რეზონანსი
24.02.2024

რამდენიმე დღის წინ დანიაში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ხვალ საქართველოში ჩამოსვენებენ. ბათუმელი ფრიდონ იაკობიძე დანიაში სამუშაოდ იყო წასული. როგორც ახლობლები ამბობენ, ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, იმ დღეს დანიის აეროპორტში მიდიოდა, როცა სიცოცხლეს გამოსალმეს. მას დამნაშავემ სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, დანით მიაყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

"პირველ აპრილს გახდებოდა ფრიდონი 32 წლის. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, 6 წლის და ერთი წლის. დანიაში სამუშაოდ იყო წასული. შვილები, ოჯახი ძალიან ენატრებოდა. ვიცით მხოლოდ ის, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას და ამ დროს მოკლეს. მკვლელობის დეტალები ჩვენთვის უცნობია.

თბილისის აეროპორტში ხვალ ჩამოასვენებენ და ალბათ ამის შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მომხდარზე, თუ რა ვითარებაში და რატომ მოკლეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი, მართლა ძალიან კარგი ბიჭი იყო. ძალიან მტკივა გული და მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ოჯახზე უზომოდ შეყვარებული მამა და მეუღლე იყო. ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ის ჩვენ გვერდით არ იქნება. როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ისე მკაცრად უნდა ისჯებოდნენ ადამიანის მკვლელები, რომ მეორემ არ გაბედოს ასეთი გაუგონარი დანაშაულის ჩადენა. ისეთი მძიმე მდგომარეობაა მის სახლში, რომ ვერავის ვერაფერს ვეკითხები. 

ერთი ეს ითქვა, რომ ვიღაც აფრო-ამერიკული წარმოშობის მამაკაცმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ხვალ გადმოასვენებენ ჯერ თბილისში, შემდეგ ბათუმში და ალბათ მერე გაირკვევა, იქ რა მოხდა. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკონში აქვთ სოფელი. ვერ დასცალდა სამშობლოში დაბრუნება და ოჯახთან ჩახუტება", - ამბობს ოჯახი ახლობელი.

ფრიდონ იაკობიძის მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა და მას შემდეგ სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ყველა განიცდის მომხდარს და ახლობლები ერთმანეთს უსამძიმრებენ მომხდარს.

"რა ბედნიერები ვიყავით, სულ შაშვის გეძახდი, ჩემო ფრიდონ, ერთად ვიზრდებოდით, სული მეწვის, გული მეწვის, ჩვენ ხომ ერთ სახლში ვიზრდებოდით და ძმასავით იყავი, ერთად ვთამაშობდით, ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ. ეს რა გავიგე, ვერ ვიჯერებ, რომ აღარ მყავხარ. შენ არ იყავი ამის ღირსი, შენი სოცოცხლე ასე არ უნდა დასრულებულიყო. როცა მიდიოდი, გზა დაგილოცე, ასე რომ დასრულდებოდა ყველაფერი, ამას როგორ ვიფიქრებდი?!

ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ჩვენო შოშია, გაგვიფრინდი, არ მჯერა ფრიდონ", - წერს მოკლულის ახლობელი.

წყარო: "კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×