რეზონანსი
01.11.2022

ჟურნალისტი, ვახო სანაია მსახიობ, თამარ მაყაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ბათუმის თეატრის მიერ მსახიობის რეპერტუარიდან ჩახსნა კითხვებს უჩენს.

"სიმართლე გითხრათ, მსახიობ თამარ მაყაშვილის ამბავს კარგად არ ჩავძიებივარ. ვიცოდი, რომ იხუმრა იმედის ეთერში, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. მერე ბოდიში მოუხდია, რაც მთლად გულწრფელად არ გამოუვიდაო. მერე კიდევ მოუბოდიშებია.

დღეს რატომ მივაქციე ამ ამბავს მეტი ყურადღება - ბათუმის დრამატული თეატრის განცხადება წავიკითხე, ვემიჯნებით მსახიობს, რეპერტუარიდან მოვხსენით და შესაბამისი ზომები გავატარეთო.

ეს ,,ზომები გავატარეთ" ძალიან მაგარია !

მოვიძიე ეს ხუმრობა. კაი, ბატონო. გასაგებია მანდ ყველაფერი. განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი. ცუდი იყო, რაც მოვისმინეთ და სამართლიანი აღშფოთებაც გამოიწვია. მოიხადა ბოდიში. რამდენად გულწრფელი იყო, ამის ყველასთვის ობიექტური საზომი არა გვაქვს. ვინც როგორც აღიქვა, ისეა.

უბრალოდ, რეპერტუარიდან მოხსნა და ასეთი პროფესიული დარტყმა ამ ადამიანზე ნორმალურია ?!

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ ნუკრი ქანთარია გახდა. წარსულიდან შემიძლია, ამოვიღო პარლამენტის სხდომაზე ქანთარიას სულ მცირე ერთი ისეთი ამაზრზენი და კატასტროფული საჯარო გამოსვლა, რომელთან მიახლოებულიც კი არ არის თამარ მაყაშვილის ,,ხუმრობა". ქანთარიას ბოდიშიც კი არ მოუხდია, პირიქით, უარესი ფრაზები დაამატა ზედ. ეგეთი განცხადება საქართველოს მრავალჭირნახულ პარლამენტარიზმს არ ახსოვს.

ბათუმის დრამატულ თეატრს ,,დარგის სპეციალისტ" რიჟვაძის მიმართს შეკითხვები არა აქვს, არც ქანთარიას სამხატვრო ხელმძღვანელად, სინამდვილეში კი ოდეერად დანიშვნაა პრობლემა. აი, თამარ მაყაშვილის შემთხვევაში ნებადართულია.

ფოტო : ბათუმის დრამატული თეატრის გვერდიდან", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.

მოგვიანებით, მსახიობმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. დღეს ცნობილი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაყაშვილი მის მიერ გამოთქმულის გამო, სპექტაკლიდან ჩახსნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×