თამთა ჩაჩანიძე
05.09.2026

პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, მმართველი პარტიის მხარდამჭერებში კითხვები და მოლოდინი გააჩინა. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სოციალურ ქსელებში. „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოელის, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ღიად ჩაერთვება პროცესში და ამა თუ იმ ფორმით დააფიქსირებს თავის პოზიციას.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ივანიშვილი საჯაროდ მხოლოდ განსაკუთრებულ ან კრიზისულ სიტუაციებში ჩნდება, ხოლო ახლა „ოცნებაში" არ არის იმდენად კრიზისული სიტუაცია, რომ პროცესებში მისი ჩარევა აუცილებელი იყოს. თუმცა, მათი ნაწილის აზრით, ახლა მმართველ პარტიაში სიტუაციის შეფასება მიდის და თუკი ჩაითვლება, რომ კრიზისის პრევენციისთვის საჭიროა ივანიშვილის ჩარევა, ის ასეც მოიქცევა.

რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ფორმას, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს, დიდი ალბათობით, იქნება, ან რომელიმე პროსახელისუფლებო არხზე ვრცელი ინტერვიუ, ან ვრცელი საჯარო წერილი.

გამოჩნდება თუ არა ვანიშვილი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს არაა ისეთი კრიტიკული სიტუაცია „ოცნებაში", რომ საჭირო იყოს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა.

„როცა კრიტიკული სიტუაციაა და როდესაც აუცილებლობაა, ივანიშვილი ყოველთვის გამოდის ასპარეზზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ საჭიროებას უბრალოდ ვერ ვხედავ. „ქართულ ოცნებაში" არანაირი კრიზისული სიტუაცია არაა. ბიძინა ივანიშვილი მშვენივრად აკონტროლებს „ქართულ ოცნებასაც" და მის ამომრჩეველსაც და ამიტომ, როგორც ჩანს, არ თვლის საჭიროდ, რომ გამოვიდეს და ამ რეალობაში რაღაც ცვლილებები შეიტანოს.

„რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ახლა სოციალური ქსელების აქტივობა რამდენად რეალურია და რამდენად ფაქტობრივია, ეგ კიდევ ცალკე თემაა და ცალკე საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან ხშირად ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს და მათ უკეთესად იციან, რა განწყობებია მოსახლეობაში, ვიდრე, დავუშვათ, ეს სოციალური ქსელების ერთგვარი დაკვირვებითა თუ შესწავლით ჩანს. იმიტომაც არ გამოდის ასპარეზზე.

„ქართულ ოცნებას" და მით უმეტეს ივანიშვილს ამ ეტაპზე არაფერი არ ემუქრება. ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე იმის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს და ვიღაცეები დაამშვიდოს. მას თავისი გუნდი დაწყნარებული ჰყავს და მშვენივრად არიან. ღარიბაშვილს და მის მომხრეებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, მაინც ივანიშვილთან ერთად უნდა იყვნენ. იმიტომ, რომ თუ პოლიტიკური პროცესი რაღაც სხვაგვარად წავიდა, ღარიბაშვილი მარტო არ იქნება, მის გვერდით კიდევ ბევრი აღმოჩნდება. მათ ჩვენზე უკეთ იციან, რეალურად რა და როგორ ხდება, რას წარმოადგენდა ღარიბაშვილი, კორუფციის რა დონე იყო და ა.შ. ამიტომაც ივანიშვილი სრულიად დარწმუნებულია, რომ არანაირი ისეთი კრიზისული სიტუაცია არაა და ამიტომაც არ ჩანს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით სიტუაცია კრიტიკული არაა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ პარტიაში შექმნილი მდგომარეობის შეფასების პროცესი მიდიოდეს, რის შემდეგაც გადაწყდება საჭიროა თუ არა ივანიშვილის გამოჩენა.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „სავარაუდოდ, ახლა „ქართულ ოცნებაში" უბრალოდ შეფასების პროცესი მიმდინარეობს - ღარიბაშვილის გამოხტომის მერე თუ რა პოლიტიკური მდგომარეობა და რა სოციალური განწყობები შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში, მათ შორის, „ქართული ოცნების" მხარდამჭერების რიგებშიც, სადაც არაერთგვაროვანი განწყობები უკვე ჩამოყალიბდა".

