რეზონანსი
18.01.2023

დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ერეკლე პაპას" დამცველებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს, მისი 62-წლიანი მეფობის პერიოდში 500-ზე მეტი ბრძოლა აქვს გადატანილი საქართველოს მტრებთან.

"ერეკლე პაპას" დამცველებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს, მისი 62-წლიანი მეფობის პერიოდში 500-ზე მეტი ბრძოლა აქვს გადატანილი საქართველოს მტრებთან. სულ 15 წლისა იყო ერეკლე, როცა პირველი ბრძოლა გამართა და ამის შემდეგ, ღრმა მოხუცებულობამდე მტერთან განუწყვეტელ ბრძოლაში გაატარა სიცოცხლე.

75 წლის იყო მეფე, როცა კრწანისში, თბილისის დასაცავად 7000 მეომრით შეებრძოლა რიცხვით 5-ჯერ მეტ მტერს. დამარცხდა, თავდადებულ მებრძოლთაგან მხოლოდ 150 მხედარი დარჩა მეფეს ცოცხალი. მაგრამ, ბრძოლა, ბრძოლა და განუწყვეტელი ბრძოლა სამშობლოსათვის იყო მეფე ერეკლეს სიცოცხლის ამოცანა.

გარდა ამისა, "ერეკლე პაპას" დამცველებმა უნდა იცოდნენ, რომ ერეკლე წმინდანად არ არის შერაცხული ეკლესიის მიერ. ის იყო სახელმწიფო მოღვაწე, მისი სამეფოსთვის თავდადებული მეფე, გმირული ბრძოლებით, ურთულესი პრობლემებით სავსე ცხოვრებით და იმავდროულად ადამიანური და პოლიტიკური შეცდომებით. რუსებმა რომ ჩვეულებრივ უმუხთლეს და 1785 წლის ტრაქტატი მხოლოდ რუსული ინტერესებისთვის და საბოლოოდ საქართველოს დასაპყრობად გამოიყენეს, ეს შეიძლება ზოგიერთმა მეფის შეცდომად, ზოგიერთმა შეიძლება იძლებით ნაბიჯად ჩათვალოს გამოუვალ სიტუაციაში, მაგრამ ამაზე მსჯელობა და კამათი მკრეხელობა არ არის.

თავად ერეკლე მეფე ალბათ დიდი გულისყურით მოისმენდა მისი შთამომავლებისგან, რა მოუტანა მისმა გადაწყვეტილებამ და შედეგად რუსეთთან დაახლოვებამ მის ქვეყანას. ამაზე მსჯელობა აბსოლუტურად მისაღებია და სასარგებლო. პატივი ეცით, მაგრამ ნუ გააკერპებთ ადამიანებს, ნურც მეფეებს. ეს მათ არ სჭირდებათ", - წერს ლომიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×