
პარლამენტი მომდევნო კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების გაერთიანების კანონპროექტს მიიღებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გამო ახალი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციაც გააკრიტიკა და ის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა.
მომდევნო სასესიო კვირას დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების პროექტის მიღება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც კანონპროექტიდან გამომდინარე იქნება ასახული, ანუ იყო ტექნიკური საკითხი. შემდეგ სასესიო კვირას მივიღებთ ამ პროექტს, დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან, მისი გამოცდილებიდან იყო მოაზრებული, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყოლოდა ვიცე-პრემიერი, რომელიც კოორდინირებას გაუწევდა საკითხს, იქნებოდა ისეთი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი, რომელიც კომპლექსურ საკითხს გაუწევდა კოორდინაციას.
გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ, სამწუხაროდ, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მთავრობა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით იქნება თავად ამ საკითხების განმახორციელებელი და კოორდინატორიც", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"კოორდინირებული კამპანია"
პაპუაშვილს ჰკითხეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე,
„ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში, აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს".
პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ხალხის კეთილდღეობა, ქვეყნის გამთლიანება და სხვა არცერთი მიზანი არ არსებობს, რომელიც ამაზე ზემოთ დგას. "(...) ეს გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელიც ზოგადად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, ის, რომ შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს. ბოკერიას განცხადება, რომ შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი, გვარამიას განცხადება, რომ ეს არის ტრავმა და ეს ტრავმა ბლოკავს ჩვენს განვითარებას, უნდა მოვიცილოთ და წინ გავიხედოთ, მისი გადმოსახედიდან.
ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, საკუთარი ქვეყნის გამთლიანებაზე.
გვაპარებენ ასე წვეთ-წვეთად, ნელ-ნელა და ამას დაამატებენ, რაზეც საუბრობს გვარამია, სომხეთთან პარალელებით, რომ ამის სანაცვლოდ რაღაც პერსპექტივები გაიხსნება. ამავეს ეუბნებიან უკრაინას, რომ კომპრომისზე წავიდეს ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამით გაეხსნება უფრო მეტი პერსპექტივა განვითარებაში. ამავეს ეუბნებიან მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით.
ახლა, როგორც ჩანს, მოგვადგნენ ჩვენ და აქედანვე უნდა გაეცეს ძალიან მკაცრი პასუხი, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება არანაირ მიზანთან დაკავშირებით. "- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რადიკალურ ოპოზიცია და ანტიკონსტიტუციურ პარტიები აბსოლუტურად განულებულია. „რადიკალურ ოპოზიციას და ანტიკონსტიტუციურ პარტიებს რაც შეეხება, თავად არაფრის უნარი არ აქვთ, არც რამის გაკეთების და არც რამის გაფუჭების, არიან აბსოლუტურად განულებული.
თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ, თუნდაც მეორად ჩარიცხვებთან, ასევე ქონების გადასახადის ზღვრის აწევასთან დაკავშირებით. ყველაფერი, რაც კარგი ხდება, ცდილობენ, დაიბრალონ, რადგან თავად კარგს ვერაფერს აკეთებენ. თუკი ვინმე რაიმის გაფუჭებას შეეცდება, ცდილობენ, ამ გაფუჭებაში ჩაეწილონ. დღეს ოპოზიციის დღის წესრიგი სხვისი ყურებაა", -თქვა შალვა პაპუაშვილმა.