სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    17.06.2019

     ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ ფიქსირდება. იარაღზე ასევე არ არის ომარ გამყრელიძის დაკავებული შვილიშვილის დნმ. მაშ ვინ მოკლა 5 ადამიანი სოფელ ყანდაურაში? - სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ ხუთმაგი მკვლელობა, რომელზეც 85 წლის კაცია დაკავებული, მას არ ჩაუდენია.

    სინამდვილეში, ისინი ეჭვობენ, რომ ეს მისმა შვილმა გააკეთა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელიც მიმალვაშია. მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ეს ეჭვები უფრო რელური გახდა და ახლა უკვე დაზუსტებით შეუძლიათ იმის თქმა, რომ მოხუცს 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის. სოფელ ყანდაურაში „რეზონანსს" უყვებიან, რომ იარაღებზე, არც ომარ გამყრელიძის შვილიშვილის დნმ-ს კვალი არ არის, რომელიც პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

    ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ომარ გამყრელიძე ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ მკვლელობების ჩადენას და ის საკუთარ შვილს ხელს აფარებს. ბრალდებულს კი ოჯახმა ახალი ადვოკატი აუყვანა, რომელიც მისი ინტერესების დაცვას ახლო მომავალში შეუდგება. ექსპერტიზის პასუხებს გამყრელიძის ყოფილი ადვოკატი ადასტურებს და ამბობს, რომ ნამდვილად მკვლელობის იარაღზე მოხუცის არანაირი კვალი არ არის.

    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით ასევე დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, გეკოს თოფია ამოღებული, ხოლო ავტომატი ადგილზე ვერ ნახეს. ბრალდებულის 51 წლის შვილს ნოდარ გამყრელიძეს კი პოლიცია ამ დრომდე ვერ პოულობს. როგორც უწყება ამბობს, მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთას. თუმცა სოფელ ყანდაურაში ვარაუდობენ, რომ მან ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიიდან დატოვა.

    რა მოხდა რეალურად სოფელ ყანდაურაში, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა გასცეს.

    „სოფელში გავიგეთ, რდომ მკვლელობის იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, მასზე არც ბრალდებული ომარ გამყრელიძის და არც მისი შვილიშვილის დნმ-ის კვალი არ არის აღმოჩენილი. ასევე არაფერი ვიცით მის შვილთან ნოდარ გამყრელიძესთან დაკავშირებით. არ გვაქვს ინფორმაცია არის თუ არა იარაღზე მისი კვალი.

    ალბათ ამ ყველაფერს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ჩვენც ის ვიცით, რასაც მედია და გამოძიება აცხადებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრ კითხვებს ბადებს, ალბათ ამაზე გამოძიება პასუხს გასცემს. არც დედის დაკრძალვაზე ნოდარ გამყრელიძე, არ გამოჩენილა", - აცხადებს სოფელ ყანდაურის გამგებელი ნანა ტაველიშვილი „რეზონანსთან".

    მოკლული დედა-შვილის ოაჯხის წევრი ფრიდონ გამყრელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს და ეს კითხვები მას თავიდანვე გაუჩნდა. მისი თქმით, ალბათ ამის შემდეგ ომარ გამყრელიძის შვილის ნოდარ გამყრელიძის ირგვლივ კიდევ უფრო ბევრი კითხვები გაჩნდება.

    მისი აზრით, მოხუცი ამხელა დანაშაულის ჩადენას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. მითუმეტეს შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ცოლის საწოლთან მჯდომარე ოთახში ნახა. მას იქ არც იარაღები ჰქონდა და არც გაღიზიანება შეუმჩნევია. მითუმეტეს მოხუცს ხელებზე მარილები აქვს და ის ორი იარაღის დაკავებას ვერ შეძლებდა.

    „ჩვენც ახლა გავიგეთ და ვიცით, რომ იარაღზე არც ომარის და არც მისი შვილიშვილის კვალი არ არის. ანუ, ეს ეჭვებს უფრო მიღრმავებს და უკვე ვრწმუნდები, რომ მკვლელი გარეთ დადის. არაფერი არ ვიცი გამოძიებასთან დაკავშირებით რა ხდება. ორმოცი დღეა გარეთ საერთოდ არ გამოვსულვარ. პოლიციამ მხოლოდ შემთხვევის დღეს დამკითხა.

    "მას შემდეგ აღარავინ მოსულა. ველოდები გამოძიებას, როგორ ვთქვა ან არ ვთქვა, რომ ომარის შვილი ნოდარ ამ საქმეში ან დამნაშავეა ან არ არის. დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ფაქტი ერთია, რომ მოხუცი ამას ვერ მოახერხებდა და ამ ყველაფერს ექსპერტიზაც ადასტურებს", - აცხადებს „რეზონანსთან" ფრიდონ გამყრელიძე.

    სროლის დროს, სავარაუდოდ, მოხუცი ოთახში ცოლის საწოლთან უნდა ყოფილიყო. თავად მოხუცი სასამართლოზე ამბობს, რომ როდესაც მის 76 წლის ცოლს ელზა გამყრელიძეს ესროლეს, ის ხმაურზე ოთახში შევიდა და დანის პირით ცოლისთვის კრიჭის გახსნას ცდილობდა, ცოლს არ მოშორებია და 4 ადამიანის დახოცვას ვერ შეძლებდა. მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცის ხელში იარაღი არასდროს უნახავთ.

    დაკავებული მოხუცი კი სასამართლოზე ამბობდა, რომ ისიც კი არ იცოდა, რომ მისი შვილი, რძალი და მეზობლები გარდაცვლილები იყვნენ. ამტკიცებს, რომ იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა, მას არ ეკუთვნის და მან სროლაც კი არ იცის.

    "ეს უბედურება რომ მოხდა, ცოლთან ოთახში ვიყავი და მის გადარჩენას ვცდილობდი. ნეტავ გადარჩეს და ყველაფერი თქვას. პოლიცია რომ მოვიდა, ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ოთახში შემოცვივდნენ და დამიჭირეს. ვიკითხე, რატომ მიჭერთ-მეთქი, არავინ არაფერი მითხრა. სოფელში რომ ჩამატარეს, ხალხი ქვებს მესროდა და მკვლელოო, მეძახდნენ. არც კი ვიცოდი, რომ ჩემს ეზოში 4 მკვდარი იყო. მინდა გამიშვან სოფელში, ვნახო ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მე იარაღით მნახეს და ვისროდი", - განაცხადა ომარ გამყრელიძემ სასამართლოზე.

    „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ რა კომენტარი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში განგვიცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე სხვა დამატებით არაფრის თქმა არ შეუძლიათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved