
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა, - ინფორმაციას „გარდიანი" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა", - განაცხადა მერცმა.
მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
შეგახსენებთ, წინასწარი შედეგების თანახმად, საქსონია-ანჰალტში გუშინ ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის" - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, რომლის წევრიც საქსონია-ანჰალტის მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა, ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ - 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა. „დოიჩე ველე" წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის" 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" - 15-ს, „მემარცხენე პარტია", „ალიანსი 90/მწვანეები" და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია" - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი" კი - 5-ს.საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.
ჩატარებულ არჩევნებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ გერმანიაში AfD-ის ტრიუმფით. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, „ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვებას ევროპისთვის „ძალიან შემაშფოთებელი" სიგნალი უწოდა. ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ არჩევნების შედეგებს „საშინელი ამბავი" უწოდა. „საშინელი ახალი ამბავი, რადგან ის ეხება პოლიტიკურ ძალას, რომელიც ლიბერალურ და დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.
საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჯამინ ჰადადმა, გამარჯვება შეაფასა, როგორც "სერიოზული მომენტი ევროპაში" და განაცხადა, რომ „ნაციონალიზმი და ქსენოფობია არასდროს იქნება გამოსავალი". მისი განცხადებით, პოლიტიკოსებმა „თავმდაბლობით უნდა მოუსმინონ" საზოგადოებაში არსებულ გაბრაზებას, შიშსა და წუხილს და ამ პრობლემებს სათანადო პასუხი გასცენ.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, როლან ლესკურის თქმით, ევროპა კონტინენტზე „პოპულისტური ტალღის ფონზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას".
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ისტორიული გამარჯვებაა. „გერმანელებმა თავისი სიტყვა თქვეს და გერმანიამ გაიღვიძა. დამცირებული მერცი ახლახან გახდა სტარმერი", - წერს კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის" „გონიერების, თანამშრომლობის, სიმართლისა და იმედის პარტიაა გერმანიისთვის".
გერმანიის „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერი ალის ვაიდელი:
„ეს ისტორიული შედეგია. ჩვენ აქ ხმების %44 ან %45 პროცენტი მოვიპოვეთ, რაც სრულიად მკაფიოდ გვაძლევს მართვის მანდატს."
"ჩვენ ასევე ვუხელმძღვანელებთ ქვეყანას ფედერალურ დონეზე. გერმანელ ხალხს უბრალოდ ყელში ამოუვიდა ისეთი პოლიტიკა, რომელიც გერმანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხორციელდება.
ჩვენ გამოვედით მკაფიო პლატფორმით - წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერებები და არა უკრაინის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსი.
და შემიძლია გითხრათ, რა მოხდება, როდესაც ფედერალურ დონეზე მივიღებთ მართვის მანდატს და ავიღებთ სამთავრობო პასუხისმგებლობას: ჩვენ შევამცირებთ ყველა ზედმეტ ხარჯს, გავაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს, ქვეყნიდან გავაძევებთ ყველა იმ პირს, ვისაც ქვეყნის დატოვება ევალება, ასევე ყველა დამნაშავეს და დავხურავთ საზღვრებს."
"ჩვენ ავაგებთ გონივრულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ბოლო წლებში გერმანია უბრალოდ სრულიად განადგურდა. ამაზე პასუხისმგებელი კი, უპირველეს ყოვლისა, არის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) - ანგელა მერკელი, ახლა კი ფრიდრიხ მერცი. ეს არის კატასტროფა. ხალხს ამის ყურება არ შეუძლია და ვეღარ იტანს, რადგან გერმანია ღარიბდება."
ჟურნალისტი: „ფიქრობთ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი AfD-ისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში/ფედერალურ დონეზე ძალაუფლების მოსაპოვებლად?"
„აბსოლუტურად, აბსოლუტურად! ეს არის სრულიად მკაფიო მანდატი მართვისთვის. იმპულსი მოდის როგორც სხვა ფედერალური მიწებიდან, ისე განსაკუთრებით ფედერალური დონიდან. მე ასევე ველოდები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ვარაუდობ, რომ მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი შობამდე შეიცვლება."
"გერმანია დე ფაქტო გაკოტრებულია. გერმანია უფულოდაა და ამას არ გეუბნებიან.
ოდესღაც უბრალოდ მოგიწევთ კარტების გახსნა და ციფრების საჯაროდ გამოტანა. ეს ყველაფერი ფინანსურად ვეღარ გაძლებს. საფრანგეთიც გაკოტრებულია. რეალურად ვინ უნდა გადაიხადოს ევროკავშირში ამ მთელი ცირკის საფასური?
მალე ჩვენ ამას ვეღარ შევძლებთ, რადგან მარტო საპროცენტო ხარჯები კატასტროფულად იზრდება.
და შემდეგ მოგვიწევს ყველაფრის გაყინვა - და ეს მოხდება, რადგან ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ სრულიად უპასუხისმგებლო და არასერიოზული პოლიტიკა ხორციელდება."
არც ერთი კანცლერი არ ყოფილა ისეთი არაპოპულარული, როგორც ფრიდრიხ მერცი, რომელიც გერმანიის პოზიტიური განვითარებისთვის დიდ ტვირთად იქცა."
"ჩვენ გავატარებთ პოლიტიკას გერმანელებისთვის, ჩვენივე მოსახლეობისთვის, რომლის უსაფრთხოების განცდაც დაირღვა.
და ამის მიღმა, ღია საზღვრების მთელი ეს სპექტაკლი, რაც აქ ხდება, ფინანსურად უბრალოდ ვეღარ გაძლებს. უბრალოდ შეხედეთ შრომისა და სოციალურ საქმეთა ბიუჯეტს. შეხედეთ მთლიან საბიუჯეტო პოლიტიკას".