„არსებობს ხარვეზი გეოპოლიტიკურ აუცილებლობასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს შორის, რომელიც ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ“ - ევროკომისარი მარტა კოსი
ნატალია ჯვარიძე
04.09.2026

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოებას აანონსებს და აცხადებს, რომ 2026 წელი რეკორდულია, პროცესი ოთხი მიმართულებით, მათ შორის ეტაპობრივი ინტეგრაციით წარიმართება. ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველოს საკითხი არ განიხილება, აღნიშნული განცხადება კი უფრო მოლდოვას ან ბალკანეთს ეხება.

არაფორმალურ ზოგად საქმეთა საბჭოს წინ მარტა კოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2026 წელი უკვე რეკორდული წელია და ბლოკი კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს.

„ეს შემოდგომა ორი მიმართულებით გაფართოების შემოდგომა იქნება. ერთი ეხება წევრობის კანდიდატების მომზადებას, ხოლო მეორე - იმას, თუ რას ვაკეთებთ ევროკავშირის შიგნით მოსამზადებლად. 2026 წელი უკვე რეკორდული წელია. წელს ჩვენ გასული 2025 წლის ერთ წელზე მეტი გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია", - აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას მოლაპარაკებების პროცესის დასრულება ამ ათწლეულის ბოლომდე შეუძლია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ჩვენ ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ევროკავშირის ასოცირების მოთხოვნების შესრულების კუთხით. ასე რომ, ჩემი პასუხი რომ შევაჯამოთ, საქართველოს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება"

„დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვამზადოთ ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ეს ოთხი მიმართულებით წარიმართება. პირველი, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა გავლენას მოახდენს გაფართოება ჩვენს პოლიტიკასა და წევრ სახელმწიფოებზე. მეორე, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ შიგნით, ანუ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა განვახორციელოთ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ევროკავშირი, როგორც გლობალური მოთამაშე და ეფექტური გადაწყვეტილების მიმღები. მესამე ნაწილი იქნება დაცვა. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სახის, ახალი თაობის დაცვის მექანიზმების დანერგვა შეგვიძლია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალმა წევრმა სახელმწიფომ უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ევროკავშირის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მომდევნო ხუთი, ათი, 15 წლის განმავლობაში და მეოთხე პუნქტი თანდათანობით ინტეგრაციას შეეხება. არსებობს ხარვეზი გეოპოლიტიკურ აუცილებლობასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს შორის, რომელიც ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ. გაფართოების დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპი ნიშნავს, რომ ამას დრო სჭირდება. ამიტომ, ჩვენ ვნახავთ, რა ახალი გზები უნდა შემოვიღოთ, რათა კანდიდატებს საშუალება მივცეთ, უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებული ევროკავშირთან, სანამ ისინი სრულუფლებიანი წევრები გახდებიან."

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ამ ეტაპზე არაფერი შეიცვლება.

„საქმე იმაშია, რომ ჯერჯერობით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებიდან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ვერანაირ სერიოზულ წინაპირობას იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს იმ წრეზე, რაც ადრე იმყოფებოდა. ეს არის გამოწვეული მთელი რიგი როგორც საგარეო, ისე მეტწილად შიდა პოლიტიკური ფაქტორებით, რომლებიც პრინციპში ყველასთვის ცნობილია, და ახლა მათ ხელახლა ჩამოთვლას აზრი არ აქვს. ასე რომ, მე ვფიქრობ, საქართველოში რეალურად პროცესი მიდის იქითკენ, რომ 2028 წლისთვის, როდესაც, როგორც დაანონსდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, ის შეასრულებს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების აბსოლუტურ უმეტესობას - მერე, ვთქვათ, ოფიციალურად შეეცადოს, დაიწყოს ევროკავშირთან დიალოგი.

