევს ინფლაციურ წნეხს და საბოლოო ჯამში, პროდუქტების გაძვირებასა და ეკონომიკურ მდგრადობაზე აისახება", - აღნიშნა ეკონომისტმა.
მისი შეფასებით, რეზერვების ზრდა არ უნდა ხდებოდეს იმ ფასად, რომ ქვეყანაში ფულის მასის უკონტროლო ზრდით გამოწვეული ინფლაცია დამატებით პრობლემებს ქმნიდეს.
"დღეს რეზერვების შევსების ტემპი ყველა არსებულ პროგნოზს აჭარბებს, თუმცა ამ პროცესს არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ სერიოზული მაკროეკონომიკური რისკებიც ახლავს თან. გარდა ამისა, პრობლემაა კაპიტალის დაბანდების კუთხითაც - არსებობს რისკი, რომ შემოსული ფინანსური რესურსი რეალური სექტორის განვითარებას ვერ მოხმარდეს და ეკონომიკისთვის სასურველი ეფექტი ვერ მოიტანოს“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ რამაზ გერლიანმა.
2026 იანვარ-ივლისში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 2.566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2026 წლის აგვისტოს სტატისტიკა 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.