თიკო ოსმანოვა
30.01.2016

სტრასბურგში ევროსაბჭოს სესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუციაში შესატანად, საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული შესწორებები წარადგინა და დეპუტატებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ქვეყანაში უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საგანგაშო სიგნალები შეინიშნება", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ამ განცხადებას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატის გუგული მაღრაძის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნული განწყობა მიმიკებით და ჟესტიკულაციის საშუალებით გამოხატა, რაც ტელევიზიის კამერებმაც დააფიქსირეს.

აღნიშნული დაპირისპირება მოგვიანებით დერეფანშიც გაგრძელდა, რა დროსაც მაღრაძემ თაქთაქიშვილს ჟურნალისტებისა და უცხოელი დეპუტატების თანდასწრებით განუცხადა, რომ "გააპაზორა საქართველო" და ახლა გაიხაროს.

რამდენად გამართლებულია უცხოელი პარტნიორების თვალწინ ასეთი კინკლაობა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხელ ღანიშაშვილი (პოეტი): "ეს ქვეყნის სირცხვილია. ყველა უნდა ცდილობდეს, რომ ასეთ ინციდენტებს არ ჰქონდეს ადგილი. მაგალითად, თუ ოპოზიცია ევროსტრუქტურებში განსხავებულ პოზიციებს დააფიქსირებს, არც ამაშია ტრაგედია და მმართველი ძალა ამას ასე არ უნდა აღიქვამდეს."

 

 

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "არ არის საჭირო ყველას ერთნაირი აზრი ჰქონდეს და ყველა დაეთანხმოს ერთმანეთს. ასე რომ, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ინტერნეტით და ყველანაირი საშუალებით ისედაც ფიქსირდება სხვადასხვა აზრი და რატომ უნდა იყოს სტრაბურგში მაინცდამიანც აზრების თანხვედრა?! ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა."

 

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "ასეთი კინკლაობა ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. მესმის კამათი და მასში ჭეშმარიტების ძიება. კინკლაობა - ეს არის ხელის შემშლელი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოში დემოკრატიისკენ სვლაა, ამ არჩევნებმა კი გაამწვავა ეს ყველაფერი და უკვე გადადის უკულტურობაში.

"არ მინახავს, რა მოხდა სტარსბურგში, თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ კინკლაობა დამღუპველია, კამათი კი დემოკრატიის ფორმაა."

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "აბსოლუტურად მესმის გუგული მაღრაძის. ჩიორა თაქთაქიშვილი არის ტიპური დემაგოგი და სამშობლოს გამყიდველი. ამიტომაც ვფიქრობ, უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი ჩიორასნაირებს. ადამიანის უფლებების დარღვევებს - პატიმრებს ციხეში რომ აწამებდნენ - "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ვერ ხედავდა?!

"სამარცხვინოა ჩიორა თაქთაქიშვილის მსგავსი დემაგოგები საქართველოს რომ წარმოადგენენ ევროპაში."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×