სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უცნობი ისტორიები მე-18-19 საუკუნის ცნობილი ქართველი დიპლომატის ცხოვრებიდან
    ია აბულაშვილი
    06.11.2017

     ქართველი მოგზაურების შესახებ არაერთი საინტერესო მასალა შემოგვინახა ქართულმა ისტორიოგრაფიამ. დღევანდელ სტატიაში, გვინდა, მკითხველს შევთავაზოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტი მე-19 საუკუნის ქართველი მოგზაურის, დიპლომატისა და მწერლის - გიორგი ავალიშვილის შესახებ, რომელმაც 1819-1820 წლებში იმოგზაურა თურქეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში.

    ეგვიპტეში პირადად შეხვდა ეგვიპტის ფაშა მაჰმედ ალის და სხვა წარჩინებულ სახელმწიფო მოღვაწეებს. მოგზაურობის დროს ნახული და განცდილი შთაბეჭდილებები კი აღწერა თავის თხზულებაში "მგზავრობა", რომელსაც თან დაურთო საკუთარი ხელით შესრულებული გეოგრაფიული რუკა და ილუსტრაციები.

    როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, გიორგი ავალიშვილი 1769 წელს დაიბადა ქართულ არისტოკრატიულ ოჯახში. მისი მამა იოანე მეითარი ერეკლე მეორესთან დაახლოებული პირი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაობლებულ ბავშვებს მზრუნველობას უწევდა გიორგის უფროსი და მარიამი, რომელიც ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე იყო. სწორედ გარსევან ჭავჭავაძემ წაიყვანა 15 წლის გიორგი ავალიშვილი პეტერბურგში, როდესაც იგი საიმპერატორო კარზე ქართლ-კახეთის მინისტრ-რეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა.

    გიორგი ავალიშვილმა პეტერბურგში მიიღო განათლება და დიპლომატიური მოღვაწეობისთვის ემზადებოდა. მალევე გახდა ქართული საელჩოს მდივანი, მაგრამ სამი წლის შემდეგ გარსევან ჭავჭავაძესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და მეფე ერეკლეს სამეფო კარზე მდივნისა და ბაზიერთუხუცესის მოვალეობას ასრულებდა.

    სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ერეკლეს კარზე პირველ ქართულ თეატრს, რისი ინიციატორიც გიორგი ავალიშვილი იყო. მას დაუდგამს დრამა "მეფე თეიმურაზი".

    1791 წელს ერეკლე მეორის დავალებით იგი დიპლომატიური მისიით გაემგზავრა სპარსეთში. პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს 50-ზე მეტი თხზულება, როგორც საერო, ისე სასულიერო. ქართულ ენაზე თარგმნა ევროპელი და რუსი მწერლებისა და ფილოსოფოსების - ერმაზ როტერდამელის, ვოლტერის, მილტონის ნაშრომები, ასევე, დერჟავინის, ლომონოსოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

    რამდენიმე საინტერესო ისტორია გიორგი ავალიშვილის მოგზაურობიდან:

    1819-1820 წლებში დიპლომატიური მისიით გაემგზავრა საზღვარგარეთ. კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, კაირო- იერუსალიმი - ასეთი იყო მარშრუტი. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ეს მოგზაურობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ძველი ქართული მწიგნობრობისა და ლიტერატურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თხზულება "მგზავრობა" თურქეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში, რომელშიც ავტორი გადმოგვცემს საინტერესო ცნობებს მე-19 საუკუნეში აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკის, ყოველდღიური ცხოვრების, ზნე-ჩვეულებების შესახებ და, ასევე, ეგვიპტეში მცხოვრებ ქართველებზე.

    მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ავალიშვილმა ჩამოიტანა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წიგნთსაცავის კუთვნილი, ეტრატზე ნაწერი 9 უძველესი ქართული ხელნაწერი, რომლებიც ჯვრის მონასტრიდან წამოიღო ქალაქ პეტრას მიტროპოლიტ მიხაილისა და წმინდა სინოდის ნებართვით. ეს ხელნაწერები რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აზიის მუზეუმმა შეისყიდა. გასული საუკუნის 20-იან წლებში პეტერბურგის აზიის მუზეუმში დაცულ 88 უძველეს ქართულ ხელნაწერთან ერთად ეს ხელნაწერები საქართველოში დაბრუნდა.

    საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ეგვიპტელი ქურუმი გოგონას - თახარისის მუმია, რომელიც მე-19 საუკუნეში გიორგი ავალიშვილმა კაიროდან ჩამოიტანა. ისტორიკოსთა თქმით, მას მუმია 2 ათას ოქროდ შეუძენია. იგი ჩ.წ.ა.-მდე ქ|| საუკუნით თარიღდება და როგორც სარკოფაგის წარწერიდან გახდა ცნობილი, ქურუმი გოგონა ქალღმერთ მუტის მსახური ყოფილა.

    ლეგენდაა თუ მართალი, არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ მე-19 საუკუნის თბილისში ეს ამბავი ბევრმა იცოდა - გიორგი ავალიშვილმა მუმია რომ შეიძინა, მხარზე მოკიდებულმა მთელი ეგვიპტე შემოიარა. უკანა გზაზე საზღვარზე ტვირთს არ ატანდნენ და ასეთი ეშმაკობისთვის მიუმართავს - მესაზღვრეებისთვის უთქვამს, ბებია მყავდა პირამიდების სანახავად წამოყვანილი ეგვიპტეში, მოულოდნელად მომიკვდა და ახლა სამშობლოში მივასვენებო. ასე ჩამოუტანია თბილისში გიორგი ავალიშვილს კაიროდან მუმია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter