ნატალია ჯვარიძე
03.09.2026

მოსკოვის აეროპორტებში ასობით რეისი გადაიდო და გაუქმდა, რასაც წინ ზელენსკის მიერ რუსეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების შესახებ გაკეთებული გაფრთხილება უძღოდა. შექმნილი რისკების გამო უცხოურმა ავიაკომპანიებმა ფრენების შეჩერება დაიწყეს. კიევმა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას რუსეთის ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლზე წნეხის ახალი სტრატეგიაა.

„მოსკოუ ტაიმსის" ინფორმაციით, მოსკოვის „ვნუკოვოს" და „შერემეტიევოს" აეროპორტებში ფრენები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა რაც გადაიდო ან გაუქმდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო გახდა. ეს ინფორმაცია „როსავიაციამაც" დაადასტურა.

1 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სამოქალაქო ავიაციისთვის „სრულად სახიფათო" გახდა. მან პირდაპირ მიმართა ავიაკომპანიებს, სადაზღვევო ფირმებსა და მსხვილ აეროპორტებს და აღნიშნა, რომ „დრონებით სავსე ცა არ არის ადგილი სამოქალაქო ავიაციისთვის", რის გამოც უსაფრთხო დღეები რუსეთის საჰაერო სივრცეში დასრულდა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით განმარტა, რომ უკრაინის მიზანს სამოქალაქო თვითმფრინავები არ წარმოადგენს, თუმცა რადგან უკრაინა მკვეთრად ზრდის შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და რაკეტების იერიშებს რუსულ სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტებზე, ჰაერში დრონების რაოდენობა იმ მასშტაბს მიაღწევს, რისი გათვალისწინებაც ავიაკომპანიებს აუცილებლად მოუწევთ. მისი თქმით, სრულიად სამართლიანია, როდესაც უკრაინის ქალაქების დაბომბვის შედეგები რუსეთის ტერიტორიაზეც გადადის, მათ შორის მის საჰაერო სივრცეზე. ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინა გაითვალისწინებს პარტნიორების თხოვნებს ცალკეულ მიმართულებებსა თუ დროის მონაკვეთებზე, თუ ეს დიპლომატიური მისიებისა და მოლაპარაკებების ინტერესებში იქნება.

ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, შერემეტიევოს აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო ვნუკოვოში 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო.

მანამდე, თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინმა" განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისი „ტექნიკური და ოპერაციული" მიზეზების გამო გაუქმდა.

  • თურქულმა ⁠„პეგასუს ეარლაინმა" არა მხოლოდ გააუქმა რეისები, არამედ 1-2 სექტემბრის ღამეს მოსკოვისკენ ჰაერში მყოფი რამდენიმე თვითმფრინავი (ანტალიიდან და იზმირიდან) შუა გზიდან უკან, თურქეთში დააბრუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, უკრაინამ ოფიციალურად მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. კიევმა ორგანიზაციასა და წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის სრულად დახურონ და აკრძალონ ფრენები, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო კატასტროფები.

თურქულმა ⁠„პეგასუს ეარლაინმა" არა მხოლოდ გააუქმა რეისები, არამედ 1-2 სექტემბრის ღამეს მოსკოვისკენ ჰაერში მყოფი რამდენიმე თვითმფრინავი (ანტალიიდან და იზმირიდან) შუა გზიდან უკან, თურქეთში დააბრუნა.

გარდა აღნიშნული კომპანიისა, ფრენების გაუქმება დაიწყო თურქეთის ეროვნულმა გადამყვანმა ⁠„თურქიშ ეარლანიმააც" (სტამბოლი-მოსკოვის მიმართულებით).

ზელენსკის გაფრთხილებისა და აეროპორტების პარალიზების ფონზე, რუსული ეროვნული ავიაკომპანია „აეროფლოტის" აქციების ფასი ბირჟაზე 5%-ზე მეტით დაეცა.

რუსეთის ხელისუფლება და „როსავიაცია" ცდილობენ ვითარების განმუხტვას. მათ განაცხადეს, რომ საჰაერო სივრცე კონტროლირებადია, ხოლო შეზღუდვები დროებითი უსაფრთხოების ზომაა.

საერთაშორისო ანალიტიკოსები ამ მოვლენას უკრაინის მიერ შემუშავებულ ახალ, მრავალშრიან სტრატეგიად აფასებენ, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მიზანი აქვს.

სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტების განმარტებით, უკრაინის მთავარი მიზანი რუსეთის შიგნით „ომის ფასის" გაზრდაა. აეროპორტების პარალიზება, რეისების მასობრივი გადადება და გაუქმება პირდაპირ ზარალს აყენებს რუსულ ავიაკომპანიებსა და ტურიზმს. ამასთან, ეს კრემლის მოსახლეობისთვის შექმნილ ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება - მსხვრევას იწყებს.

საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზელენსკის გაფრთხილება მიმართული იყო არა მხოლოდ რუსეთისკენ, არამედ იმ უცხოური კომპანიებისკენ (განსაკუთრებით თურქული, არაბული და აზიური), რომლებიც რუსეთში ფრენებს კვლავ აგრძელებენ. როდესაც საფრთხე რეალური ხდება, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები ზრდიან რისკის ტარიფებს ან საერთოდ უარს ამბობენ ასეთი რეისების დაზღვევაზე, რაც ავიაკომპანიებს აიძულებს, რუსეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერონ.

ამასთან, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სამოქალაქო ავიაციის შეზღუდვა რუსეთის საჰაერო თავდაცვას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. იმისათვის, რომ რუსეთმა საკუთარი სამოქალაქო თვითმფრინავები შემთხვევით არ ჩამოაგდოს (როგორც ეს წარსულში მომხდარა), ის იძულებულია, ყოველი დრონის გამოჩენისას საჰაერო სივრცე სრულად ჩაკეტოს. ეს კი რუსულ არმიას დამატებით რესურსს ართმევს და გადაწყვეტილების მიღების პროცესს აფერხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×