სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჯანდაცვა ძალიან გაძვირდა. პაციენტები ამბობენ, რომ ისეთივე მდგომარეობამდე მივიდნენ, როგორც 6 წლის წინ იყვნენ
    თეონა დევიძე
    14.06.2018

     "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიოლდა, თუმცა ლარის დევალვაციასთან ერთად ვითარება მკვეთრად გაუარესდა და დღეს პაციენტები ისევ იმავე მდგომარეობაში არიან, როგორც 6-7 წლის წინ იყვნენ. მკურნალობა მათთვის თანდათან შეუძლებელი ხდება.

    ბოლო 2-3 წელიწადში თითქმის 100%-ით გაძვირდა ექიმთან ვიზიტი. ყოველ წელს მატულობს მედიკამენტების ღირებულება, ოპერაციებისა თუ სხვა სამედიცინო მანიპულაციების ფასი. ხალხს კი შემოსავალი სულ უფრო უმცირდება, შესაბამისად, უკმაყოფილებაც მუდმივად მზარდია.

    მართალია, არსებობს კერძო დაზღვევა, მაგრამ თუ შრომისუნარიან ადამიანს სტაბილური შემოსავალი არ აქვს, რთულია, ისარგებლოს ამ მომსახურებით. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვას არის შეჩერებული, რომელსაც თანდათან აკლდება მომსახურება.

    "ჯანდაცვა პრიორიტეტული არც ერთი მთავრობისთვის არ არის. წინა ხელისუფლების დროს წამოწყებული პროექტი "1000 ახალი საავადმყოფო" არ განხორციელდა. შემდეგ ახალმა მთავრობამ შემოიღო საყოველთაო დაზღვევა, თუმცა გაჭირვებული ხალხისთვის არც ესაა დიდი შეღავათი, ვინაიდან მაინც უწევთ საფასურის რაღაც ნაწილის გადახდა. თანაც რაც არ ფინანსდება, ყველაფერზე ფასი მკვეთრად არის გაზრდილი.

    ქვეყნის ეკონომიკას თუ გადავხედავთ და შემდეგ ჯანდაცვაში არსებული მომსახურებისა თუ მედიკამენტების ღირებულებას, ცხადზე ცხადია, რომ დიდ შეუსაბამობას ვაწყდებით. ხალხს შემოსავალი უმცირდება და ხარჯი ეზრდება. აქედან გამომდინარე, ნორმალური მკურნალობა გამორიცხულია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას 49 წლის გურამ შიუკაშვილმა.

    მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ წლიდან წლამდე ვითარება ჯანდაცვის სფეროში უარესდება.

    "პირველ რიგში, ცნება "საყოველთაო დაზღვევა", სჯობს, შევცვალოთ "სახელმწიფო პროგრამით", ვინაიდან საყოველთაობის პრინციპი სულ სხვაა და ის საქართველოში არ გვაქვს.

    2017 წელს ჯანდაცვის სფეროში შევიდა ცვლილება და შემოსავლის მიხედვით ზოგიერთი ადამიანი (წლიური შემოსავლით 40 000 ლარი და მეტი) ამოვარდა ამ პროგრამიდან ან შეეზღუდა გარკვეული მომსახურება. წელს გაუარესებულია ვითარება და ასე იქნება შემდეგშიც. უკმაყოფილოთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არანაირ რეფორმას არ გეგმავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჩიხლაძემ.

    მისი თქმით, ერთია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და მეორე, რაზე ვრცელდება ის. ხშირად ეს არის უხარისხო სერვისი, კვალიფიკაციის პრობლემა და სხვა.

    "ასეულობით მილიონი ლარის ხარჯი, რასაც სახელმწიფო ეწევა, წყალში გადაყრილია, რადგან სასურველ შედეგზე ვერ გავდივართ. მონაცემებს თუ გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ არანაირ პოზიტიურ შედეგამდე არ ვართ მისული და არც სხვადასხვა დაავადების მაჩვენებელია შემცირებული.

    ცალკე პრობლემაა ზედმეტი ანალიზებისა თუ მედიკამენტების გამოწერა პაციენტისთვის. ექიმების ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ მეტი გამოკვლევა დაინიშნოს, გაუშვან სხვა კლინიკებში, სადაც აქვთ ხელშეკრულება ან აფთიაქებში და ამით მიიღონ მოგება. ეს არის მონოპოლიური სისტემა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი", - განაცხადა ჩიხლაძემ.

    სრულიად სხვაგვარ შეფასებას აძლევენ სახელმწიფო პროგრამას სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები. როგორც ოჯახის ექიმი ქეთევან კრაწაშვილი ამბობს, 100 მომხმარებლიდან 95 იტყვის, რომ საყოველთაო დაზღვევით კმაყოფილია.

    "საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსახლეობას მიეცა საშუალება, მივიდეს ექიმთან და ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით, რაც ადრე დიდი პრობლემა იყო. უკმაყოფილება დიდად არ იგრძნობა, ვინაიდან ის ფენა, ვისაც უჭირს, კვლავინდებურად აგრძელებს სარგებლობას ამ პროგრამით და შარშანდელი ცვლილება, პირიქით, მათ სასარგებლოდ გატარდა.

    მედიკამენტები ნამდვილად გაძვირებულია და სამედიცინო მომსახურების ნაკლია ის, რომ ინიშნება გაცილებით მეტი წამალი, ვიდრე საჭიროა. მოსაზრება, რომ ოჯახის ექიმთან ვიზიტი გაძვირდა, სინამდვილეს არ შეეფერება. დაზღვევის ფარგლებში ეს უფასოა და თუ ადამიანი არაა დაზღვეული, პოლიკლინიკაში მისვლისას იხდის 15-20 ლარს და კერძო კლინიკებში რა ვითარებაა ამ მხრივ, ეს მათი პრობლემაა", - განუცხადა "რეზონანსს" კრაწაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved