სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაკო მათეშვილი
    10.12.2016

    ჯანდაცვის სფეროს რეფორმის შედეგად კერძო კომპანიებში დაზღვეული, საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ოჯახები სახელმწიფო დახმარებას შემცირებულად, ან საერთოდ ვეღარ მიიღებენ. აღნიშნული სიახლე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ უკვე დააანონსა.

    "მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გარკვეულზე მეტი შემოსავლები, ექნებათ მხოლოდ კერძო დაზღვევა. გარკვეული ფენის მოქალაქეებს, რომლებიც არც ძალიან ღარიბები არიან და არც ძალიან შეძლებული, მათ დასჭირდებათ მაინც შემავსებელი კერძო დაზღვევა. ექნებათ შედარებით შემცირებული საყოველთაო დაზღვევის პაკეტი და იმავდროულად, გაფართოებული სადაზღვევო პაკეტი ექნებათ მედიკამენტებით ჩვენს ყველაზე მეტად მოწყვლად ფენებს," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

    "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა კითხვით - სწორია თუ არა საყოველთაო დაზღვევის გაუქმება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის?

     ნინო თოდუა (ა/ო "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი): "ჩემი აზრით, სოციალური დახმარებაც უნდა გაუქმდეს, რამაც ადამიანები გააზარმაცა. ისინი სამსახურს არა თუ არ ეძებენ, არამედ როდესაც სთავაზობენ, დახმარების მოხსნის შიშით, უარს ამბობენ. ამ დროს ვისაც დაზღვევაცა და დახმარებაც ყველაზე მეტად სჭირდება, მაგალითად, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, ვერ იღებენ.

    "რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, რა აზრი აქვს მას, თუ მედიკამენტებს არ დააფინანსებენ? აღნიშნული პროგრამები უნდა გადაიხედოს, გაუმჯობესდეს და დახმარება და დაზღვევა უშუალოდ იმ ოჯახებს დაენიშნოთ, ვისაც მართლა ძალიან სჭირდება."

     

     ამირან სალუქვაძე: ბრიგადის გენერალი): "მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებმა უნდა შეიძინონ სადაზღვევო პაკეტები. თუ არ სურთ დაზღვევის შეძენა, ეს მათი საქმეა. ამ შემთხვევაში მათ უარი უნდა თქვან საყოველთაო დაზღვევაზე და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ჩვეულებრივი ტარიფებით სარგებლობა მოუწევთ. ეს ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ასეა.

    "რა ზღვარი იქნება დადგენილი, ვისზე არ გავრცელდება საყოველთაო დაზღვევა, ეს ჯერ დასადგენია. შესაძლებელია დიფერენცირება მოხდეს. მაგალითად, გარკვეულ ზღვრამდე სახელმწიფომ სრული პაკეტით უზრუნველყოს, საშუალო ან მცირე შემოსავლების მქონე პირების ნაწილობრივ დააფინანსოს, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე პირებმა კი თავისით შეიძინონ. "სხვათა შორის, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ უკვე დაიწყო ინდივიდუალური დაზღვევები და მოქალაქეებს საკმაოდ კარგ პაკეტებს სთავაზობენ. კორპორატიულ პაკეტებს არ ჩამოუვარდება. ეს ადრე შეუძლებელი იყო."

     ნინა პერტენავა (პიარსპეციალისტი):  "თუ სახელმწიფო ამბობს, რომ მხოლოდ იმ ხალხს დააფინანსებს, რომელთაც კერძო დაზღვევა არ აქვთ, მაშინ ფორმები და რეგულაციებიც უნდა განმარტოს - კერძო სექტორში დაზღვეულები სახელმწიფო დაზღვევიდან ავტომატურად ამოვარდებიან, თუ არჩევანს საშუალება მიეცემათ კერძოსა და სახელმწიფოს შორის?

    "თუკი არჩევანი მიეცემათ, შესაძლოა საზოგადოების დიდმა ნაწილმა სახელმწიფო დაზღვევა არჩიოს, რადგან მისი პაკეტი უფრო მრავლისმომცველია და ამით სადაზღვევო კომპანიებს დიდი პრობლემები შეექმნათ. კერძო დაზღვევაზე მასობრივი უარით კომპანიებს თანხები აღარ შეუვათ და სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. ამ დროს ეს ხალხი ზედმეტ ტვირთად ისევ სახელმწიფოს დააწვება.

    "ასე რომ, ვფიქრობ ეს ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას უფრო დიდი დრო სჭირდება".

     პაატა შავაძე  (უფლებადამცველი): "თუკი ადამიანი კერძო დაზღვევით სარგებლობს, სახელმწიფო დაზღვევა აღარ უნდა ჰქონდეს. სახელმწიფომ მკურნალობა იმ ადამიანებს უნდა დაუფინანსოს, ვისაც კერძო დაზღვევის აღების საშუალება არ აქვს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზურა   (11.01.2017)
    როდესაც დღევანდელზე ბევრად მეტი შემოსავალი მქონდა, მაშინ კერძო დაზღვევა არ მაინტერესებდა. დაზღვევის შეძენა ნაკლები შემოსავლების მქონე პირებს უფრო მეტად უნდა აინტერესებდეს. ჩვენთან დაზღვევის კულტურა ნელ-ნელა შემოდის.

    zura   (11.01.2017)
    ეს დენის ტარიფის ნაგავზე მიბმას გავს. მაღალშემოსავლიან პირს შეიძლება არ ქონდეს კერძო დაზღვევა ან პირიქით. კერძო დაზღვევის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მაღალი შემოსავალი გაქვს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter