სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    11.12.2017

     "სააკაშვილს დააპატიმრებენ თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა. მას მიაჩნია, რომ თამაშობს წაუგებელ თამაშს - არ დააპატიმრებენ, გმირია, დააპატიმრებენ, მაინც გმირია, რადგან პოროშენკოს ხელისუფლება სისტემურად დასრულებულია. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ რეანიმაციას და ამ ტალღაზე რაღაც დივიდენდების მიღებას ცდილობს. წმინდა პოლიტიკური გაგებით, ეს გათვლა საკმაოდ სწორი და ლოგიკურია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

    უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე "მთელი კვირა" გია ხუხაშვილს ესაუბრა.

    გია ხუხაშვილი: უკრაინაში ცალკე, ფრაგმენტულად მიხეილ სააკაშვილის ოდისეაზე საუბარი არ იქნებოდა სწორი. მთელი სურათი ასეთია - უკრაინის ხელისუფლება არის მყიფე და მას აქვს როგორც საგარეო, ისე საშინაო საფრთხეები. სააკაშვილი კი პოლიტიკური ცხოველია და ასეთ სიტუაციაში თავს კარგად გრძნობს. სურს, რომ სახელმწიფოებრივი კრიზისის შემთხვევაში მოვლენების ეპიცენტრში იყოს.

    მძიმე პრობლემები აქვს უკრაინის ხელისუფლებას ანტიკორუფციული ბიუროსა და, მეორე მხრივ, პროკურატურისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაპირისპირების სახით. უკრაინის შიდა პოლიტიკაში ამერიკელების მთავარი მოთხოვნაა ანტიკორუფციული მოქმედებები, თუმცა პოროშენკოს მთავრობა ამას ვერ ასრულებს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა განცხადება, ზუსტად მეორე დღეს კი გამოვიდა მიშა და ამათ "ბარიგები" ეძახა.

    სააკაშვილი თავის ამპლუაშია, რაც ჩვენთვის გასაკვირი არ არის. უკრაინის ხელისუფლებას კარგი სვლები აღარ აქვს დარჩენილი და ეძებს გადარჩენის შანსს იქ, სადაც შესაძლებელია.

    "მთელი კვირა": უკრაინის ხელისუფლებას გადარჩენის შესაძლებლობა აქვს?

    გ.ხ.: ძალიან მცირე შანსი აქვს. სისტემურად უკრაინის ხელისუფლება დასრულებულია. დანარჩენი არის ტექნიკური საკითხი. სააკაშვილი ცდილობს, რომ ბოლო წიხლი მან ჩააზილოს.

    ობიექტურად იქ არაფერი შეცვლილა. 2014 წელს მოხდა ე.წ. ღირსების რევოლუცია ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, თუმცა, რეალურად, ეს რევოლუცია არ დასრულებულა. ერთი ინტერეს ჯგუფი ჩანაცვლდა მეორე ჯგუფით. კორუფციის ჭაობშია მთელი უკრაინა ჩაფლული.

    საქართველოსგან განსხვავებით, იქ მივიღეთ დროში გაწელილი რევოლუცია და მიშა, როგორც ცნობილი რევოლუციონერი, ცდილობს, რომ იყოს მოვლენების ეპიცენტრში.

    "მ.კ.": მისი დაკავება ხომ არ დააჩქარებს რევოლუციურ პროცესებს?

    გ.ხ.: მიშა სააკაშვილის როლი მთელ ამ დიდ სახელმწიფოებრივ კრიზისში არ არის დიდი. გასაგებია, რომ ის ყველაზე მეტად ჩანს და აქტიურია, მაგრამ იგი არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. გარედან უკმაყოფილოა დასავლეთი და აშშ, ხოლო შიგნით - ძირითადი პოლიტიკური მძიმეწონოსნები. ისინი ელოდებიან კრიტიკულ წერტილს, რომ გააქტიურდნენ. სააკაშვილი შეეცადა დიდი აქციების აგორებას და ძლევამოსილის მანტიის მოსხმას. რადგან არ გამოუვიდა, ახლა მეორე მხრიდან შემოუარა და წამებულის პოზიციაში ჩადგა.

    სააკაშვილს დაპატიმრებენ თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა. მას მიაჩნია, რომ თამაშობს წაუგებელ თამაშს: არ დააპატიმრებენ - გმირია, დააპატიმრებენ - მაინც გმირია, რადგან პოროშენკოს ხელისუფლება სისტემურად დასრულებულია.

    მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ რეანიმაციას და ამ ტალღაზე რაღაც დივიდენდების მიღებას ცდილობს. წმინდა პოლიტიკური გაგებით, ეს გათვლა საკმაოდ სწორი და ლოგიკურია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიო საინფორმაციო ტოპნიუსში გადის. ყველა გამოცემა და ტელევიზია ამაზე საუბრობს. ჩვენ გინდა გიჟი ვეძახოთ, გინდა არა, ეს ხომ მოცემულობაა.

    "მ.კ.": საქართველოში მისი ექსტრადირება რამდენად შესაძლებელია?

    გ.ხ.: თეორიულად, შესაძლებელია, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა და ამით გზა მოიჭრა. მაგრამ მოვლენათა გარკვეულ განვითარებაში ეს შესაძლებელია. მისი ექსტრადირება საქართველოში რა პროცესს გამოიწვევს, ეს ცალკე თემაა. მე პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქ რაღაც აპოკალიფსი მოხდება.

    "ნაციონალური მოძრაობა" თავის სააკაშვილიანად საქართველოში ჩაკეტილი სისტემაა. არა აქვთ იმის რესურსი, რომ თავიანთი აქტიურობა სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაზარდონ. მოქმედების დიაპაზონი შეზღუდულია, თუმცა სერიოზული თავის ტკივილი იქნება.

    მ.კ.: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ისლამურ სამყაროში უკვე მოჰყვა დიდი უკმაყოფილება. საქართველოში კი "ოცნების" დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ტრამპის მსგავსად მასაც ეღიარებინა იერუსალიმი დედაქალაქად. რა ნაბიჯი უნდა გადადგას თბილისმა?

    გ.ხ.: ძალიან ადეკვატურად მომეჩვენა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ემოციურად გასაგებია, ჩვენთვის ძალიან გასახარი იქნებოდა, იერუსალიმის სტატუსი, როგორც ისრაელის დედაქალაქისა, საბოლოოდ დადგინდეს, მაგრამ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ სახელმწიფო ინტერესებზე, რა თქმა უნდა, არ ვარ იმის მომხრე, ავდგეთ და ამერიკას მხარი დავუჭიროთ.

    ჩვენ ვართ პატარა, დაუცველი ქვეყანა და ამით შეიძლება რისკები გავაჩინოთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის ამერიკული გეგმა. ამიტომ ადეკვატურად მომეჩვენა ჯანელიძის უწყების განცხადება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter