სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    28.10.2017

     "ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც, ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით. სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია", - წერდა "ნიუ-იორკ თაიმსში" აშშ-ის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე უილიამ რაილი ნიუ-იორკის ვიცე-მერზე, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავზე, რომელსაც ეს თანამდებობა 1967-1973 წლებში ეჭირა.

    დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ ემიგრაციაში დაბადებული ჩვენი თანამემამულის ცხოვრებიდან რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელმაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანა არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის - ნიუ-იორკის აღმშენებლობაში, არამედ უანგაროდ ეხმარებოდა თავის სამშობლოს.

    კონსტანტინე სიდამონ ერისთავი, რომელსაც ამერიკაში კონი ერისთავად იცნობდნენ, დაიბადა მანჰეტენზე 1930 წელს ქართველი ემიგრანტის ოჯახში. მამა, სვიმონ სიდამონ-ერისთავი იმპერიის არმიის პოლკოვნიკი იყო. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო კარიერა ქართულ არმიაში გააგრძელა. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ამერიკაში ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი ენ ბიგლიუ-ტრეისი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა - კონსტანტინე და ანა.

    კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო პრისტონის უნივერსიტეტში სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა სამთო ინჟინრის დიპლომით. შემდეგ მსახურობდა არმიაში, კორეაში მსახურობის დროს ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან - ანასთან ერთად, რომელიც ასევე იურისტი იყო, საკუთარი იურიდიული ბიურო გახსნა.

    როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, 1957 წელს იქორწინა ენ ფილიპსზე. მათ შეეძინათ სამი შვილი - სიმონი, ელისაბედი და ანდრია. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში, 40 წლის განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი.

    1965 წელს ნიუ-იორკის მერის არჩევნებში რესპულიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის ყურადღება პარტიის აქტიურმა წევრმა კონი ერისთავმა მიიპყო და მას წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა მიანდო. გამარჯვების შემდეგ ნიუ-იორკის ახალმა მერმა ჯონ ლინდსმა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი საავტომობილო მიმოსვლის დარგში თავის თანაშემწედ დანიშნა.

    ნიუ-იორკის ვიცე-მერის თანამდებობას კი კონი ერისთავი 1967 წლიდან 1973 წლამდე იკავებდა. სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაზე გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა.

    გარდა პოლიტიკისა, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი აქტიურად იყო დაკავებული გარემოს დაცვის პრობლემებით, იგი ამ საქმეში 1974 წელს გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა ჩააბა. 1983 წლიდან 1993 წლამდე ნიუ-იორკის მეორე რეგიონის (ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, პუერტო რიკოს და ვირჯინიის კუნძულები) გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მისი ძალისხმევით შეიქმნა ისეთი პროექტები, რომლებიც დღესაც მუშაობს აშშ-ის გარემოს დაცვის სისტემაში. ზედამხედველობდა პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ინდუსტრიულ ნარჩენებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ოკეანის დაბინძურებას.

    მისი ბიოგრაფები იმასაც წერენ, რომ ამერიკაში დაბადებული და გაზრდილი კაცი ქართულ ადათ-წესებს და ტრადიციებს სიცოცხლის ბოლომდე პატივს სცემდა. ქართული სათვისტომოს ღონისძიებებს, საღამოებს ყოველთვის ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ესწრებოდა. ქართულ ქულაჯსა და ჩოხაში გამოწყობილი მივიდა მაშინაც, როცა ამერიკელმა ქართველებმა ზეიმით აღნიშნეს ქართული სათვისტომოს დაარსების 70-ე წლისთავი ნიუ-იორკის "ბოტანიკალ გარდენში", სადაც მიწვეული იყვნენ კანზასის შტატის სენატორი სემ ბრაუნბეკი, კენკუტის შტატის სენატორი მიჩ მაკონელი, კენტ ბრაუნი, უილიამ კორტნი, ჩაკ საგელი და სხვები.

    საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც იურიდიულ დახმარებას უწევდა და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაესაქმებინა. გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა საქართველოს დამოუკიდებელი რესპბულიკის მთავრობის მიერ გატანილი არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სოლიდური თანხა გაიღო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ხელმძღვანელობდა კავკასიურ სახლ "ალავერდს", რომელიც კავკასიელთა თავშეყრის ადგილი იყო.

    1989 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი შვილებთან ერთად პირველად ეწვია სამშობლოს. მოიარა მთელი საქართველო, მოინახულა წინაპრების სასახლე ანანურში. ამის შემდეგ იგი კიდევ ხუთჯერ ესტუმრა საქართველოს, 1994 წელს კი მისი ინიციატივით დაარსდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები", რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო სიცოცხის ბოლომდე. აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის - პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ ჭავჭავაძე.

    ამ საზოგადოების მეშვეობით საქართველოში უამრავი ჰუმანიტარული პროექტი განხორციელდა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. როგორც ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი წერს, საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ბედიაში შეიძინეს სახლები, სადაც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან ერთად პედაგოგებიც ცხოვრობდნენ.

    ფონდი ეხმარებოდა თბილისის ფერისცვალების მონასტერთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს, ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ კლინიკას, ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს და მოხუცებს.

    დღეს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის დაწყებულ საქმეს მისი შვილები აგრძელებენ. ბაბუის მოსახელე სიმონ სიდამონ-ერისთავი ვაშინგტონში მოღვაწეობს, გარემოს დაცვის ადვოკატია, ენდრიუ პოლიტიკოსია, ელისაბედი კი მხატვარია, რომელიც ხშირად აწყობს გამოფენას საქართველოში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (18)
    ჩაწერა სახელი
    ფიქრია   (09.11.2017)
    ქართველი ყველგან ქართველად დარჩება, ემიგრანტია ის, თუ არა. საქმე იმაშია, რომ ქართველობა ტვირთია, რომლის წამოკიდებაც ყველას არ შეუძლია. ქართველობა არ არის ეროვნება. არც ქართველად დაბადება ნიშნავს ქართველობას და არც საქართველოში ცხოვრება. ეს სულ სხვა მცნებაა, რაღაცა უკიდეგანობა, რომელსაც არც საზღვარი აქვს და არც ეროვნება გააჩნია. ბევრი არაქართველი მინახავს ქართველზე უფრო ქართველი რომ არის და ბევრი ქართველიც მინახავს, მისი შეხედვა რომ სირცხვილს გაჭმევინებს, სამწუხაროდ...

    რუსუდანი   (06.11.2017)
    მაპატიეთ, გამიწყდა კომენტარი, ვაგრძელებ-მანქანა ვერ გახდება. ასე, რომ ნერვები დაიწყნარეთ, ბატონებო და შეეგუეთ, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ემიგრანტები იქნებით თქვენი მთლიანი შთამომავლობით და ვისაც ეს სიტყვა არ მოგწონთ, აქ დარჩით და საკუთარ სამშობლოს მიხედეთ ისე, რომ აღარ დაგჭირდეთ ემიგრანტობა.

    რუსუდანი   (06.11.2017)
    ძალიან მიკვირს, რომ ზოგიერთის გონება იმდენად მოწამლულია, რომ ვეღარ არკვევს განსხვავებას სამშობლოსა და საცხოვრებელ ქვეყანას შორის. დიახ, ბატონო, არ გაგიკვირდეთ და ემიგრანტი მანამ არის ემიგრანტი, სანამ მის ცნობიერებაში არსებობს სამშობლო... და არ აქვს მნიშვნელობა მისი პაპა წავიდა ემიგრაციაში თუ პაპის პაპა. ფერეიდნელები 4საუკუნის წინ გადაასახლეს საქართველოდან და მათი შთამომავლები დღესაც ქართველებად თვლიან თავს. დაბადებისა კი რა მოგახსენოთ. ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, შეიძლება ადამიანი "გარაჟშიც" დაიბადოს, მაგრამ მანქანა ვ

    მარინა ფალავანდიშვილი   (02.11.2017)
    მინდა ამ სტატიას ერთი საინტერესო ფაქტი დავამატო-80 იან წლებში მეტროპოლიტენის მუზეუმის დათვალერებისას ბატონი რეზო თაბუკაშვილი ქართული ტიხრული მინანქრების უცნობ კოლექციას გადააწყდა,რომელიც ექსპოზიციაში ბიზანტიურ მინანქრად იყო წარმოდგენილი.ვინც იცნობს ამ ადამიანის განუზომელ ღვაწლს ქართული რარიტეტების მოძიება შეგროვებაში არ გაუკვირდება,რომ ბატონმა რეზომ ყველა ღონე იხმარა ამ მინანქრების ფირზე აღბეჭვდის ნებართვის მისაღებად,მაგრამ მეტროპოლიტენის მესვეურებთან ვერაფერი გააწყო.თავიდან ცივი უარი მიიღო,რამდენიმე დღიანი ხვეწნა მუდარის შემდეგ კი ადმინისტრაცია "მოლბა"და გადაღების უფლებაში გარკვეული თანხა მოითხოვა. ეს თანხა სრულიად ასტრონომიული იყო საბჭოთა სამივლინებო გრროშების ამარა დარჩენილი რეჟისორისთვის. იმედგადაწურული რეზო თაბუკაშვილი სასტუმროში დაბრუნდა.მეორე დღე კვირა იყო,მუზეუმი არ მუშაობდა,ორშაბათს კი ბატონი რეზო ნიუ იორკიდან მიემგზავრებოდა. დილით კი სასწაული მოხდა, მეტროპოლიტენიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ყველა პრობლემა მოგვარებული იყო,თანხა გადახდილი,ნებართვა გაცემული და რომ მუზეუმს კვირა დღეს სპეციალურად გადაღების ჩასატარებლად გააღებდნენ.ამ სასწაულის მიღმა კი ბატონი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი იდგა.ასე გაიცნო ბატონმა რეზომ ბატონი კონსტანტინე და მოგვიანებით თავისი დოკუმენტურ ფილმში ამ ფაქტის წვრილად აღწერით საქართველოს გააცნო ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი უანგარო გულშემატკივარი,ხოლო საქართველოში დარჩენილ სიდამონ- ერისთავებს დაკარგული ბიძაშვილის სვიმონის შთამომავლობა აპოვნინა.

    თენგიზი   (31.10.2017)
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული. დიდად სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯეროვან ხელს ვერ ვუწყობთ და არ ვაფასებთ ნიჭიერ და საქმის მცოდნე ადამიანებსდა ისი იძულებულები არიან დატოვონ სამშობლო და ემიგრაციაში წავიდნენ და თავიანთი ნიჭი და ცოდნა მოახმარონ არა სამშობლოს არამედ სხვას!!!

    დავითი თუთბერიძე   (31.10.2017)
    ღმერთმა ასეთი მამულიშვილები უმრავლოს ჩვენს ერს, ძალიან მეამაყება რომ მსოფლიოს უდიდესი მეგაპოლისის მშენებლობაში ერთი დიდი ' ქართული აგური ' ქართველმა კაცმა, დიდი გვარის და ოჯახის შვილმა, ღორსეულად დადო და ჩაიწერა ამერიკის ისტორიაში როგორც გამორჩეული ორგანიზატორი და საქმის ნოვატორი

    რუსუდანი   (31.10.2017)
    დღეს პირველად წავიკითხე ეს სტატია. უზომოდ გახარებული და ამაყი ვარ. უკვე მერამდენე ქართველი ქმნიდა ამერიკის ისტორიის საუკეთესო ფურცლებს. ღმერთმა გვიმრავლოს საკუთარი სამშობლოსთვის მოღვაწე ჭეშმარიტი მამულიშვილები!

    კატო   (31.10.2017)
    აქ ემიგრანტის ოჯახში დაიბადა თუ ემიგრანტი იყო ამისგარდა სხვა საინტერესო არაფერი წერია???

    maka   (30.10.2017)
    saqartvelov shen sada gyavs shvili dasakargavi........

    მანანა   (30.10.2017)
    ხალხნო, ვიდრე კრიტიკას და მითუმეტეს გინებას დაიწყებდეთ, იქნებ ჯობდა ყურადღებით წაგეკითხათ?!

    თორნიკე   (30.10.2017)
    რამდენმა დაწერეთ სისულელე ეხა, მამამისი წავიდა ემიგრაციაში 1921 წელს,და ცოლად შეირთო ელჩის შვილი ,2 შვილი გაუჩნდა, კონსტანტინე და ანა, კონსტანტინე ანუ კონი, ხოდა სტატია ამ კონიზეა...რა იყო აქ გაუგებარი.

    ალექსანდერ   (30.10.2017)
    სად წერია ემიგრანტი იყოო. წერია ემიგრანტის ოჯახში დაიბადაო

    გიო   (30.10.2017)
    აკაკის ვეთანხმები. მართალია და მაგრადაც გამეცინა იბიომატ :}

    ნია   (30.10.2017)
    რას ნიშნავს ემიგრანტის სტატუსი? ამერიკაში ყველა ემიგრანტია და აქ არავინ კარგავს თავის ეროვნულობას 5 თაიბის აქ დაბადებული მეგობარი მყავს რომელიც იძახის რომ ირლანდიელია

    დარიკო 10/29/2017   (30.10.2017)
    რამდენი თაობის შემდეგ იხსნის ადამიანი ემიგრანტის სტატუსს?ასე მთელ ამერიკელ მოსახეობას(ინდუსების გარდა)ემიგრანტი ჰქვია მაშინ.

    natia   (29.10.2017)
    ემოგრანტების ოჯხში დაიბადა

    nino   (29.10.2017)
    sheidleba daibado amrikashi magram darche sulit xorcamde qartveli!alaverdi iyo mshvenieri mosasvenebeli adgili qartvelebistvis,magram ver mouares da rogorc vici dakarges.chemebis daibadnen Ny-shi magram qartvelebi arian da iqnebian!

    აკაკი   (29.10.2017)
    ჯერ წერ ნიუ იორკში დაიბადაო, შემდეგ ემიგრანტი იყოო. იბიომატ თუ ნიუ იორკში დაიბადა ემიგრანტი რანაერად იყო?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter