სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    (11.01.2017)

    არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები "ნაციონალურ მოძრაობას" 12 იანვარს დატოვებენ. როგორც პარტიის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, "ნაცმოძრაობა" ამ პროცესიდან უფრო გაჯანსაღებული და გაძლიერებული გამოვა. ამასთან, 20 იანვარს დანიშნულ ყრილობაზე პასუხი ბევრ კითხვას გაეცემა.

    "ნაციონალური მოძრაობის დაფუძნების დღიდან 17 წლის განმავლობაში ჩვენ გვინახავს მოსვლაც და წასვლაც. მთავარია, "ნაციონალური მოძრაობა" რჩება იმ იდეების და იმ ღირებულების ერთგული, რის ირგვლივაც შეიქმნა. 20 იანვარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა აუცილებლად ჩატარდება და ბევრი ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ პარტია ამ პროცესიდან გამოვა უფრო მეტად გაჯანსაღებული და უფრო მეტად გაძლიერებული. აუცილებლად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს საერთო სახალხო მოძრაობის წინა ხაზზე," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა

    რამდენად დააზარალებს ნაცმოძრაობას ბოკერია-უგულავას ფრთის გამოყოფა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     ნანა კაკაბაძე  (უფლებათდამცველი): ჩემი აზრით, სერიოზულად დაზარალდება ორივე მხარე. უგულავა-ბოკერიას ჯგუფმა უკვე იზარალა, რადგან ისინი ამ გამოყოფით ხელისუფლების მანიპულირებასთან გაიგივდნენ და ვფიქრობ, არანაკლებ იზარალებს მეორე მხარეც.

     

     

     

     თემურ ნანეიშვილი  (პოეტი): მგონი, დაზარალებული უკვე არის ზოგადად "ნაციონალური მოძრაობა" თავიის იდეოლოგიით და წარსულით. ასე რომ, დიდი არაფერი იქნება. გაიყოფა და შედარებით ინტელექტუალური ნაწილი წავა, დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიპლომატია აკლიათ, რითაც კიდევ უფრო დასუსტდება პარტია.

     

     

     

     გია ანჩბაძე  (ისტორიკოსი): განხეთქილება თავისთავად აზარალებს პარტიას. შესაძლებელია, გარკვეული ოპონირება ისევ გაუწიონ მმართველ ძალას, ძნელი სათქმელია რამდენი წავა და რამდენი დარჩება, მაგრამ, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო მეტად დასუსტდება.

     

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, ეს ყველფერი გაანადგურებს პარტიას. შეიძლება ითქვას, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მძიმე იქნება. ბოკერია-უგულავას გამოყოფა პარტიას ყველა თვალსაზრისით ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter