მარიამ ვეკუა
03.09.2026

კიევის ცენტრში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და სამხედრო დაზვერვას შორის მომხდარ სროლასა და ოფიცრის სავარაუდო გატაცებას პირველი საკადრო წმენდა და მაღალჩინოსნის გათავისუფლება მოჰყვა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინციდენტს „აბსოლუტურად სამარცხვინო" უწოდა და მასშტაბური გამოძიება დააანონსა.

„გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს ვესაუბრე. გენპროკურორი და სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ყველა დეტალს დაადგენენ: შემოწმდება ამ ინციდენტის მონაწილეთა ყველა ჩვენება და განცხადება, მთელი სიტუაცია ეტაპობრივად გაანალიზდება",- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის, „მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების" მიღებისა და „ორივე უწყებაში შიდა გამოძიების" ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

მალევე ქვეყნის მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის, ოლეგ ხრამოვის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.

2 სექტემბერს, დილით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კიევის დნიპროს რაიონში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შესახებ.

პირველმა უწყებამ განაცხადა, რომ მათ ოპერატიულ თანამშრომლებს თავს შეიარაღებულები ტერაქტის გამოძიების ფარგლებში მიმდინარე ჩხრეკის პროცესში დაესხნენ.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამ ტერაქტს „რუსული ოპოზიციური პოლიტიკური ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის" წინააღმდეგ გეგმავდა. წინააღმდეგობის გაწევისას რამდენიმე თავდამსხმელი დაიჭრა, თავად თავდამსხმელები კი ადგილზევე დააკავეს. საწყისი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები უკრაინის ჯარის „ერთ-ერთ ქვედანაყოფს" მიეკუთვნებიან.

დაუდასტურებელი ცნობებით, საქმე ეხება დაზვერვის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი „რუსული მოხალისეთა კორპუსის" საბრძოლო მიმართულების მეთაურზე, სტეპან კაპლუნოვზე თავდასხმას. ის კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე ჩავიდა და 1 სექტემბერს გაუჩინარდა.

„რამდენიმე დღის წინ რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაურის მოადგილე საბრძოლო დარგში, სტეპან კაპლუნოვი უცნობმა პირებმა საკუთარი სახლის ეზოდან გაატაცეს", - ნათქვამია კორპუსის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. კაპლუნოვის გაუჩინარების შემდეგ კორპუსის წარმომადგენლებმა დახმარებისთვის დაზვერვის მთავარ სამმართველოს, უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მიმართეს.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მეთაური გაიტაცეს

2 სექტემბერს, გვიან საღამოს, „რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა" გამოაქვეყნა დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმ „ტიმურის" მეთაურის განცხადება.

„დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მეთაური გააიტაცეს. გაიტაცეს დღისით, მზისით. გაიტაცეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. ის ოფიციალური ბრალდების წაყენების გარეშე დააკავეს."

„ტიმურის" მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებას ,„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საპროცესო მოქმედების გაგრძელებაზე" მიაღწიეს, სამსახურის ზოგიერთმა თანამშრომელმა „დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების დაკავება დაიწყო და ცეცხლი უიარაღო მებრძოლებს გაფრთხილების გარეშე გაუხსნა".

  • ადვოკატი: „რამდენადაც ვხვდები, უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურს სურს, გარკვეულწილად გადაფაროს არასაპროცესო დაკავება და სს საპროცესო კოდექსის იმ ყველა ნორმის დარღვევა, რაც მათმა თანამშრომლებმა დაუშვეს."

„გამოგონილი ამბავი"

კაპლუნოვის ადვოკატის, ტარას ბოროვსკის განცხადებით, მისი კლიენტი 2 სექტემბერს, დღისით, „უკვე თავისუფალი იყო". იურისტმა არ იცის, სად იმყოფება ამჟამად და მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სამსახურის ვერსია კაპლუნოვზე თავდასხმის აღკვეთის შესახებ შესაძლოა გამოგონილი იყოს.

„რამდენადაც ვხვდები, უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურს სურს, გარკვეულწილად გადაფაროს არასაპროცესო დაკავება და სს საპროცესო კოდექსის იმ ყველა ნორმის დარღვევა, რაც მათმა თანამშრომლებმა დაუშვეს... თუმცა, ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ საზოგადოებისთვის ეს ვერსია, შესაძლოა, მისაღები იყოს და მომავალში საინფორმაციო ველზე ამ თემის გაზვიადებას არ ვაპირებთ."

რა იწვევს ორ უწყებას შორის დაპირისპირებას

ძალაუფლებისა და გავლენების გადანაწილება: ომის პირობებში ორივე უწყების ბიუჯეტი, უფლებამოსილება და გავლენა კოლოსალურად გაიზარდა. უსაფრთხოების სამსახური ტრადიციულად ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვას აკონტროლებს, ხოლო დაზვერვის მთავარი სამმართველო - საგარეო და საბრძოლო ოპერაციებს. ბოლო დროს მათ შორის საზღვრები წაიშალა, რამაც უწყებრივი კონკურენცია და ინტერესთა შეჯახება გამოიწვია.

„რუსული მოხალისეთა კორპუსი" ფორმალურად დაზვერვის მთავარ სამმართველოს ექვემდებარება, თუმცა მათ შემადგენლობაში არიან რუსეთის მოქალაქეები, უსაფრთხოების სამსახური მათ შიდა უსაფრთხოების კუთხით ხშირად ეჭვის თვალით უყურებს და ცდილობს აკონტროლოს, რაც დაზვერვის მხრიდან საკუთარ სფეროში ჩარევად აღიქმება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×