სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ფაქტობრივად, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ექიმზეა დამოკიდებული"
    მარი ჩიტაია
    28.11.2017

     კლინიკებსა და აფთიაქებში მიმართვამ მასობრივად იმატა. ეს ნიშნავს, რომ ხალხი დაავადებულია, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. ბოლო წლებში ხალხს ჯანმრთელობა ძალიან შეერყა, რაც, პირველ რიგში, უკავშირდება მძიმე ეკოლოგიურ ფონს, არასრულფასოვან კვებას, სტრესს და თანამედროვე ცხოვრების წესს, მათ შორის, ტექნოლოგიების განვითარებას. ცალკე თემაა კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე გადასული ახალგაზრდობა, რომელიც უკვე ფსიქიკურადაც დაავადდა.

    ამიტომ ჩვენი მოქალაქეები მუდმივად ექიმებში სიარულს უნდებიან, ასე არ იყო ადრე. ერთი მხრივ, კარგია, რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი ძალიან დაავადდა. ადამიანები ექიმებსა და წამლებზე გახდნენ დამოკიდებულნი, რაც დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომაა, რომ კლინიკები და აფთიაქები სოკოებივით მატულობს და ყველგან რიგებს ვერ აუდიან.

    სამედიცინო სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი მარინა ბერაძე ექიმებზე მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდას ქვეყანაში ჯანდაცვის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.

    "ეკოლოგია, გარემო პირობები, არასრულფასოვანი კვება, სტრესი და სხვა ნამდვილად არის მიზეზი, რის გამოც ხალხი დაავადებულია. ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, მერწმუნეთ, ანალოგს ვერსად იპოვით. მოქალაქეების უდიდესი რაოდენობა სისტემატურად დადის აფთიაქებში და, ფაქტობრივად, მიჯაჭვულია წამლებს.

    მთლიანობაში, ეს არის ჯანდაცვის სისტემის პრობლემა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მთავარი მიზანია მოსახლეობის გამოჯანმრთელება და მთელი სისტემა ამას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ საპირისპირო შედეგს ვიღებთ: დაავადებულთა რაოდენობა იზრდება და მერე მოგვწონს თავი, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარებით "გამოჯანმრთელებაში", მათ შორის, ოპერაციების დაფინანსებაში და სხვა. საბოლოო ჯამში, ეს არის კერძო სექტორისა და ბიზნესის ინტერესი, კერძოდ ფარმაცევტული სფეროსი. ისინი მიბმულნი არიან სადაზღვევო ინდუსტრიასთან, კლინიკებთან და ექიმებიც მათ მიერაა დაქირავებული.

    ასეთ დროს სახელმწიფოს ინტერესი ნაკლებად არის გათვალისწინებული. მეტიც, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება სწორედ იმის გამო, რომ მედიკამენტებს არასწორად იღებენ. არც ერთი ორგანიზაცია არ არის საქართველოში, რომელიც პაციენტის მიერ მიღებული წამლების გვერდით მოვლენებს იკვლევს. ამის აღწერა არ ხდება, სტიქიურად მიდის ყველაფერი, რის გამოც მოსახლეობა სულ უფრო დამოკიდებული ხდება კლინიკებსა და აფთიაქებზე. ყოველ ნაბიჯზეა აფთიაქები, ერთი ფირმის ან სხვადასხვა დასახელების, რაც კატასტროფაა", - აცხადებს ბერაძე.

     კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც იგი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ყურადღებას ამახვილებს, კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების ზრდაა, რაც ახალგაზრდებში ფსიქიკურ პრობლემას იწვევს.

    "კაზინოებზე დამოკიდებულების პრობლემა ნარკომანიას უთანაბრდება. სამწუხაროდ, ის ნებადართულია და შედეგიც ადეკვატური გვაქვს. ახლა ცდილობენ, ეს საკითხი მოაგვარონ და ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. ახალგაზრდას სამორინემდე მისასვლელ გზაზე დაბრკოლება თუ არ ექნება, მისი ცუდი მაგალითი ყოველთვის სწრაფად გავრცელდება. ასეთი მოქალაქე სახელმწიფომ უნდა დაიცვას, რაც არ არის მარტივი, მაგრამ შესაძლებელია.

