რეზონანსი
19.03.2023

ხუთშაბათს საღამოს, დიღომში, 12 წლის ანა დაიკარგა. ეზოში სათამაშოდ ჩასული გოგონა სახლში არ მივიდა. ოჯახთან ერთად ძებნა მთელმა სამეზობლომ დაიწყო. 7-საათიანი ძებნის შემდეგ კი გოგონას ცხედარს მისი სახლიდან სულ 200 მეტრში, ბნელი სკვერის ბუჩქებში პოულობენ. სამართალდამცველები საქმეს ამ დრომდე 109-ე მუხლით იძიებენ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პირველივე საათებში ითქვა, თითქოს გოგონას ვიღაც აედევნა, შემდეგი ვერსია უბედურ შემთხვევას დაუკავშირეს, თითქოს მას საკვები გადასცდა. ოღონდ ეს მაინცდამაინც ბნელ სკვერში და გაუვალ ბუჩქებში მოხდა. ვერსიები ძალიან ბევრი გაჩნდა, გაჩნდა შიშთან ერთად, რომ ქალაქში შესაძლოა ბავშვების მკვლელი დადის.

Post Factum-მა ინტერვიუ ჩაწერა შესაძლოა ამ საქმის ოქროს მოწმესთან - ადამიანთან, რომელმაც 12 წლის ანა ცოცხალი უკანასკნელად ნახა, გამოელაპარაკა კიდეც და სახლში წასვლა ურჩია.

პატარა გოგონა 21:00 საათისთვის ნათესავთან ერთად გამოვიდა ეზოში და 22:00 საათამდე იქ იმყოფებოდა. ამის შემდეგ ნათესავი სახლში ავიდა და ანა მარტო დარჩა. იგი ცოტა ხანის შემდეგ  წინ დაიძრა, გასცდა 186-ე საშუალო სკოლა, მოუხვია სარაგბო მოედანთან და პატარა სკვერში მივიდა. ამ დროს დაახლოებით 23:00 იყო. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ დროსთვის ანა ნახა და მასთან კონტაქტი ჰქონდა, მაკა კვაჭაძე იყო. იგი, შვილთან ერთად, ძაღლს ასეირნებდა:

„ეს ბავშვი ჩქარი ნაბიჯით ამოვიდა და საქანელაზე დაჯდა ჩემი შვილის გვერდით. არ შემიმჩნევია, რომ ცუდად იყო ან რაღაც ამგვარი. საქანელაზე იჯდა და ქანაობდა. მერე მოვიდა ჩემთან და მკითხ თქვენი ძაღლიაო და დაამატა რა საყვარელიაო. ეს იყო და ისევ ჩქარი ნაბიჯით წავიდა “, - განაცხადა მაკა კვაჭაძემ და ისიც აღნიშნა, რომ მის ირგვლივ არავინ  შეუმჩნევია. ბავშვი სკვერში მარტო იმყოფებოდა.

„ტელეფონი ხელში ეჭირა, მაგრამ სხვა რამ, მათ შორის საკვების მსგავსი არაფერი. არ შემიმჩნევია, რომ ბავშვი ნერვიულობდა ან შეშფოთებული იყო. თვითონ შემოვიდა კონტაქტში, მკითხა ძღლზე და მერე გააგრძელა გზა.

ამ დროისთვის სკვერში რამდენიმე ბიჭი იყო, ბურთს თამაშობდნენ და თეთრი ძაღლი ჰყავდათ. ერთი კაცი იყო კიდევ, პატარა ბავშვს ასეირნებდა და ისიც მალე წავიდა. ეს ადგილები მთლიანად არის განათებული“, - აღნიშნა მაკა კვაჭაძემ.

პატარა ანა მაკა კვაჭაძესთან დაახლოებით 15-17 წუთი გაჩერდა. მისი ნაამბობიდან დგინდება, რომ ბავშვს 23:00-დან 23:20-მდე ტელეფონი ხელში ეჭირა და მასთან ზარი არ შესულა. ამ დროს კი საუბრობენ, რომ ადგილობრივებმა ანას ძებნა 23:00 საათიდან დაიწყეს...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×