სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამბავი რუსეთის ჯილა დავით მეორე იმერეთის მეფისა და მისი ძე, დატყვევებული კონსტანტინესი
    მამუკა ნაცვალაძე
    18.11.2017

     მეთვრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიამ, ფაქტობრივად, ვერდიქტი გამოუტანა საქართველოს. ტოტლებენის ავანტიურა, მისი წინასწარ დაგეგმილი ღალატი, რომელიც გამორიცხულია, თავად თაღლითი გენერლის ინიციატივა ყოფილიყო, აშკარად გამოხატავდა ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკურ განწყობას. ეს იყო გზავნილი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა ანტირუსული მოვლენა იყო.

    სწორედ ამ ფონზე ვითარდება საქართველო-რუსეთის მთელი შემდგომი პერიოდის ისტორია. რუსული იმპერიული პოლიტიკა საკმაოდ მოქნილია, რუსეთი უამრავ სტრატეგიასა და ტაქტიკას ფლობს იმისათვის, რომ მისთვის სასურველი სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში. ერთ-ერთი სტრატეგიაა შიდა დაპირისპირების პროვოცირება და შემდგომ მისი გამოყენება.

    ხშირ შემთხვევაში რუსეთს ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირების პროვოცირებისათვის დიდი ენერგია არ სჭირდება - ჩაკეტილ კავკასიურ სივრცეში ისედაც უამრავია ასეთი ფაქტები. ამ მხრივ იმერეთის სამეფო კარზე დატრიალებული მოვლენები მეტად საგულისხმო დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.

    როგორ მოუგრიხა კისერი სოლომონ პირველმა ოსმალეთის იმპერიას

    ამ დროს სოლომონ პირველი ზეობს იმერეთში, კაცი, რომელიც ქვეყნის ინტერესებისათვის არად აგდებს არც დედას, არც ბაბუას, იოლად სძლევს ვიწროფეოდალურ აზროვნებას და საერთო ქართულ ორიენტირს უსახავს საკუთარ თავსაც და იმერეთის სამეფოსაც. 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომის კავკასიური ფრონტის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი სწორედ სოლომონია, რომელიც, მიუხედავად რუსთა ღალატისა, იოლად ახერხებს ოსმალთა ბასტიონის - ქუთაისისა და შორაპნის ციხეების მოშლას.

    ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რამდენადაც ოსმალოს ამის შემდეგ უკვე აღარ შეუძლია, სასურველი პლაცდარმი დაიგულოს შუაგულ საქართველოში, რაც მსოფლიო ბატონობაზე მოსურნე სახელმწიფოსთვის მთლიანი კავკასიის დაპყრობის წინაპირობაა.

    ბუნებრივია, სოლომონს ორმაგი თამაში უწევს - ოსმალეთის აშკარა აგრესია, სურს, რუსეთის მეშვეობით გაანეიტრალოს. თითქოს უნდა იცავდეს რუსეთი იმერეთის მეფის ინტერესს, მათი საერთო მიზანი საფუძველი უნდა იყოს ინტერესთა თანხვედრისა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, მაგრამ მზაკვრული პოლიტიკა, რასაც პეტერბურგის საიმპერატორო კარი მიმართავს, ამ ლოგიკას არ ექვემდებარება, საკუთარ მარწუხებში, სურს, მოაქციოს მთლიანი საქართველო - ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარისთვის მისი მომხრისა და მოკავშირის მოსპობა და განადგურება აღმოჩნდა პრიორიტეტი.

    ურევია თუ არა რუსების ხელი სოლომონ პირველის სიკვდილში

    ამიტომაც წაგებული თამაში უწევს ერეკლე მეორესაც და სოლომონსაც. 1783 წლის ტრაქტატი სწორედ ამ ფონზე ფორმდება, მას ძალადობრივი პოლიტიკური სპექტრი ახლავს თან. 1779 წელს საეჭვო ვითარებაში კლავენ ერეკლე მეორის უფროს შვილს, ლევანს, რომელსაც სამეფო ტახტი ეკუთვნის და ვისაც აშკარად ანტირუსული განწყობა აქვს. ამ პერიოდს საეჭვოდ ემთხვევა მომავალი მეფის - გიორგი მეთორმეტის მოწამვლა. ეს 1784-ში ხდება. ამავე წელს მოულოდნელად კვდება იმერეთის მეფე სოლომონ პირველიც.

    მოვლენების ასეთი თანწყობა აშკარად რუსულ ინტერესშია, რუსული აგენტურა მრავლადაა იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფო კარზე და მისთვის სასურველ მოვლენათა განვითარება რუსთა მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ ღვთის ნებითა და განგებით, ვერ აიხსნება.

    განსაკუთრებულად საეჭვოა რუსეთის საიმპერატორო კარის სიმპათია ქართველი მეფებისადმი დაპირისპირებული პერსონების მიმართ. ეს სწორედ ის სტრატეგიაა, ძირი რომ უნდა გამოუთხაროს ქართულ სახელმწიფოებრიობას და საბოლოო დასამარებამდე რომ უნდა მიიყვანოს ინერციით.

    სწორედ ამ რეალობისას ჩნდება ასპარეზზე დავით მეორე - სოლომონ პირველის ბიძაშვილი, რომელიც იმერეთის ტახტზე სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ადის. სამეფო კარზე დაწინაურებული ფეოდალები სარგებლობენ იმით, რომ სოლომონის შვილიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე ამ დროს 6 წლისაა, მისი ძმისშვილი დავით არჩილის ძე კი - 11-ის.

    როგორ გახდა იმერეთის მეფე დავით მეორე რუსეთის იმპერიის ჯილა

    კანონიერ მემკვიდრეთა მწირეწლოვანებით სარგებლობს დავითი, რაც ყველაზე საცნაურია, ის განსაკუთრებული ჯილა ხდება რუსეთის საიმპერატორო კარისა.

    აქ მისი პრორუსული განწყობა მხოლოდ ერთი ასპექტია ამ რეალობის ასახსნელად, მთავარი მიზეზი მისი გამორჩეულობისა სოლომონსა და მის შთამომავლებთან დაპირისპირებაა. ეს შიდა არეულობა განსაკუთრებულად ხელსაყრელია რუსეთისთვის, რომელიც მომავალ გეგმებს უმიზნებს და ჯერ იმერეთისთვის არ სცალია. 1774 წელს თურქეთთან ქუჩუკ-კაინარჯის ზავით ხომ მან დასავლეთი საქართველო ოსმალთა გავლენის სფეროდ აღიარა.

    ამას გარდა, დავით მეორეს აშკარად ანტიოსმალური განწყობა აქვს. ზემოთ მითითებულ ფაქტორებთან ერთად ეს რეალობაც ქმნის აშკარა სურათს, რომ დავით მეორემ რუსეთის თამაში უნდა ითამაშოს. პირველი ნიშანი ამისა სწორედ ისაა, რომ ტახტზე ასვლისთანავე იმერეთის მეფე გზავნის ელჩობას რუსეთში. ეს ელჩობა საკმაოდ წარმომადგენლობითია - დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი მაქსიმე აბაშიძე, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი და ცნობილი დიპლომატი ბესარიონ გაბაშვილი, რომელნიც რუსეთის იმპერატორს მიმართავენ, დასავლეთ საქართველოსთანაც დადოს ერეკლეს ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულება.

    რატომ არ გაუფორმა რუსეთმა იმერეთის სამეფოს მფარველობის ხელშეკრულება

    ბუნებრივია, ამ ფონიდან აშკარაა, რომ რუსეთს ჯერ დასავლეთი საქართველოსთვის არ სცალია, ის მეთოდურად უნდა მივიდეს იმერეთის სამეფოს ანექსიამდე, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი ქართლ-კახეთის სრული ანექსიაა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში პოზიციების განმტკიცებაც საშური საქმეა, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ თურქეთთან ახალი კონფლიქტის საფუძველი არ გახდეს.

