რეზონანსი
07.09.2022

გადაცემა "სხვა ნანუკას" ეთერი 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპულ გმირებს დაეთმო.

ერთ-ერთი გმირის, პილოტ ზაზა ლორიას მეუღლემ ტრაგედიის დღე ემოციურად გაიხსენა.

"რომ მოვიდოდა და სანთელს აანთებდა უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც მოხდა.

წმინდა გიორგის ხატთან დადგებოდა და მადლობას უხდიდა გადარჩენისთვის, ბეწვზე გადავრჩითო, ასე იტყოდა...კონკრეტულად დეტალებს არ ჰყვებოდა. არ გვანერვიულებდა...

ყოველი გაფრენის წინ მირეკავდა, სულმოუთქმელად ველოდი ზარს, როცა მეტყოდა, რომ უკვე ჩავფრინდი ადგილზეო...ამოვისუნთქებდი და მერე ვგრძნობდი თავს თავისუფლად.

ამ გაფრენის წინაც დამირეკა, ასეთი ამბავია, მივფრინავ და 1 საათში დავბრუნდებიო.

ბავშვები გამომიყვანე, ვერტმფრენებს დავათვალიერებინებო, ბედნიერი იყო შვილიშვილებთან ურთიერთობით, მონატრებული შვილიშვილები ნახა. ამით მაინც ვარ ბედნიერი, რომ ნახა შვილიშვილები და 5 წლის უნახავი შვილი.

გავამზადე ბავშვები, ჩავაცვი, წავიყვანე აეროპორტში და გზაში ვიყავით როცა შემოვიდა შეტყობინება-ხომ მშვიდობა გაქვთო.

გამიკვირდა... ამასობაში ჩემმა ბიჭმა დარეკა, მამა სად არისო.

გიორგიმ მითხრა, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდაო... იმ წუთას, რა თქმა უნდა, თავზარი დამეცა, მაგრამ 1 წუთი არ მიფიქრია, რომ რაღაც ცუდი იქნებოდა.

გონება ამას არ უშვებდა, მეგონა გადარჩებოდა...

დილით სახლიდან გასვლისას, ყოველ დღე საწოლში აკოცებდა ხოლმე ბავშვებს და ისე მიდიოდა.

ერთხელ ანიმ ჰკითხა, რატომ აკეთებ მამა ამასო, რაზეც უპასუხა, ისეთი სამსახური მაქვს, რომ გავდივარ არ ვიცი დავბრუნდები, თუ არაო..." - აღნიშნა თამარ ასანიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×