ია აბულაშვილი
21.01.2017

 აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მთელი პოლიტიკური სამყარო დაძაბული ელოდა. ეს დღეც დადგა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი დღეიდან ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

რა რეალურ შედეგებს მოიტანს დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად და როგორ შეიძლება განვითარდეს აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები, ამის თაობაზე "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

როგორც "რეზონანსთან" პიარტექნოლოგიების სპეციალისტმა კახაბერ ჯაყელმა განაცხადა, ამერიკა მთელი სულით და გულით ცდილობს გაერკვეს თავის არჩევნებში და აღმოაჩინოს ის ბოროტი ძალა, რომელიც ამ არჩევნების დეტალებშია ჩაბუდებული. მისი თქმით, თუ გაირკვა, რომ მინიმალური კავშირი არსებობს ტრამპის ერთგულ გენერალსა და პუტინის ქმედებებს შორის, დონალდ ტრამპის საკითხი შეიძლება ერთ-ერთი რთული იყოს ამერიკის ისტორიაში.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გარდამავალ პერიოდში, ანუ ვიდრე სრულად არ ჩამოყალიბდება ტრამპის ადმინისტრაცია, რეალურ ცვლილებებს არ ელის.

"გარდამავალ პერიოდში, ვიდრე საქმეების მიღება-გადაბარება მიმდინარეობს, რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ რაიმე კარდინალური არ მოხდა ამერიკის პოლიტიკაში, ან კრიზისი არ განვითარდა რომელიმე რეგიონში. როდესაც ტრამპის გუნდი მთლიანად გადაიბარებს საქმეებს ობამას ადმინისტრაციისგან და გუნდიც სრულად ჩამოყალიბდება, რომელიც მას მისცემს რჩევებს, მაშინ შეიძლება დაიწყოს ცვლილებები, იგივე საგარეო კუთხით.

"ჩემი აზრით, ალბათ ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკის მიმართულებები გადაიხედება, მხედველობაში მაქვს რუსეთთან ურთიერთობა. სავარაუდოდ, იქნება მეტი კონსულტაციები იმ კუთხით, რომ ერთმანეთს რაიმე სიურპრიზები არ მოუწყონ.

"ერთია განცხადებები, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აკეთებდა, ხოლო მეორეა ის განცხადებები, რომელსაც ტრამპი გააკეთებს, როდესაც იგი ოფიციალურად შეუდგება პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას. არ მგონია, ტრამპმა დაარღვიოს ტრადიციული ურთიერთობები, თუნდაც ნატოსთან.

"რაც შეეხება აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს, ამერიკისთვის გასაგებია, რომ საქართველო ამერიკისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა შეიძლება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში თანამშრომლობის ინტენსივობამ იკლოს და არ იყოს ისე აქტიური, როგორც ეს იყო ბუშის და ობამას ადმინისტრაციის დროს. თუმცა უკვე დადებული ხელშეკრულებები აშშ-ს და საქართველოს შორის, კერძოდ, პარტნიორობის ქარტია ძალაში დარჩება", - განაცხადა "რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი კი ტრამპის საგარეო კურსთან დაკავშირებით ამბობს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებები არის ნიადაგის მოსინჯვა და ახალი დიპლომატიური ჰორიზონტის შექმნის მცდელობა.

ზაზა ფირალიშვილი: "ჯერ ძნელია თქმა, რა რეალურ შედეგებს მოიტანს დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად. რაც შეეხება მის საგარეო კურსს, რაღაც განსაკუთრებით ცუდსა და ამერიკულ-რუსული ალიანსის ჩამოყალიბების მოლოდინი არ მაქვს. ტრამპის დღევანდელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ნიადაგის მოსინჯვა და ერთგვარი ახალი დიპლომატიური ჰორიზონტის შექმნის მცდელობა.

"ამგვარ რამეს რუსეთი ყოველთვის ტლანქი იმპერიული ეგოიზმითა და რუსული "ლაგერების" ლუმპენური მორალით პასუხობდა. ძნელი წარმოსადგენია ამჯერად რაიმე სხვა მოხდეს. ვფიქრობ, ტრამპი ობამა არ არის, რომ ლიბერალი დოქტრინერის კეთილგანწყობით შეხვდეს ყველაფერ ამას.

"მოკლედ, უახლოეს თვეებში გამოჩნდება, რა მოხდება. რუსული ისტაბლიშმენტის საზეიმო განწყობას სერიოზულად ნუ შევხედავთ. პუტინის მიზანია, მთელ სამყაროს ისე დაუხატოს საქმის ვითარება, თითქოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი ყველაფერი მისი სცენარით ვითარდებოდა. პროპაგანდისტული თვალსაზრისით მას უაღრესად აწყობს ამერიკელი დემოკრატების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არჩევნებში რუსული კვალის შესახებ. რომ არ არსებობდეს კიდეც ეს კვალი, ხელოვნურად უნდა შეექმნა, რადგან მისთვის ეს აჟიოტაჟი ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბზარის შეტანის სერიოზული საშუალებაა", - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×