    ამიტომაც იწყებს სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი ინტრიგების ქსელის ხლართვას. წინასწარ ნათელია, დავით მეორის ტახტზე ასვლა რომ განსაკუთრებულად დაძაბავს საშინაო პოლიტიკურ ვითარებას. სოლომონ პირველის დროს დაწინაურებული ფეოდალი ბერი წულუკიძე, მეფის ცოლისძმა, კარგავს უფლებებს, არადა, ეს ის წულუკიძეა, სოლომონს რომ ხშირად უხუმრია - მეფე მე კი არა, წულუკიძე არისო.

    დავით მეორესაც ჰყავს ფავორიტი - განსაკუთრებულად ეიმედება ცოლის ნათესავის, ქართლიდან გადმოხვეწილი ქსნის ერისთავის - ელიზბარის. ეს ელიზბარიც საკმაოდ საიმედო მოკავშირე უნდა იყოს რუსთა გეგმების, ის ხომ ერეკლე მეორესთანაა დაპირისპირებული. ქსნის ერისთავთა ნაწილს მამულები ჩამოართვეს და, ბუნებრივია, აშკარაა ერეკლეს საწინააღმდეგო მათი განწყობა.

    ამბავი სოლომონ მეორის აღსაყდრებისა

    ეს პოლიტიკური ვაკჰანალია ნამეტანი ეძვირფასება რუსეთს, ბუნებრივია, ცდილობენ საკუთარი გავლენის სფეროების აღდგენას სოლომონ პირველის მომხრე ფეოდალები და ამას ახერხებენ მხოლოდ ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ. მათი ჯილა ერეკლე მეორის შვილიშვილი, სოლომონ პირველის ძმისშვილი დავით არჩილის ძეა.

    სწორედ დავით არჩილის ძე აიყვანეს ტახტზე 1789 წლის 11 ივლისს სოლომონ მეორის სახელით. სამეფო სახელის შერჩევაც სიმბოლური იყო, ეს აშკარა განაცხადი იყო იმისა, რომ სოლომონ მეორე თავისი მოსახელის, სახელოვანი სოლომონ პირველის პოლიტიკის გამგრძელებელი იქნებოდა.

    ორივე მეფე - პაპა და შვილიშვილი - ერეკლე და სოლომონი ერთ აზრზე არიან, მათი შეუვალი პოზიციის გატეხვას ნამეტანი ჩახლართული ინტრიგები სჭირდება, სწორედ მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის სჭირდებოდა რუსეთს დავით გიორგის ძე და ამიტომაც უჭერდა მხარს.

    არ გამოდგა იოლი სოლომონის მეფობის დასაწყისი. დავით მეორე ცდილობს დაკარგული პოზიციების აღდგენას, არაფერს ერიდება, არც შეთქმულებას და არც შეიარაღებულ წინააღმდეგობას. ბუნებრივია, ეს ადამიანური ვნებებითაა განპირობებული და პირველობისკენ სწრაფვაც ამიტომ უნდა მეფის ტახტიდან გადაყენებულს, მაგრამ ამ ვნებებს უკან რუსეთი დგას, თუმცა ისე, რომ აშკარად ჯერ არ ჩანს, ჩრდილოელი მეზობლის მზაკვრობა სულ რამდენიმე წელში გაიშიფრება.

    პირველი შეიარაღებული მცდელობა ტახტის დაბრუნებისა 1790 წელს ხდება. იმძლავრა სოლომონმა, მიუხედავად ახალგაზრდობისა, მხნედ უხვდება ბიძაშვილს, ამარცხებს კიდეც და ფიცის დადებასაც სთავაზობს ერთგულებაზე. ალბათ იცის მისი მერყევი ხასიათი და მოწმედ ერეკლე მეორისა და ახალციხის ფაშის წარმომადგენლებს უხმობს.

    რატომ არ ჰქონდა დავითის ფიცს ფასი

    ფიცის გატეხვა ვერ მოიშალა დავითმა, ახლა მოკავშირეების ძიება დაიწყო და იპოვა კიდეც - იმერეთის მეფესთან თავიანთი ანგარიშები აქვთ ახალციხის ფაშას, გრიგოლ დადიანს, აბაშიძეებს.

    შეთქმულება კარგს არაფერს უქადის სოლომონს. იმერეთის მეფეს დაპირისპირებულნი წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას, თუმცა ნაადრევი აღმოჩნდა მათი ხელების ფშვნეტა - სოლომონმა შეთქმულების შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა, სათანადოდ დაესაჯა მეფობის მაძიებელი.

    ისევ ნაცარი წაიყარა თავზე დავით გიორგის ძემ, მოკუნტული ეახლა სოლომონს, ერთგულებაც შეჰფიცა და მძევლად საკუთარი სამი წლის შვილი კონსტანტინე მიჰგვარა მეფეს. სახელი აქვს გატეხილი დავითს, კარგად იციან, რომ არ მოისვენებს, იმასაც ხვდებიან, რომ სამი წლის კონსტანტინეს მძევლად დატოვება მხოლოდ შირმაა დროის გასაყვანად, თუმცა ისევ ენდობიან.

    ისევ აბუნტებს დავითი დადიანსა და გურიელს, ისევ ცდილობს, აამღვრიოს წყალი იმერეთის სამეფოში. მის მოკავშირეებსაც თავიანთი გათვლები აქვთ და იოლად დაჰყვნენ მეფობას მაძიებლის სურვილს. ნამეტანი ემძიმებათ მეფის გაძლიერება.

    მძევლად დატოვებული ძე არანაირი შეფერხება არაა დავითისთვის, ხვდება ალბათ, ამაზე მეტს ვერაფერს დაუშავებენ მის შვილს, მუხურის ციხეში გამომწყვდეულია პატარა კონსტანტინე. და ეს იზოლაცია არის ბავშვის დასჯის უკიდურესი ფორმა - ამის იქით მისი სიკვდილით დასჯაა, რასაც მეფეს არც ერი, არც ბერი და არც ისტორია არ აპატიებს, ჰოდა, ისევ ხელფეხგაშლილია დავითი, ისევ იბრძვის მედგრად.

    როგორ გაცხადდა სოლომონის საწინააღმდეგო ინტრიგების რუსული კვალი

    1794 წელს ქუთაისზე მიაქვს იერიში. სოლომონს პაპამისმა მიაშველა ჯარი, ალექსანდრე ბატონიშვილი მედგრად უდგას საკუთარ დისშვილს. დავით გიორგის ძეს - ისევ დადიანი.

    იმძლავრა მეფეთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, კუდით ქვა ასროლინეს დავითსაც და დადიანსაც. სხვა გზა აღარ დარჩენია დავითს - ახალციხეში გადადის ფაშის კარზე. სწორედ იქ შეეყარა ყვავილი და ამ დაავადებას გადაჰყვა კიდეც.

    თითქოს აღარ სჭირდებათ მძევალი კონსტანტინე მუხირის ციხეში, თუმცა რატომღაც მის გათავისუფლებას არავინ ფიქრობს. სწორედ ეს ბადებს ბევრ კითხვას. აშკარაა, ჩახლართულადაა საქმე. ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი - გავა სულ რაღაც რვა წელი და 1802-ში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პირველი საგანგებოდ გამოაგზავნის საგარეო საქმეთა მოხელე სოკოლოვს იმერეთის მეფე სოლომონ პირველთან კონსტანტინეს გათავისუფლების მოთხოვნით. ერთი რიგითი ქართველი ყმაწვილის გათავისუფლებისათვის საგანგებო მისია ნამეტანი დიდი პატივია. აშკარაა, ჩრდილოელს კონსტანტინე დიდი პოლიტიკური თამაშებისთვის სჭირდება.

    რუსეთი ფსონს ისევ ინტრიგებზე დებს. სამწუხაროდ, ურთიერთობის სხვა ფორმა მისთვის დღემდე უცნობი რჩება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter