ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ახლა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ვინ იფიქრებდა, რომ სახელს, რომლის წარმოთქმაც იტალიელებს ძალიან უჭირდათ, ჯერ სავსე მარადონას სახელობის სტადიონზე ათასობით გულშემატკივარი ერთხმად იყვირებდა, ხოლო შემდეგ, პატარა იტალიელ ბიჭუნას ხვიჩას დაარქმევდნენ.
„თუ ხვიჩა გოლს გაიტანს, ბავშვს მის სახელს დავარქმევ", „თუ სკუდეტოს მოვიგებთ, შვილს ხვიჩას დავარქმევ", - ეს და მსგავსი ფრაზები იტალიელთა საყვარელ ხუმრობად იქცა, თუმცა ხუმრობა უკვე რეალობაა და ნეაპოლში დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის პატივისცემის ნიშნად, ხვიჩა დაარქვეს. ბავშვს მეორე სახელიც აქვს - დანიელე.
დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა. ახალშობილის მშობლები არმანდო და კლარა „ნაპოლის" გულშემატკივრები არიან. საინტერესოა, რომ ბავშვის მამას ლეგენდარული მარადონას პატივსაცემად დაარქვეს დიეგო არმანდო მარადონა.
„დიახ, ეს მართალია, ბავშვს დანიელე ხვიჩა დავარქვით. ეს გადაწყვეტილება კი იმის გამო მივიღეთ, რაც წელს „ნაპოლიში" მოხდა. მე „ნაპოლის" დიდი გულშემატკივარი ვარ და ჩემი სახელიდან გამომდინარე, მამაჩემიც ამ გუნდის დიდი ქომაგი იყო. 1986 წელს დავიბადე და ჩემმა მშობლებმა დიეგო არმანდო მარადონა დამარქვეს.
ბავშვის სახელთან დაკავშირებით მე და ჩემმა პარტნიორმა გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ეს არის ჩვენი, ორივეს არჩევანი.
ვფიქრობ, ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი რომ არ მოსულიყო ნეაპოლში და შესანიშნავი სეზონი არ ჰქონოდა გუნდს, ბავშვს უბრალოდ დანიელეს დავარქმევდით", - ამბობს პატარა ხვიჩას მამა და დასძენს, რომ „სერია ა"-ს მოგებასთან ერთად, კვარაცხელიას გაცნობა მისი ოცნებაა.
წყარო: ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე