რეზონანსი
20.05.2022

 

 

19 მაისს შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ და თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ წარადგინეს 2022-2025 წწ.-ის შვეიცარიის თანამშრომლობის პროგრამა. პროგრამა მთავარი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს 2022-2025 წლებში შვეიცარიის მიერ განხორციელებული პროექტების მთავარ მიმართულებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და ორგანიზაციები.

2022-2025 წლებში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში განახორციელებს პროგრამას, რომლის მთავარი მიმართულებებია: 1) სამოქალაქო ჩართულობის და თანამშრომლობის ხელშეწყობა რეგიონში, 2) დემოკრატიისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება, 3) ეკონომიკური განვითარება და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, და 4) კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის გაძლიერება და რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება. გენდერული თანასწორობა და კარგი მმართველობა ყველა შესაბამის პროექტში იქნება გათვალისწინებული.

ამჟამად შვეიცარია 20-ზე მეტ პროექტს ახორციელებს საქართველოში, რომელთა უმეტესობა 2017-2021 წწ.-ის სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო. 2021 წლის ბოლოს, შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად, 150 000 მოსარგებლემ სოფლის მეურნეობის სექტორში მიიღო დამატებითი შემოსავალი, რაც 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ციფრული ინფრასტრუქტურა დაინერგა 63 მუნიციპალიტეტში, რამაც მუნიციპალური მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა 1.5 მილიონი ადამიანისთვის. გენდერული თანასწორობის კუთხით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა გენდერული ზეგავლენის შეფასებისა და გენდერული ნიშნით ხელფასების სხვაობის მიმართულებით.

წინა მიღწევებზე დაყრდნობით, 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. შვეიცარია საქართველოში გააგრძელებს სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებასა და ამით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას, გათვალისწინებულია სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე, სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზება. მმართველობა, მიგრაციის ჩათვლით, და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება დარჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებებად. პროგრამა გააგრძელებს კლიმატის და ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ტყის, მართვის მიმართულებით მუშაობას.

ამ თემატური პრიორიტეტების გარდა, შვეიცარია იმუშავებს კონფლიქტის პრევენციის, მშვიდობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები თემებზე: გენდერული თანასწორობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, ინკლუზიურობა და გაციფრება (დიგიტალიზაცია). გარდა ამისა, ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის ფარგლებში, შვეიცარია დააფინანსებს სხვადასხვა პროექტებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი საქართველოსთვის 34 მილიონი შვეიცარიული ფრანკია.

სამხრეთ კავკასიაში პროექტების განხორციელება შვეიცარიამ 1988 წელს დაიწყო და მას შემდეგ თავისი საქმიანობა სულ უფრო გააფართოვა, განახორციელა რა პროექტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი თბილისში 1996 წელს გაიხსნა. ბოლო 25 წლის განმავლობაში შვეიცარიის დახმარება 200 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×