თეონა ვეშაგური
12.05.2022

დასავლელი დიპლომატები მხარს უჭერენ იმ ქვეყნებს, რომელთაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ და გმობენ რუსეთის აგრესიას. რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია, ვიდრე მეოცე საუკუნის დიქტატორებს ჰქონდათ - ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, აცხადებს პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. მისი თქმით, რუსეთის აგრესორმა იმპერიამ დააინფიცირა საინფორმაციო სივრცე მილიონობით „ფეიკ ნიუსით", ამიტომ მსოფლიოს სჭირდება დეპუტინიზაცია.

„რუსული სამყაროს" პუტინისტური იდეოლოგია მეოცე საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ეკვივალენტურია. ეს იდეოლოგიაა, რომელის დახმარებითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებსა და პრივილეგიებს თავისი ქვეყნისთვის. ის აუცილებელია აღმოიფხვრას", - განაცხადა მორავეცკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი დღეს „ნაციზმს" ებრძვის. აღნიშნა, რომ რუსი დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, თითქოს რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი, მაგრამ არ ახსენებს ომის შემდგომ ათწლეულების რეპრესიებს აღმოსავლეთ ევროპაში.

„პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ ის უფრო საშიშია. თუ ევროპა მას არ შეაჩერებს, ის თავის ჯარებს ევროპაში უფრო შორს მიმართავს. ჩვენ გადასაწყვეტია, სად შევაჩერებთ მას", - განაცხადა მორავეცკიმ.

მათან, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოუცხადა მხარდაჭერა ფინეთის გადაწყვეტილებას გახდეს ალიანსის წევრი.

„ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ფინეთი ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.

„ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის", - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში აჩვენებს, რომ "ნატოს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს".

ცნობისთვის, ხუთშაბათს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს.

„ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე,"- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უბიძგა სტრატეგიის შეცვლისკენ.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, ისევე როგორც მისი კავშირები პეკინთან, მზარდ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.

„რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტის შეშფოთება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაიზიარა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან შეგუება არ უნდა მოხდეს.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიას. ეს შეუწყნარებელია," - აღნიშნა კიშიდამ. აღნიშნული კომენტარები ევროკავშირ-იაპონიის სამიტის შემდეგ გაკეთდა, სადაც მხარეებმა ახალი ციფრული პარტნიორობა გამოაცხადეს. შეთანხმება მოიცავს ზომებს კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.

დასავლელი დიპლომატები ერთხმად აცხადებენ, რომ რუსეთის გეგმა არ გაფართოვებულიყო ნატო კრახს განიცდის.

კვლავ აქტუალურია ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხიც. საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს და ასევე გახდეს უფრო ძლიერი და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვინიკოვმა სტრატეგია „აღმაშენებლის" და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი რჩება და ნატო მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურად, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც ახლა, ახალ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ასევე ნატო საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას უწევს და საქართველოსთვის ხელმისაწვდომია პროგრამების ფართო სპექტრი, იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში მხარდაჭერა ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შემდგომი ტრანსფორმაციისთვის, ასევე სხვა სექტორებში, რომლებსაც მოკავშირეები თვალყურს ადევნებენ, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და საარჩევნო რეფორმას.

„საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. საქართველოს აქვს ნატო-საქართველოს არსებითი უნიკალური პაკეტი, რომელიც ნატო-ს არცერთ სხვა პარტნიორს არ აქვს. ჩვენ ასევე გვაქვს ადგილზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგს და ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ამგვარად, საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს და ასევე გახდეს უფრო ძლიერი და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა," - აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×