„ჩემი აზრით, ჯერჯერობით სიტუაცია კრიტიკული არაა, მაგრამ არც ისეთი მარტივია, რომ მისი უბრალოდ გატარება შეიძლებოდეს. სავარაუდოდ, ახლა „ქართულ ოცნებაში" უბრალოდ შეფასების პროცესი მიმდინარეობს - ღარიბაშვილის გამოხტომის მერე თუ რა პოლიტიკური მდგომარეობა და რა სოციალური განწყობები შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში, მათ შორის, „ქართული ოცნების" მხარდამჭერების რიგებშიც, სადაც არაერთგვაროვანი განწყობები უკვე ჩამოყალიბდა ღარიბაშვილის ამ გააქტიურების ფონზე. აქედან გამომდინარე, როცა ყველაფერი აიწონ-დაიწონება, შესაბამისად გადაწყდება, საჭიროა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ჩარევა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა შემთხვევაში და რა ფორმით გამოჩნდება „ოცნების" დამფუძნებელი

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო იმ შემთხვევაში გამოჩნდება, როდესაც საგარეო ფაქტორები შიდა პოლიტიკაზე მოახდენენ გავლენას.

„არ ვიცი ახლა ისეთი რა შეიძლება მოხდეს, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს ასპარეზზე. შესაძლოა ეს იყოს, მაგალითად, მხოლოდ საგარეო ფაქტორები, იგივე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი, როცა შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია სრულიად სხვაგვარი იყოს და გარე პოლიტიკური ვითარებამ იმოქმედოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. ეს ერთი მომენტია.

„მეორე - შესაძლოა ეს იყოს იგივე ირანში მიმდინარე პროცესები, ან, დავუშვათ, დასავლეთთან, უფრო ზუსტად აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები. აი, ეს თემები თუ იქნება მარტო, თორემ, ახლა, ღარიბაშვილის წერილების გამო ივანიშვილი რომ გამოვიდეს, არ მგონია. ჯერ ერთი, ღარიბაშვილმაც და მისმა მომხრეებმაც მშვენივრად იციან, რომ რაც სათქმელი არაა, არ უნდა თქვან და ისიც ნათელია, რომ ის წერილებში ლაპარაკობს მხოლოდ კობახიძეზე და მდინარაძეზე და ივანიშვილს, პირიქით, აქებს და ძვირფას ადამიანად მოიხსენიებს. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა", - განაცხადა ძაბირაძემ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ახლა, ღარიბაშვილის წერილების გამო ივანიშვილი რომ გამოვიდეს, არ მგონია. ჯერ ერთი, ღარიბაშვილმაც და მისმა მომხრეებმაც მშვენივრად იციან, რომ რაც სათქმელი არაა, არ უნდა თქვან და ისიც ნათელია, რომ ის წერილებში ლაპარაკობს მხოლოდ კობახიძეზე და მდინარაძეზე".

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუ გუნდში გადაწყდა, რომ ივანიშვილის გამოჩენა აუცილებელია, ის გამოჩნდება ისეთი ფორმით, როგორც ადრე - ტელეინტერვიუთი, ან წერილით:

„როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე - ერთი შეიძლება იყოს იყოს ის, რომ რაღაც ვრცელი წერილი გამოაქვეყნოს, როგორც ეს უკვე ვიცით. კრიტიკულ სიტუაციებში აუდიტორიას წერილობით მიმართავს ხოლმე. მეორე შეიძლება იყოს, ვთქვათ, ტელეინტერვიუ რომელიმე პროსახელისუფლებო არხზე. ანუ, ეს უნდა იყოს კომუნიკაცის ისეთი ფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა მხარეს - ხელისუფლების მომხრეებსაც და ოპონენტებსაც. რამდენადაც მე ვიცნობ მისი კომუნიკაციის სტილს, ჯერჯერობით მას კომუნიკაციის ეს ორი სტილი ჰქონდა, აქამდე ასე ესაუბრებოდა - ან ვრცელი ტელეინტერვიუ, ან წერილი".

კითხვაზე, რამდენად შეიძლება „ოცნებამ" საგანგებო პოლიტსაბჭო მოიწვიოს ივანიშვილის მონაწილოებით, ანჯაფარიძემ გვითხრა: ​

„საგანგებო სხდომა მოიწვევა იმ შემთხვევაში, თუკი „ქართულ ოცნებაში" ჩათვლიან, რომ სიტუაცია მართლაც არის კრიზისული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეფასების პროცესი მიმდინარეობს. მე პირადად, როგორც გარედან დამკვირვებელი, არ ვთვლი, რომ სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, რომ ის შემდეგ კრიტიკულში არ გადაიზარდოს და ამისათვის საჭიროა გარკვეული პრევენციული ზომებიც. თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება იქნება მიჩნეული ასეთ პრევენციულ ღონისძიებად, არ გამოვრიცხავ, რომ ის ვიხილოთ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×