
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატი ნათია თამაზაშვილი შევიდა.
როგორც ადვოკატმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე აღნიშნა, თუ ირაკლი ღარიბაშვილს რაიმეს თქმა ენდომება, თვითონვე იტყვის.
„შევდივარ ახლა ირაკლისთან და თუ რაიმეს თქმა ენდომება და რაიმეს გამჟღავნება ენდომება საზოგადოებისთვის, თვითონვე აუცილებლად იტყვის“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო კვირების განმავლობაში რუსთავის საპატიმროდან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელშიც მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს ღიად უპირისპირდება, კერძოდ, ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძის მხრიდან მის დევნაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი უსაფუძვლოა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, საპატიმროდან გავრცელებულ მორიგ წერილში ღარიბაშვილმა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტზეც ისაუბრა და დასვა კითხვა: „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“, - წერს წერილში ირაკლი ღარიბაშვილი.
აღნიშნულს გამოეხმაურა პრემიერი კობახიძე, რომელმაც აღნიშნა: „ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა“.