სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    16.10.2017

    საბიუჯეტო რესურსების გამოყენება, ფიზიკური დაპირისპირება, ზემოქმედება-მუქარა და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რაც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა.

    "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში ხაზგასმულია კანონსაწინააღმდეგო ტენდენციები, რომლებიც ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას ისახავს მიზნად და ლაპარაკია ასევე სოციალური ქსელების შესაძლებლობათა ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების პრაქტიკაზე

    "კამპანიის გააქტიურებასთან ერთად ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელება გახშირდა. ეს ფაქტები ძირითადად ხდება ოპოზიციურ ან დამოუკიდებელ კანდიდატებთან დაკავშირებით. მათ სთხოვენ, რომ კანდიდატურა მოხსნან. ასევე ვნახეთ საეჭვო ფაქტი თეთრიწყაროში, სადაც "ევროპული საქართველოს" კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც საეჭვო და შემაშფოთებელი ფაქტია.

    "ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა განსაკუთრებით თბილისში - სოციალურ ქსელებში ხდება ოპოზიციური პარტიების კანდიდატების დისკრედიტაცია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი, მაგრამ რაც დავინახეთ, ეს არის ორგანიზებული. რაღაც გვერდებია შექმნილი, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია. მაგრამ ძირითადად დეზინფორმაციას ავრცელებენ და ასეთი პოსტები არის დასპონსორებული", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა

    რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო წინა წლების არჩევნებთან შედარებით? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "მე მგონი, უფრო მშვიდი და ნაკლებად დაძაბული არჩევნებია. მმართველი პარტია, როგორც ჩანს, გამარჯვებაში დარწმუნებულია და ღელვა არ ეტყობა. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს და შინაგანად თუ ნერვიულობენ, არ ვიცი. მმართველი პარტია ნაკლებად არის დაკავებული ოპონენტების კრიტიკით, რასაც ვერ ვიტყვი მის ოპონენტებზე."

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "საარჩევნო გარემო არათუ საქართველოში, არსად დედამიწაზე, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა თავიდან ბოლომდე ობიექტური. ასე რომ, პრეტენზია ამ მხრივ არც საქართველოს უნდა ჰქონდეს.

    "მე მგონი, ეს საარჩევნო გარემო ისეთი მაინც არ არის, როგორიც იყო ამ 5 წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" პარპაშის დროს, როცა არსებობდნენ არჩევნების გამყალბებლები. რომ იცოდეთ, შეიძლება ერთი დიდი გამოკვლევა დაიწეროს იმ მეთოდებზე, რითაც აყალბებდნენ არჩევნებს.

    "ასე რომ, არ მგონია, აუტანელი საარჩევნო გარემო იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მასმედია ყველა პარტიას აძლევს საშუალებას, პროპაგანდა გასწიოს და თავისი პროგრამა წარმოადგინოს."

     სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "თუ საუბარია 2012 წლის არჩევნებზე, იმასთან შედარებით სამართლიანია. თუმცა ყოველთვის ხდება, რომ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას წასცდება ხელი ადმინისტრაციულ რესურსზე იმაზე მეტად, ვიდრე დასაშვებია. ასე რომ, შედარებით სამართლიანი გარემოა, მაგრამ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ დემოკრატიის პრინციპები."

     

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "არ ვარ ექსპერტი და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ თავისუფლებაა. დარწმუნებული ვარ, არჩევნების გაყალბებაზე არავინ ფიქრობს. რაც უნდა დააბრალო ამ მთავრობას, იმას მაინც ვერ იტყვი, რომ განსხვავებული აზრის გამო მოგკლავენ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter