
ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც, პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვლავ აქტუალური გახადა - არის თუ არა ეს დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა?
ხაზგასასმელია და ანალიტიკოსებიც ამას აღნიშნავენ, რომ საქმეების ნაწილი უკვე საპროცესო შეთანხმებით იყო დასრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულებმა მათთვის წარდგენილი ბრალი აღიარეს და სახელმწიფოსთან სამართლებრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
შესაბამისად, ყაველაშვილის გადაწყვეტილება არ ყოფილა ისეთი აქტი, რომლითაც პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით გამოუშვა დაკავებულები. აქ კი მთავარი კითხვა იბადება - ჩაითვლება კი დასავლეთის თვალში ეს აქტი ჰუმანურ ჟესტად?
"რომ არ დაეწერათ მოთხოვნა შეწყალებაზე, სავარაუდოდ, შეწყალებაც არ შედგებოდა. ახლა შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ იმის თაობაზე, თუ ეს დასავლეთისთვის გაკეთებული ჟესტი იყო, თუ უბრალოდ ხელისუფლების სურვილი, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანების შეწყალებით ერთგვარად ეს დაძაბულობა განემუხტა ქვეყანაში",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამს ნასამართლობა მოეხსნა. შეწყალებულთა შორის არიან აქციებზე დაკავებული 9-მდე პირი.
იყო თუ არა შეწყალება ჟესტი დასავლეთისთვის
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შეწყალებულმა პირებმა თავად მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, რაც, ფაქტობრივად, ჩადენილი დანაშაულის აღიარებას გულისხმობს. შესაბამისად, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს უფრო სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში განხორციელებული ნაბიჯია, ვიდრე პოლიტიკური.
ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება მომავალში დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით დამატებით ნაბიჯებზე წავიდეს, თუმცა, მისი შეფასებით, ამისთვის ხელისუფლებას დასავლეთისგან კონკრეტული სარგებლისა და პოლიტიკური შედეგის დანახვა დასჭირდება, რადგან "ოცნებისთვის" ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი ამომრჩევლის განწყობაც.
"ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი "მაგრამ". ამ ადამიანებმა თავად დაწერეს განცხადება შეწყალებაზე და აი ეს არის, ჩემი აზრით, საკვანძო მომენტი, რომ ისინი შეწყალებული იყვნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ მოთხოვნა დაწერეს და რითაც, ფაქტობრივად, ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
"რომ არ დაეწერათ მოთხოვნა შეწყალებაზე, სავარაუდოდ, შეწყალებაც არ შედგებოდა. ახლა შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ იმის თაობაზე, თუ ეს დასავლეთისთვის გაკეთებული ჟესტი იყო, თუ უბრალოდ ხელისუფლების სურვილი, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანების შეწყალებით ერთგვარად ეს დაძაბულობა განემუხტა ქვეყანაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს დაძაბულობის განმუხტვას ხელს ნაკლებად შეუწყობს. ვნახეთ, რომ რამდენიმე შეწყალებული მაშინვე აქციაზე მივიდა.
"ყოველ შემთხვევაში, შეწყალების აქტი ერთგვარი პრევენციული ზომაცაა, იმიტომ, რომ ამ შეწყალებულმა ადამიანებმა, აქციაში მონაწილეებმა უკვე იციან, რომ თუ ისინი ხელმეორედ ჩაიდენენ იმას, რის გამოც მოხვდნენ თავის დროზე ციხეში, სეიძლება გისოსებს მიღმა ხელმეორედ აღმოჩნდნენ და მერე უკვე მათ შეწყალების საკითხი ფაქტობრივად დღის წესრიგიდან მოიხსნება",- განაცხადა მან.
