რეზონანსი
29.07.2015

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხეს არ ელოდება. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს თურქეთის მიერ სახელმწიფოს საზღვრების გაძლიერების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, ქართულ მხარეს რამე საფრთხეებთან დაკავშირებით მონაცემები არ აქვს.

"თქვენ იცით, რომ საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანას, აქვს საფრთხეების დოკუმენტი. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის არა თავდაცვის სამინისტროზე, არამედ უშიშროების სამსახურებსა და შს სამინისტროზე.

"თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში ვართ, რომ თუ საჭირო გახდა - დაწყებული ბუნებრივი კატასტროფით შექმნილი საფრთხეებიდან, დამთავრებული ასეთი ტიპის საფრთხეების მოლოდინით, დავეხმაროთ შესაბამის უწყებებს ამ საფრთხეების ნეიტრალიზებაში ან თავად ავიღოთ უკვე პასუხისმგებლობა იქ, სადაც თავდაცვის სამინისტრო ხდება მთავარი კომპონენტი.

"ჩვენ არ ველოდებით, რომ რამე განსაკუთრებული პრობლემები იქნება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, არ გვაქვს არანაირი მონაცემები აღნიშნულთან მიმართებაში. ტურისტული სეზონი ჩვენთან ძალიან კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და სტაბილურად განვითარდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც ცნობილია, თურქეთი "ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეების გამო საკუთარ საზღვრებს გააძლიერებს, მათ შორის - საკურორტო ზონებში.

თქვენი აზრით, "ისლამური სახელმწიფოსგან" რამე საფრთხეს უნდა ველოდოთ თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "ისმალური სახელმწიფოსგან" საქართველოს საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ წინააღმდეგობაში არ შევიდეს და რამე კრიტიკული ფონი არ შექმნას.

 

 

 

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): ვფიქრობ, საფრთხეები სხვა მხრივ უფრო გვემუქრება, ვიდრე "ისლამური სახელმწიფოსგან". ეს, რა თქმა უნდა, ჰიპოტეტური მოსაზრებაა. სანამ "ისლამური სახელმწიფო" ჩვენთვის რეალურ საფრთხედ იქცევა, მანამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ უამრავი გამოწვევები გვაქვს, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ.

"ისლამური სახელმწიფო" მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ეს არის მთელი, როგორც მუსულმანური, ასევე ქრისტიანული და მსოფლიო პრობლემა. არა მგონია, რომ მისი აქტიურობა ჩვენს უსაფრთხოებაზე პირდაპირ იყოს მიბმული. "ისლამური სახელმწიფოსგან" რეალური საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  დღეს ასეთი საფრთხე არ არის. თურქეთიც გარკვეულწილად ამ საკითხში ჩართულია და საბრძოლო ვითარებაშია. ამიტომ ეს ასე ადვილად არ მოხდება. მომავალში საფრთხე იქნება თუ არა, ეს სხვა სახელმწიფოს პოზიციაზეა დამოკიდებული.

არ მგონია, ირანმა ეს დაუშვას, იმიტომ, რომ "ისლამური სახელმწიფო" სუნიტები არიან და შიიტებს ემუქრებიან, მოგეხსენებათ ირანი შიიტური სახელმწიფოა.

თურქეთისა და ირანის ინტერესებში ტერიტორიების დათმობა არ შედის. საქართველოზე მომავალი გზა ამ ორი დიდი ქვეყნის დაპყრობას ნიშნავს. ასე ადვილად ეს არ მოხდება, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყურადღება საჭიროა.

თუმცა, უფრო მეტად რუსეთთან ურთიერთობაა საყურადღებო. არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკითხი ისე დადგეს, რომ საქართველოსთვის ერთადერთი შავი ჭირი ისევ რუსეთი იყოს.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): პროგრესული კაცობრიობა "ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ" თუ არ გაერთიანდა, მაშინ საფრთხე არამარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს შეექმნება.

მე ჯერ კიდევ კარგად არ ვარ გარკვეული "ისლამური სახელმწიფოს" ამოცანებში. თუმცა, ზოგი რამ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გადაჭარბებული ფანტაზიის ნაყოფი მგონია. თუმცა მგონია, რომ პროგრესულ კაცობრიობას ამ დიდ ბრძოლაში არ უნდა ჩამოვრჩეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×