თუმცა, ევროკავშირი რამდენად იქნება განწყობილი ამისთვის, რამდენად შეგვიფასებს პროგრესს და გახსნის თუ არა კლასტერებს, რაც უკვე გახსნეს მოლდოვასა და უკრაინასთან? ამაზე ახლა საუბარი ნაადრევია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ევროკავშირის ასოცირების მოთხოვნების შესრულების კუთხით. ასე რომ, ჩემი პასუხი რომ შევაჯამოთ, საქართველოს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

  • პაატა ზაქარეოშვილი: „საქართველოზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა როგორც კანდიდატი, იმიტომ რომ ფაქტობრივად საქართველომ შეწყვიტა თანამშრომლობა ევროკავშირთან, ხოლო ევროკავშირი ელოდება საქართველოსგან თანამშრომლობის აღდგენას. ანუ, ნაბიჯები საქართველოს მხრიდან უნდა გადაიდგას"

რაც შეეხება სხვებს, მათ შორის სომხეთს, მის მიმართ განცხადებები კეთდება, მაგრამ ეს უფრო ზოგადი, მხარდამჭერი განცხადებებია, რადგან სომხეთს ჯერ არც მიუმართავს ევროკავშირისთვის გაწევრიანების თაობაზე. მას ჯერ სერიოზული და საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ რეალურად დაიწყოს ევროინტეგრაციის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური კონტაქტები არსებობს ერევანსა და ბრიუსელს შორის. ასე რომ, მე ამ საკითხს ასეთ დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი ამ ეტაპზე.

ვფიქრობ, რომ თუ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ან ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში არაფერი შეიცვალა, ჩვენ ასე მივალთ 2028 წლამდე. ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ახლახან „პოლიტიკოში" იყო საკმაოდ საინტერესო სტატია იმის შესახებ, რომ თვითონ ევროკავშირი დადგა გაფართოების დილემის წინაშე. ანუ, ამ გაფართოების საკითხს ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით მისი წამყვანი, მსხვილი სახემწიფოები (როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია), სიფრთხილით ეკიდებიან. მათ არ იციან, თუ რას მოუტანს ევროკავშირს ახალი წევრების მიღება. სწორედ ამიტომ შემოიღეს ეს ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს ეტაპობრივ ინტეგრაციას - ანუ, როგორც იტყვიან, ჯერ შეამოწმონ, ხომ არ იქნებიან ევროკავშირის მომავალი ახალი წევრები ისეთივე პრობლემების შექმნელნი, როგორიც იყო, მაგალითად, თავის დროზე უნგრეთი ორბანის მეთაურობით. ასე რომ, ევროკავშირშიც არ არის ერთიანი, სოლიდარული მიდგომა, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ისინი თავიანთ საჯარო გამოსვლებში", - თქვა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ კოსის განცხადებაში შეიძლება მოიაზრებოდეს მოლდოვა, ან ბალკანეთის რომელიმე სახელმწიფო.

„მოლდოვას კარგი პირობები აქვს, ასევე მონტენეგროს, შეიძლება ბალკანეთის რომელიმე სახელმწიფოც იგულისხმებოდეს ამ განცხადებაში. ძნელი სათქმელია ახლა მათ ნაცვლად საუბარი და იმის თქმა, თუ როგორი დინამიკა აქვთ. საქართველოზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა როგორც კანდიდატი, იმიტომ რომ ფაქტობრივად საქართველომ შეწყვიტა თანამშრომლობა ევროკავშირთან, ხოლო ევროკავშირი ელოდება საქართველოსგან თანამშრომლობის აღდგენას. ანუ, ნაბიჯები საქართველოს მხრიდან უნდა გადაიდგას. მან უნდა შეასრულოს ის ცხრა პირობა, რაც ევროკავშირმა წამოუყენა. ამ ცხრა პირობის შემდეგ კიდევ ასობით სხვა პირობა იქნება, რასაც დღეს უკვე ასრულებენ მოლდოვა და უკრაინა. ასე რომ, საქართველოზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და არც მინიშნებებია. ეს ალბათ ან მოლდოვას, ან რომელიმე ბალკანურ სახელმწიფოს ეხება, სადაც, სავარაუდოდ, გარკვეული პროგრესი ექნებათ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×