- ზაალ ანჯაფარიძე: "აქ არის ერთი მნიშვნელოვანი "მაგრამ". ამ ადამიანებმა თავად დაწერეს განცხადება შეწყალებაზე და აი ეს არის, ჩემი აზრით, საკვანძო მომენტი, რომ ისინი შეწყალებული იყვნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ მოთხოვნა დაწერეს"
კითხვაზე, რამდენდ საკმარისია დასავლეთთან გადატვირთვისთვის თუნდაც სრულად რომ შეიწყალოს აქციებზე დაკავებულები, ანჯაფარიძემ გვითხრა:
"ვფიქრობ, ხელისუფლება ასე მარტივად არ გადათქვამს თავის ერთხელ ნათქვამ სიტყვას, იმიტომ რომ ეს მას რეპუტაციულად დააზიანებს, რომ, ვთქვათ, შეიწყალოს ისე, რომ პატიმრების მხრიდან არ იყოს დანაშაულის აღიარება. თუმცა, აქ მთავარია რა დევს სასწორის მეორე მხარეს, ანუ ხელისუფლების, მოქნილობა ამ საკითხში თუ მოიტანს იმ შედეგებს და სარგებელს თუნდაც გადატვირთვის კუთხით, რომ მშვიდობიანად მივიდეს 2028 წლის არჩევნებამდე და თავის დასავლელ პარტნიორებთან რაღაცნაირად ნდობა აღიდგინოს.
"თუ ხელისუფლებისთვის ამას ასეთი ხელშესახები სარგებელი მოჰყვება, მაშინ რაღაც დოზით შეიძლება დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგას - ვთქვათ, კანონი ბოლომდე არ გააუქმოს, მაგრამ შეიტანოს ცვლილებები, რომელიც რაღაც მწვავე და განსაკუთრებით სენსიტიურ მუხლებს ამოიღებს, ან შეიძლება პატიმრების რაღაც ნაწილი კიდევ ერთხელ შეიწყალოს - პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შეწყალების აქტი.
"ანუ მანევრის საშუალება არსებობს, მაგრამ ამას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს. ახლა ალბათ ხელისუფლებაში უნდა დასხდნენ და ზუსტად, როგორც იტყვიან, აფთიაქარის სასწორზე ყველაფერი აწონ-დაწონონ. თუ ისინი გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც შეიძლება მათ მომხრეების ნაწილს არ მოეწონოთ, მაგრამ სანაცვლოდ სარგებელი იყოს უფრო გრძელვადიანი, რომ დასავლეთთან აღადგინონ ურთიერთობა და ა.შ. მაშინ შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმა.
"მაგრამ თუ დასავლეთიდან არ წამოვიდა არავითარი სიგნალი და თუ სიტუაციის დეტალურად გამოკვლევის შედეგად ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომც გადადგას ეს ნაბიჯები, ეს არ გამოიღებს იმ შედეგებს, რა შედეგიც მას უნდა რომ მიიღოს, სავარაუდოდ, ის ამას არ გააკეთებს. იმიტომ რომ ერთია დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვა, ხოლო მეორეა ამომრჩეველი, რომელიც "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის წყაროა. ამომრჩევლის მეშვეობით იმარჯვებდა არჩევნებში და თუ ეს ამომრჩეველი უკმაყოფილო დარჩა, ეს შეიძლება იმაზე უფრო მეტი დანაკარგი აღმოჩნდეს, ვიდრე დასავლეთთან რაღაც კომპონენტებში ურთიერთობების გამოსწორება",- განაცხადა მან.
ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდის შემთხვევაში, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან, თბილისთან ურთიერთობა შესაძლოა უფრო ტრანზაქციულ ჩარჩოში გადავიდეს, სადაც შეიძლება სტრატეგიულმა ინტერესებმა უფრო გადაწონოს.
"თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა და საჭიროება, სავსებით შესაძლებელია, რომ აშშ წავიდეს საქართველოსთან ე.წ. ტრანზაქციული ურთიერთობის დამყარებაზე. ანუ ეს იყოს წმინდად პრაგმატულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა, არ მიაქციონ ყურადღება იმას, რასაც ადრე მიაქცევდნენ, მაგრამ არსებობს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც ამას გადაწონის.
"აი, ამის კარგი მაგალითია აზერბაიჯანი, სადაც დემოკრატია არ ყვავის, მოგეხსენებათ და დიქტატურა არის დამყარებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალიევს პატივით იღებენ როგორც ვაშინგტონში, ისე ევროპის სხვა ქალაქებში, მასთან საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა აქვთ, რადგან ამ ურთიერთობებიდან იმ სტრატეგიულ სარგებელს იღებენ, რომელიც გადასწონის იმ ფაქტორებს, რასაც ჰქვია დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი არჩევნები და ასე შემდეგ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.