    ზოგადად, ძალიან ცუდი ტენდენციაა საქართველოში, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ყიდულობს წამლებს, თანაც ეს არის არა ერთი დასახელება, არამედ ბევრი. ამისთვის აფთიაქებში წამახალისებელი აქციებია, რაც მეტს იყიდი, მოქმედებს ბონუს სისტემა და სხვა. ეს რეკლამის შესახებ კანონის მუდმივი დარღვევაა. რეცეპტის სისტემა შემოვიტანეთ, მაგრამ არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია. სისტემური მიდგომა თუ არ იქნა, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ და ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო გახდებიან ექიმებსა და წამლებზე დამოკიდებულნი", - ამბობს მარინა ბერაძე.

    საბოლოოდ ამ პროცესს მივყავართ იმისკენ, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტებს, შესაძლოა, ზედმეტ სამედიცინო პროცედურებს და წამლებს უნიშნავენ, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. მსგავს ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი.

    "კლინიკების სიჭარბე-სიმცირეზე საუბარი ცოტა უხერხულად მეჩვენება. რამდენიც არის ბაზარზე მოთხოვნა, შესაბამისად, კლინიკაც იმდენია. მათი უმეტესობა კერძო სექტორს ეკუთვნის. კაპიტალში რესურსის დამატებას საჭიროდ თუ მიიჩნევენ, მათ რიცხვს კიდევ შეიძლება დაემატოს.

    ხშირ შემთხვევაში, პაციენტის უკან არ დგას კომპეტენტური ინსტიტუტი, რომელიც იქნება დაინტერესებული, რომ პაციენტებს ჩაუტარონ ყველაზე ეფექტური მკურნალობა. ამ ფუნქციას სადაზღვევო ინდუსტრია ასრულებს. თუ პაციენტის უკან სადაზღვევო კომპანია არ დგას, რომელმაც შეიძლება გააკონტროლოს პაციენტის მიმართ გაწეული მომსახურების ხარისხი, პრობლემა ყოველთვის იქნება. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს, შესაძლოა, ჩაუტარონ არასაჭირო სამედიცინო პროცედურა და დაუნიშნონ ზედმეტი წამლები. ეს ინსტიტუციური პრობლემაა საქართველოში, რადგან საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ სადაზღვევო ინდუსტრიას წაართვა ის რესურსები, რომელსაც იგი სამედიცინო კონტროლის მიზნით იყენებდა", - აცხადებს მეგრელიშვილი.

    სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ სოციოლოგებიც, რომელთა შეფასებითაც, ჯანდაცვა დღეს განხილულია როგორც ბიზნესი და არა როგორც სოციალური სერვისი.

    "კლინიკებსა და აფთიაქებზე მოთხოვნა ჯანდაცვის პროგრამებმა გაზარდა. ადრე ექიმთან ვერ მიდიოდნენ, რადგან საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობამ გამოიწვია ის, რომ ახლა ხალხი ექიმებს მუდმივად მიმართავს. ფაქტობრივად, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ექიმზეა დამოკიდებული. ასეა დიდ ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში. სოფლებში ცოტა სხვა სიტუაციაა და მიმართვა, შესაძლოა, ცოტათო ნაკლებიც იყოს.

    ეპიდემიური აფეთქება არ მომხდარა, მაგრამ აშკარად არის ჯანმრთელობის პრობლემა ქვეყანაში. ადრე, ერთი ან თუნდაც ნახევარი საუკუნის წინ, ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ექიმთან არც კი იყო ნამყოფი. ესეც არაა მთლად ნორმალური, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, საერთოდ საოცრებაა. არადა, ადამიანებს ნამდვილად აქვთ ექიმთან ვიზიტის საბაბი, ხალხი დაავადებულია, შეცვლილია გარემო, ცუდად იკვებებიან, არის სტრესი და სხვა სოციალური ფაქტორი, რაც ჯანმრთელობაზე აისახება.

    პრობლემაა ისიც, რომ ექიმები ზედმეტ წამლებს წერენ, სცოდავენ აფთიაქებშიც, სადაც პაციენტებს რეცეპტის გარეშეც უწევენ რეკომენდაციას და წამლის ყიდვას "აიძულებენ". საქართველოში ჯანდაცვის სისტემა მოგებაზეა ორიენტირებული და ამიტომაც გახსნილია კლინიკები, როგორც საწარმოები. ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოგებას უყურებს", - აღნიშნა პაატა აროშიძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter