ლიკა ამირაშვილი
23.06.2015

მთავრობამ სრულიად საფუძვლიანად ჩათვალა, რომ სამაშველო სამუშაოებში საგარეო დახმარება არ გვჭირდებოდა, - ამის შესახებ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ არ ჩაერთვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ნატოს ძალები სტიქიის შედეგად გამოწვეულ სამაშველო სამუშაოებში.

"სრულ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ნაკლებად ნატოსთან, რადგან საუბარი ამ ეტაპზე უფრო საერთაშორისო დონორებთან მიმდინარეობს, მათ შორის მსოფლიო ბანკთან და გთფშვ-თან, იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფად წარიმართოს", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებთან საექსპერტო დახმარებისთვის.

თქვენი აზრით, სამაშველო სამუშაოებში უნდა მიგვეღო, თუ არა საგარეო დახმარება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): ვფიქრობ, სამაშველო სამუშაოებში დახმარება რუსეთისგან არ უნდა მიგვეღო. რუსეთი პირდაპირი გაგებით პოლიტიკურადაც და მენტალურადაც ჩვენი მტერია, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ უნდა მივიღოთ.

რაც შეეხება სხვა კეთილგანწყობილი და მეგობარი ქვეყნისგან, დახმარება რატომაც არა, უნდა მიგვეღო. ამ შემთხვევაში, ქალბატონ თინას განცხადება შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეულ ქვეტექსტებსაც შეიცავდეს.

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  ჩემი აზრით, ისეთი კატასტროფული წყალდიდობა მოხდა, რომ საგარეო დახმარება აუცილებელიც იყო. ზოგადად მიღებული წესია, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაცია იქმნება, ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან.

მე აუცილებლადაც მიმაჩნია, ჩვენი ქვეყნის არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უცხოეთის სახელმწიფოების დახმარება მივიღოთ.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  სამაშველო სამუშაოებში საგარეო დახმარების მიღება, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდებმა დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს, ასეთ სამუშაოებს მაინც კვალიფიციური სპეციალისტების მუშაობა სჭირდება.

როგორც ვიცი, ზოოპარკის დასახმარებლად ჩეხი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. სამაშველო სამუშაოებისათვისაც თუ ჩამოვიდოდნენ, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუმცა რუსეთისგან დახმარების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე იმდენად აღრფთოვანებული ვარ ჩვენი ახალგაზრდობის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჰარმონიული, შეთანხმებული მოქმედებების, რაც სტიქიის პერიოდში გამოავლინეს, რომ შეიძლება დახმარება აღარ გვეთხოვა.

ფინანსურ დახმარებას თუ გაგვიწევენ, ბუნებრივია ამაზე უარის მთქმელი არ ვიქნებით. ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს, ქვეყანა იყოს, ამ სამ კილომეტრს თვითონ თუ ვერ აღადგენს, ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეც იქნება.

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  აქ ისეთი ენთუზიაზმი იყო, მოხალისეებმა ისეთი გმირობა გამოიჩინეს, ვფიქრობ, თხოვნა საგარეო დახმარების შესახებ არ არის საჭირო. ბუნებრივია, ამ ახალგაზრდებს სპეციალისტებიც ეხმარებოდნენ. ვფიქრობ, საქართველომ ამ შემთხვევაში თავის თავს თავად უნდა მოუაროს, რა თქმა უნდა, თუკი ამის შესაძლებლობა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×