
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება. დღეს კითხვებს გიორგი ლილუაშვილი უპასუხებს. უკვე გამოკითხულია 9 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობს და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.
„თავად ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ფაქტი თავად ის, რომ ასეთ სენსიტიურ ფაქტს, თვითმკვლელობის ფაქტს იყენებ რაღაცა პროცესებისთვის, უკვე ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, რა თქმა უნდა, ის, რომ წერილის გამოქვეყნების შემდგომ ასევე აყვა ამას ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები. გაჩნდა კითხვები და ამ დროს ყველამ უკან დაიხია და ყველამ განაცხადა, რომ არავინ არაფერი არ იცოდა თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. თუ არაფერი იცი, შენ დალოცვილო, მაშინ რა განცხადებებს აკეთებ ამ ფაქტთან დაკავშირებით. როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს, თორემ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური სვავებივით არიან ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები, ოღონდ კი რამეს ჩაეჭიდონ, რომ აქ არეულობა მოხდეს და ასე შემდგომ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ისეთი ფაქტი, სადაც არ არის მტკიცებულება, არ უნდა გამოაქვეყნო“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წერილსაც მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე შეთქმულების თეორიები შექმნა, რასაც ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა.