თამთა ჩაჩანიძე
04.09.2026

 თბილისის საქალაქო სასამართლომ მიგრაციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუს ოპოზიციონერ აქტივისტ დენის კულანინს მიეცა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად. კულანინი საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინას და გმობდა რუსეთის აგრესიას, მისი რუსეთში იძულებითი დაბრუნება სახიფათოდ მიიჩნეოდა. ეს გადაწყვეტილება კი მას საშუალებას აძლევს, მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გაემგზავროს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცედურას განმარტავს და იმ შემთხვევაში, თუ კულანინი ამ ვადაში ქვეყანას ნებაყოფლობით არ დატოვებს, კანონის შესაბამისად მას ქვეყანას იძულებით დაატოვებინებენ.

მანამდე, ორგანიზაციამ ,,უფლებები საქართველო" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ და ორგანიზაცია აგრძელებს აქტივისტის უფლებების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრებამდე.

„დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.

დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.

,,უფლებები საქართველო" აგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე",- ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც კულანინი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.

ადვოკატები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ კულანინს მესამე ქვეყანაში უნდოდა გადასვლა, რადგან მისთვის რუსეთი უსაფრთხო ქვეყანა არაა.

დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შსს-ს განცხადება

უწყება აცხადებს, რომ სასამართლო ბრძანებით, კულანინს დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 5-წლიანი ვადით.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ" კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ.

აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე.

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დენის კულანინის მიმართ მიღებულ იქნა ბრძანება საქართველოდან გაძევების თაობაზე.

  • შსს: ,,პირს დაუწესდა 7 დღიანი ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით"

,,ზემოაღნიშნული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს დაუწესდა 7 დღიანი ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით.

სასამართლო ბრძანებით, პირს დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 5 წლის ვადით",- ნათქვმია შსს-ს განცხადებაში.

რას ამბობს კულანინის ადვოკატი

როგორც 4 სექტემბერს შუადღისას ადვოკატმა ციალა რატიანმა დაწერა, იმედს იტოვებენ, რომ მიგრაციის დეპარტამენტი კულანინის სასურველ რეისზე მიყვანას უზრუნველყოფს.

,,სასამართლოს დღევანდელი ბრძანებით, დენის კულანინს უფლება აქვს 7 დღის ვადაში დატოვოს ქვეყანა და გაემგზავროს მესამე ქვეყანაში. იმედს ვიტოვებთ, შსს მიგრაციის დეპარტამენტი ხელს არ შეუშლის აღნიშნული ბრძანების შესრულებას და უზრუნველყოფს დენის კულანინის მიყვანას რეისზე, რომლის ბილეთი შევიძინეთ და გადავუგზავნეთ საქმის მენეჯერს",- დაწერა რატიანმა.

1-ელ სექტემბერს რატიანმა გამოაქვეყნა პოსტი:

,,დღეს მიგრაციის დეპარტამენტმა არ მისცა საშუალება დენის კულანინს, რომ დაეტოვებინა საქართველო და გამგზავრებულიყო ნებაყოფლობით მესამე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩავაბარე მიგრაციის დეპარტამენტში დენის კულანინის ბილეთი, ჩასხდომის ბარათი და მისი რუსეთის ფედერაციის შიდა და საზღვარგარეთის პასპორტი. მიგრაციის დეპარტამენტს განზრახული აქვს დენის კულანინის გაძევება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, გახდება არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დღეს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დენის კულანინი გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში - რუსეთის ფედერაციაში. სასამართლო იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად, რაც არ მოგვცემს საშუალებას ზეპირად დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია",- აღნიშნულია პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×