
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, „სანამ ძალიან გვიან არ არის" აშშ-მა უნდა გაიგოს, რომ თამაშის წესები შეიცვალა. ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს. „ამიერიდან, ირანის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმას უფრო სწრაფი, მძიმე და მტკივნეული პასუხი მოჰყვება", - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გარეთ შეზღუდული ზონა უახლოეს დღეებში შეიქმნება. მისი თქმით, ზონა მოიცავს სპარსეთის ყურის ტერიტორიებს. თავდაპირველად გეგმის შესახებ მცირე დეტალები იყო ცნობილი, თუმცა, რეზაიმ განაცხადა, რომ ახალ ზონაში შემავალი ნებისმიერი გემი დასანქცირდება.
ირანის ეკონომიკის მინისტრმა ალი მადანიზადემ კვირას განაცხადა, რომ თეირანი აშშ-ის ეკონომიკურ ზეწოლაზე რეფორმებით რეაგირებას გეგმავს.
„ისინი საუბრობენ ეკონომიკურ ზეწოლასა და იზოლაციაზე, ფინანსური კავშირების გაწყვეტაზე და ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლით მათ შეუძლიათ შეცვალონ მისი ხალხის გადაწყვეტილებები. უნდა განვმარტო ერთი რამ: ირანის ეკონომიკის რეფორმირების პასუხისმგებლობა მის მთავრობასა და ხალხს ეკისრება და არა აშშ-ის ხაზინას", - განაცხადა მადანიზადემ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს განცხადებები კომპლექსურ სტრატეგიას ასახავს, სადაც სამხედრო მუქარა, გეოპოლიტიკური შანტაჟი და ეკონომიკური თვითგადარჩენის მცდელობა ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული.
ექსპერტების აზრით, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის მკაცრი რიტორიკა მიანიშნებს თეირანის სურვილზე, დააწესოს ახალი წითელი ხაზები და აშშ-ს აჩვენოს, რომ „სტრატეგიული მოთმინების" ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ნებისმიერ დარტყმას მყისიერი და ასიმეტრიული პასუხი მოჰყვება.
ამ სტრატეგიის ყველაზე სახიფათო ნაწილად ექსპერტები მოჰსენ რეზაის მიერ ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში „შეზღუდული ზონის" გამოცხადებას მიიჩნევენ. რადგან ამ მარშრუტზე მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი მოძრაობს, ნაოსნობის ნებისმიერი შეზღუდვა ან გემების დაჯარიმების მუქარა პირდაპირ ენერგომატარებლების გლობალურ ფასებზე დარტყმისკენაა მიმართული.
რადგან ირანს არ აქვს საკმარისი რესურსი აშშ-სთან პირდაპირი სამხედრო-ეკონომიკური დაპირისპირებისთვის, იგი გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენებით ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობაზე წნეხის გაზრდას.
ექსპერტების აზრით, ამავდროულად, ეკონომიკის მინისტრ ალი მადანიზადეს განცხადება შიდა და საგარეო აუდიტორიისკენ გათვლილი პოლიტიკური სვლაა. ერთი მხრივ, თეირანი ცდილობს მოსახლეობას ეკონომიკური სიდუხჭირე „აშშ-ის ხაზინის აგრესიით" აუხსნას და საკუთარი თავი სუვერენიტეტის დამცველად წარმოაჩინოს, ხოლო მეორე მხრივ, რეფორმების დაანონსებით შიდა უკმაყოფილების ჩახშობას ცდილობს, თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ ირანმა ღრმა საერთაშორისო იზოლაციის პირობებში რეალური ეკონომიკური გარღვევა შეძლოს.