სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    16.06.2017

    უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით? ევროპარლამენტის მიერ საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ დაისვა ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

    ამის შესახებ განცხადებით "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე გამოვიდა.

    "აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" ევროპარლამენტის შეშფოთებას უერთდება. პარლამენტში სუს-ის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ, მაგრამ არ გამოცხადდნენ. როგორც ჩანს, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

    "ამ საქმეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება დროულად და სწრაფად სჭირდება. ამიტომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ვაყენებთ, სადაც ეფექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება, რადგან მტკიცების ტვირთი საქართველოს სახელმწიფოზეა.

    "ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან დამნაშავეების დასჯაა მოთხოვნილი და არანაირი ნდობა არ არსებობს იმ უწყებების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ გატაცებაში პირდაპირი ეჭვმიტანილები არიან. უმრავლესობას მოვუწოდებ, არ გახდნენ თავგასული ძალოვნების მძევლები, საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს გაუფრთხილდნენ და ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

    ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია გუშინ მიიღო. აღნიშნულ საქმეზე 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა სიტყვით. მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას - აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.

    უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "ალბათ უნდა შეიქმნას და, რაც მთავარია, ამ ჟურნალისტის ამბავი არა მარტო ობიექტურად უნდა გამოიძიონ, არამედ სასწრაფო წესით ყველაფერი უნდა გაკეთეს, რომ იგი ჩვენს ქვეყანაში შევიფაროთ.

    "ეს ადამიანი საქართველოს ხელისუფლებამ გადასცა აზერბაიჯანს, ამიტომ მე ვერ ვენდობი ჩვენი ხელისუფლების გამოძიებას. უნდა იყოს ნეიტრალური კომისია, რომელიც საქმეს გამოიძიებს და მას გადაარჩენს."

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "გამოძიება დაწყებულია და მე ვფიქრობ, ყველა ასეთ შემთხვევაზე დამატებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდა იყოს მიზანშეწონილი. ეს იმდენად რეზონანსული საქმეა, რომ რაიმეს ჩაფარცხვა და დამალვა არ გამოვა. თუ არა და მერე უკვე შეიძლება დამატებით კომისიაზე მსჯელობა.

    "ჩემი აზრით, საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ასეთი საქმეების გამოძიება თავად ჩაატაროს და გარე ფაქტორების ზემოქმედება არ იყოს საჭირო."

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "მე ვფიქრობ, უნდა შეიქმნას აუცილებლად, რათა ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ეს არის ძალიან უსიამოვნო საქმე და ადრეც აღვნიშნე, რომ არ მაკმაყოფილებდა ის პასუხი, რასაც ჩვენი მთავრობა იძლეოდა.

    "თუმცა მე ცოტა გაკვირვებული ვარ - როდესაც წინა ხელისუფლება ქართველ ჟურნალისტებს ურტყამდა და აპატიმრებდა ჩვენს ფოტოგრაფებს, მაშინ რატომ არ იღებდა ხმას ევროსაბჭო? თორემ, რა თქმა უნდა, ამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე უნდა გამოიძიონ."

     

     გია ბუღაძე (მხატვარი): "ეს ხომ პათოლოგიური ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც სურს ერთ კაცს, რომელიც ყველას ისე ათამაშებს, როგორც თვითონ უნდა. ვერც იმ ძალას ვხედავ, ვინც ამას დაუპირისპირდება. შესაბამისად, კომისიაც შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი უსაზღვროდ მდიდარი კაცი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

    "ამასაც მხოლოდ მაშინ გააკეთებს, თუ ექნება გარანტია, რომ კარგად გაერთობა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (19.06.2017)
    უაღრესად დიდ პატივს გცემთ ბატონო გია, გული მწყდება, რომ საქართველოში თქვენისთანა მოაზრეები თითზე ჩამოსათვლელია! ჯანმრთელობას გისურვებთ, უდიდესი პატივისცემით !


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter