ტატა შოშიაშვილი
21.06.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაცია სულ უფრო და უფრო მწვავდება. ათასობით დაავადებული, ასობით ლეტალური შედეგი, გაგრძელებული კარანტინი, სიტუაციის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანა, საავადმყოფოებში პაციენტებისთვის საჭირო ადგილების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ. - ყველა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელთა ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. 21 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 10 916 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო აზერბაიჯანში კი - 5 574.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში 560 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ხოლო აზერბაიჯანში ამავე დიაგნოზით საავადმყოფოში 471 პაციენტი მოათავსეს.

სომხეთი

სომხეთში კოვიდ-19-ის გავრცელების დღიდან, 21 ივნისის მონაცემებით, სულ 20 268 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი იუწყება.

რამდენიმე თვის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსისგან 350 ადამიანი დაიღუპა და მათგან 18 ლეტალური შედეგი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.

არიან ისეთი პაციენტები, რომელთაც დაუდასტურდათ კორონავირუსი, თუმცა გარდაცვალების მიზეზი კოვიდ - 19 არ გამხდარა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა უკვე 114-მდე გაიზარდა (ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1 შემთხვევა).

გამოჯანმრთებულთა რაოდენობა უკვე 9002 ადამიანია, კრიტიკულ მდგომარეობაში ამჟამდ 10 პაციენტი იმყოფება. ბოლო მონაცემებით, დღემდე სომხეთში კოვიდ-19 გამოსავლენი 95 754 ტესტი ჩატარდა.

როგორც აღინიშნა, სომხეთში კრიტიკული სიტუაცია ძალიან სწრაფი ტემპებით აღწევს პიკს - ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა 2 კვირის წინ განმარტა, რომ სომხეთის მასშტაბით სულ 12 000 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი, რადგან საავადმყოფოებში ფიზიკურად არ აქვთ მეტი ადგილის დათმობის საშუალება.

სომხეთში კი ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 11 ათსამდე პაციენტია ქვეყანა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა, რომლის შემდეგაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ფიზიკურად ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სტაციონარში მოთავსებას.

სომხეთში კარანტინი სრულად არ გაუქმებულა და 13 ივლისამდეა გაგრძელებული. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია როგორც მასობრივი შეკრებები, ასევე მიტინგები და თითოეული მოქალაქე ვალდებულია, რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე.

თუმცა ეკონომიკური საქმიანობის რამდენიმე სფეროსა და თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვები 4 მაისს მოიხსნა, ხოლო 18 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სპორტდარბაზების, საბავშვო ბაღებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების გახსნა გახდა შესაძლებელი.

აზერბაიჯანი

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებამ აზერბაიჯანის ხელისუფლება იძულებული გახადა უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვა ხელახლა აემოქმედებინა. 21 ივნისიდან 5 ივლისამდე აზერბაიჯანის 7 ქალაქში საკარანტინე პირობები უფრო მეტად გაამკაცრეს. იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახლი დატოვოს, მოქლაქეს სჭირდება ეს-ემ-ესით მიღებული დასტური, რომელსაც სამართლადამცველებს წარუდგენს საჭიროების შემთხვევაში.

ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ცენტრები, სილამაზის სალონები და მუზეუმები, თუმცა ღიაა სკვერები და ბულვარები.

აზერბაიჯანში ეპიდემიის დაწყების დღიდან 12 238 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 6 516 გამოჯანმრთელდა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია 66 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლეტალური შედეგით კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე დასრულდა . სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ოფიციალურ მონაცემებით, 148 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×